2017 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი ბენეფიციარებს შაბათს აღარ ემსახურება.
სათნოების სახლის დირექტორი გოგიტა ჩიჩილიძე ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ბენეფიციარები შაბათს საჭმელის წასაღებად არ მიდიოდნენ და მზარეულს ტყუილად შრომა უწევდა.
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პარასკევს შაბათისთვის ბენეფიციარებს სახლში მხოლოდ პურს ატანენ. შაბათს გათვალისწინებულ საკვებს – ლობიო, თევზი, ყველიანი ან ხორციანი მაკარონი და ლიმონათი – კვირის სხვა დღეებში ამზადებენ.
„შაბათს ხარჯს ტყუილად ვწევდით, – ამბობს გოგიტა ჩიჩილიძე, – შაბათი დღის ეკონომიით არაჟანს, ჯემსა და ბულკს დავამატებთ და მენიუს უფრო გავამრავალფეროვნებთ. კვირის ამ დღეს მომსახურების გაუქმება მარტო ჩემი აზრი არ არის. გამოვკითხეთ ბენეფიციარები და შევუთანხმდით. არავის გაუპროტესებია. რამდენიმე ადამიანია, რომელიც საერთოდ ყველაფრით უკმაყოფილოა.“
სათნოების სახლის დირექტორის გადაწყვეტილებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი არ ეთანხმება. ის იხსენებს, რომ 2015 წელს ბენეფიციარებმა წერილობით მიმართეს, რომ მათთვის საჭმელი შაბათსაც მომზადებულიყო.
„ბენეფიციარების მომართვის საფუძველზე წერილი მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგებელს, კობა ლურსმანაშვილს, გავუგზავნე, – გვიამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – 2015 წლის სექტემბრიდან მოხერხდა შაბათობით მომსახურების გაწევა. ახლა ბენეფიციართა უმრავლესობა უკმაყოფილოა. დღეს მძიმე სოციალური პირობებია და ამ ადამიანებს უნდა მივეხმაროთ. ხარაგაულის სათნოების სახლი სამოცდაათამდე ბენეფიციარს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, ნახევარზე მეტს მაინც სჭირდება გამოკვებაში შაბათობითაც დახმარება.“
ვარლამ ჭიპაშვილი უცნაურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ წელიწადნახევრის მანძილზე სათნოების სახლის დირექტორმა „ტყუილად გაწეული“ ხარჯის შესახებ საკრებულოს არც ერთხელ არ აცნობა.
დეპუტატი ამბობს, რომ სათნოების სახლის მომსახურება ტენდერზე რამდენიმე მიზეზის გამო არ გაიტანეს. ის აღიარებს, რომ „ადამიანურმა ფაქტორმა გადაწონა“, დასაქმებულთა ბედზე იფიქრეს და სათნოების სახლის თანამშრომლებს სამსახურები შეუნარჩუნეს.
„რაღაცაზე თუ ვამბობთ, რომ ეს არის შეუძლებელი, უნდა გვქონდეს არგუმენტი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მე ვერ ვხედავ ძლიერ არგუმენტებს საიმისოდ, რომ ბენეფიციარებს ავუხსნათ, ბიუჯეტის ფულით რატომ არ შეიძლება ისინი შაბათსაც გამოვკვებოთ.“
ვარლამ ჭიპაშვილი ბენეფიციარებისთვის მიწოდებული საკვების ხარისხის გადამოწმებას გეგმავს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქეთევან ზუმბაძე ყურადღებას მენიუში შემავალი პროდუქტების არასაკმარის რაოდენობაზე ამახვილებს. მისი თქმით, დამტკიცებული მენიუ და პრუდუქტების ჩამონათვალი ერთმანეთს არ ემთხვევა.
„კვების ის პროდუქტები, რითაც მზადდება საჭმელი, კალკულაციაში უნდა იყოს ასახული, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – მაგალითათ, მენიუში არის ქათამი და კალკულაციაში – არა. ამიტომ არ ვიცით, რამდენ გრამ ქათამს აძლევენ თითოეულ ბენეფიციარს. ყველაზე გულდასაწყვეტია საკვებში ხორცის სიმცირე. საქმე გვაქვს მოხუცებთან, რომლებსაც ხორცით კვება ძალიან სჭირდებათ. კალკულაციის მიხედვით, გუფთასა და კატლეტში 59 გრამი დამუშავებული, შეკმაზული ხორცია. თერმული დამუშავების დროს ის წონაში იკლებს. ფაქტობრივად, ეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ნორმაა.
კალკულაციაში არ არის მითითებული შედედებული რძის მოცულობა. 29 გრამი ხორცია გათვალისწინებული ერთ ბენეფიციარზე შილაში. 2 კგ ხორცით 67 კაცისთვის შილა მზადდება. ეს, ჩემი აზრით, არასაკმარისია. მენიუში საერთოდ არ ფიგურირებს შაქარი და კარაქი. ფაფებს ამზადებენ მარგარინზე. შაქარი ფლავში ერთ ბენეფიციარზე 29 გრამია. ეს ორი კოვზიც არაა.
რამდენიმე მოხუცმა მითხრა, რომ 200 გრამი პური მათთვის არასაკმარისია.
სამწუხაროდ, ხარაგაულის სათნოების სახლის ბენეფიციარები, ფაქტობრივად, პურითა და მარგარინით იკვებებიან. ცხოველური ცხიმი მათ საკვებში ძალიან ცოტაა,“ – ამბობს ქეთევან ზუმბაძე.
