ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან სასკოლო ბუფეტი მხოლოდ ოთხ სკოლაში ფუნქციონირებს, – ხარაგაულის #2,

ვახანის, მარელისისა და ბორის საჯარო სკოლებში.

ხიდრისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების დირექტორების – ეთერი პაპავასა და ლენა აბაშიძის – ინფორმაციით, მათთან სასკოლო ბუფეტებს იჯარის ვადა გაუვიდა. აუდიტორისგან გადამოწმების შემდეგ ბუფეტები კვლავ ამოქმედდება.

ხევის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ხადილაშვილი ამბობს, რომ მოიჯარე ინდმეწარმე აუქციონით უკვე გამოვლენილია. გაზაფხულზე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები მოწესრიგდება და სასკოლო ბუფეტი გაიხსნება.

სასკოლო ბუფეტისათვის შესაბამისი ფართის არარსებობა, შესატყვისი ჰიგიენურ-სანიტარული პირობების შექმნა და ბავშვთა კონტინგენტის სიმცირე, – ეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უმთავრესი პრობლემებია, სასკოლო ბუფეტთან დაკავშირებით.

მოლითის საჯარო სკოლის დირექტორი როლანდი ცუცქირიძე ამბობს, რომ მოლითის საჯარო სკოლაში ბავშვთა კონტინგენტის სიმცირეა, მსყიდველობითუნარიანობა – დაბალი.

„სკოლაში ბუფეტი რამდენიმე წლის წინ ფუნქციონირებდა, მაგრამ დაბალი შემოსავლის გამო მალევე დაიხურა. მოსწავლეები, ძირითადად, სკოლის ახლოს მდებარე მაღაზიებით სარგებლობენ,“ – ამბობს ბატონი როლანდი.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ბუფეტმა 16 იანვრიდან დაიწყო ფუნქციონირება. ბუფეტის მეიჯარე გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ ღვეზელები და ტკბილი ფუნთუშები ყოველ დილით საკუთარი ავტომანქანით მოაქვს ზესტაფონში მოქმედი საკუთარი საცხობიდან. ჩვენი სტუმრობისას ის ღვეზელებს ჰაერ-ღუმელში ათბობდა. მისი აზრით, სასკოლო ბუფეტი წამგებიანი ბიზნესი ნამდვილად არ არის. გიორგი მუმლაძისთვის ეს უკვე მესამე ბუფეტია. ორ ბუფეტი ზესტაფონის სკოლებში აქვს გახსნილი.

„არასაკმარისი ფართის გამო ფუნთუშებსა და ღვეზელებს აქ ვერ ვაცხობთ. ამიტომ მზა პროდუქცია შემომაქვს. ხშირად მოტანილი ფუნთუშები მთელი დღის განმავლობაში არ მყოფნის.  მალფუჭებადი პროდუქტების, კრემიანი ნამცხვრებისა და გაზიანი სასმელების შემოტანა ბუფეტში არ შეიძლება,“ – ამბობს გიორგი მუმლაძე.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა გოგოლაძეს სკოლაში ბუფეტის გახსნა უხარია და თანატოლებთან ერთად მისი ხშირი სტუმარია. სურს, რომ ბუფეტში გემრიელი საკვები გაიყიდოს. მშობელი ხათუნა მანჯავიძე ამბობს, რომ სასკოლო ბუფეტი ძალიან კარგია, რადგან მოსწავლეებს საკვების შესაძენად სკოლის ეზოს გარეთ გასვლა აღარ უწევთ. ეს მათი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ქალბატონი ხათუნა სკოლის ბუფეტის ფასებითაც კმაყოფილია.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის, ვალერი გოგნაძის, ინფორმაციით ბუფეტთან ერთად გარემონტდა და კეთილმოეწყო რესურსოთახი და სპორტის გაკვეთილისათვის გამოსაცვლელი ოთახი. ამისათვის 13 258 ლარი გაიხარჯა. აქედან 8 876 ლარი განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ გამოყო, ხოლო დანარჩენი თანხა – სკოლის ბიუჯეტიდან დაემატა.

ვალერი გოგნაძე ამბობს, რომ ელექტრონულად გამოცხადებულ აუქციონში ორი მიმწოდებელი ჩაერთო. თავდაპირველად საიჯარო თანხად თვეში 40 ლარი იყო გათვალისწინებული. აუქციონზე ვაჭრობის შედეგად ეს თანხა 115 ლარამდე გაიზარდა. პირველ ეტაპზე იყო შენიშვნები გარკვეულ პროდუქტებზე, რაც გამოსწორდა და ახლა მოსწავლეები მომსახურებით კმაყოფილები არიან.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ხარაგაულის საჯარო სკოლების უმრავლესობაში სასკოლო ბუფეტის არარსებობას სკოლების მცირე კონტინგენტიანობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან ფინანსური დაინტერესება ამის გამო დაბალია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის, კახა სოხაძის, თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებში ძირითადად ეტიკეტირების დარღვევებს აწყდება. ასევე ხშირია მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კედლები, იატაკი, სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირები, წყალგაყვანილობა, სპეცტანსაცმელი და ა.შ. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით მდგომარეობა, ბოლო ხანებში, გაცილებით უკეთესია, – ამბობს ბატონი კახა.

საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, – ვკითხულობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე nfa.gov.ge – მოწმდება  სურსათის უვნებლობა, ობიექტის ჰიგიენური მდგომარეობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.
2016 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 – საბავშვო ბაღში და 507 – სკოლაში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებს 2013 წლიდან ამოწმებს. 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 4 სკოლის ბუფეტს. 2015-2016 წლებში კი კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

თამთა გოგოლაძე