ნორა დეკანოსიძე ექვსი კვირაა, რაც სათნოების სახლის მომსახურებით სარგებლობს. ნორა ბებია ამბობს, რომ ულუფა არასაკმარისია. „თევზის კუდები მივიღე ორჯერ, მაგრამ არ დამიჩივლია, – ამბობს ნორა ბებია, – სანამ მოთოვდა, თავად დავდიოდი სათნოების სახლში. ახლა საკვები ბინაზე მოაქვთ. ერთხელაც, სათნოების სახლში მისულს მითხრეს, ჯერ არ არის მზად საჭმელი და დაგველოდეო. ფარდა გადავწიე და მომსახურე პერსონალი სადილობდა.
-აბა, თქვენ რას მიირთმევთ-მეთქი, – ვკითხე. ჩემი ნათქვამი ეწყინათ. სხვადასხვა პიროვნებების მორიგეობის დროს ულუფა სხვადასხვა ოდენობისაა. კოვზი მათ ხელშია და ვისთვისაც როგორ სურთ, ისე ანაწილებენ.“
ხარაგაულში მცხოვრები მაია დეკანოსიძე უკმაყოფილოა, რომ შაბათს საკვებს აღარ აძლევენ.
„ორ პურნახევარს მიგზავნიან შაბათისთვის, – ამბობს მაია, – საჭმელი სუფთა და კარგი ნაკეთებია, გემრიელი, მაგრამ მაკა შველიძის დირექტორობისას დიდი ზომის გუფთები კეთდებოდა, – ბანკიდან ამოღება მიჭირდა, ახლა – სულ ჩაშლილია. ქილა სუპით ხან სავსეა, ხან – ნახევრამდეა. გაჭირვებული ადამიანის ლუკმას რატომ უნდა მოაკლო. უკმაყოფილო ვარ ძალიან. პრეტენზია, რომ გამოვთქვი, ზოგჯერ პურის შუა ნაწილიც გამომიგზავნეთ-მეთქი, წამეჩხუბენ.“
ბენეფიციარი ვარვარა ჯღამაძე იბრძვის, რომ შაბათ დღეს ბენეფიციარებმა საკვები ისევ მიიღონ.
„ხელფასი მოგვაკლესო, – ასე მითხრეს სათნოების სახლის თანამშრომლებმა, – ამბობს ვარვარა ჯღამაძე, – ჩვენ რა დავაშავეთ, გაჭირვებულმა ხალხმა. სხვა ქალაქებში სათნოების სახლი კვირასაც მუშაობს.“
ზეინაბ რობაქიძე სათნოების სახლის მომსახურებით კმაყოფილია. მას და მის მეუღლეს გადაადგილება არ შეუძლიათ. ამიტომ მათთან საკვები სახლში მიაქვთ. ქალბატონი ზეინაბი ამბობს, რომ დასვენება სათნოების სახლის თანამშრომლებსაც უნდათ. იგივე აზრისაა ნუნუ კამკამიძე.
რამდენიმე ბენეფიციარს, რომლებმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვეს, შაბათს საკვების მიღება სურთ.
სათნოების სახლის ყოფილი დირექტორის, მაკა შველიძესთვის გაუგებარია, რატომ თქვა უარი ახალმა ხელმძღვანელობამ შაბათს ბენეფიციართა მომსახურებაზე. მაკა გვიამბობს, რომ ყოველ შაბათს, უკლებლივ ყველა ბენეფიციარი მოდიოდა, ვისაც კი ფიზიკურად მისვლა შეეძლო.
ის სათნოების სახლში გაზრდილ შტატებზე საუბრობს და ამბობს, რომ თავად შვიდი თანამშრომლით ყველაფერს უმკლავდებოდა.
„ხუთ ადამიანზე მეტი არ სჭირდება 67 ბენეფიციარის მომსახურებას, – ამბობს მაკა შველიძე, – ახლა ცამეტნი არიან. 220 ლარი მქონდა თავიდან ხელფასი, ბოლოს – 560 ლარი. ახლანდელი უფროსი როგორც კი მოვიდა, ხელფასი 800 ლარი დაინიშნა. გამოდის, რომ წლიურად 82 ათასი ლარი სუბსიდიის დიდი ნაწილი ადმინისტრაციის შენახვას ხმარდება და არა – ბენეფიციარებს. ზოგიერთი თანამშრომელი იქ სულ ტყუილად ზის. ახლა ხელფასები შეუმცირებიათ. რა მივიღეთ – არც ბენეფიციარია კმაყოფილი და არც – მომსახურე პერსონალი.“
სათნოების სახლის დირექტორი გოგიტა ჩიჩილიძე ამბობს, რომ წელს თანამშრომელთა ხელფასები შემცირდა, – დირექტორის – 50 ლარით, ზოგი თანამშრომლის 30-30 ლარით, ზოგის – 20 და 10 ლარით. დირექტორის თქმით, თანამშრომლების გათავისუფლებას ხელფასების შემცირება ამჯობინეს.
2016 წელს სათნოების სახლი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 600 ლარით დაფინანსდა, 2017 წელს 82 ათასი ლარია განსაზღვრული. აქედან ბენეფიციართა კვებაზე 31 ათასი ლარი იხარჯება.
ნინო კაპანაძე
ფოტოებზე: ხარაგაულის სათნოების სახლში; სათნობის სახლის დირექტორი გოგიტა ჩიჩილიძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების