ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრმა 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სუბსიდიის სახით, 292 200 ათასი ლარი მიიღო. 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში კი ამ ააიპ-ისთვის 262 ათასი ლარი განისაზღვრა.
ააიპ-ის დირექტორის, ვასილ კიკნაძის, ინფორმაციით, წლევანდელი ბიუჯეტიდან 10-12 ათასი ლარი კულტურულ ღონისძიებებს მოხმარდება, დანარჩენი – კომუნალური, სახელფასო და სხვა ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული. შემცირებული ბიუჯეტის გამო, კულტურის ცენტრში დასაქმებულთა ხელფასები შემცირდა.
„პენსიონერ თანამშრომლებს 100-100 ლარი დავაკელით. ანაზღაურება შემცირდა ადმინისტრაციაში. მთავარია, კადრები სრულად შევინარჩუნეთ,“ – ამბობს ვასილ კიკნაძე.
ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის ანსამბლ „კახორის“ წევრები ანაზღაურებას ამიერიდან კულტურის ცენტრის ბიუჯეტიდან მიიღებენ. ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, მათი ხელფასებისათვის წელს 24 ათასი ლარია გათვალისწინებული.
„ანსამბლ „კახორის“ წევრები მონაწილეობას მიიღებენ ყველა იმ კულტურულ ღონისძიებაში, რომელსაც კულტურის ცენტრი გამართავს. მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი თეატრშიც დავასაქმოთ, – ამბობს ვასილ კიკნაძე, – გასულ წელს კულტურის ცენტრის ორგანიზებით მრავალი კულტურული ღონისძიება გაიმართა.
ყველა ღირსშესანიშნავ თარიღს, – იქნება ეს 8 მარტი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თუ სხვა, კულტურის ცენტრი კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავს. შარშან ტრადიციად დამკვიდრებულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი, ასევე ქუთაისისა და ზესტაფონის ქორეოგრაფიული ანსამბლები.
წელს ვგეგმავთ, ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს და ფესტივალმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.
წელს, ისევე როგორც შარშან, კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინებისა და ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრები მონაწილეობას მიიღებენ იმერეთის თეატრალურ ფესტივალში.
იგეგმება მონაწილეობა რესპუბლიკურ ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ფესტივალებში. უახლოეს მომავალში ხარაგაულში თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.
კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს ვაჟთა სიმღერის ანსამბლი (ხელმძღვანელი ზაქარია ბერაძე), საესტრადო სიმღერის ანსამბლი (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე), ანსამბლი „ოდილა“ (ხელმძღვანელი იუზა ბერაძე).
ხარაგაულის კულტურის ცენტრს ბორითსა და მოლითში ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც ამ ტერიტორიულ ერთეულებში კულტურულ ღონისძიებებს ატარებენ. ასეთივე თანამშრომელი იყო ვერტყვიჭალის ტერიტორიულ ერთეულშიც, თუმცა ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ბიუჯეტის შემცირების გამო აღარ გაუგრძელდა.
დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში ვერტყვიჭალაში აუცილებლად გვეყოლება თანამშრომელი, იქ არის კულტურული ღონისძიებებისთვის შესაბამისად აღჭურვილი შენობა, რომელიც გამოუყენებელი არ უნდა დარჩეს.
გასულ წელს ხარაგაულის კულტურის ცენტრმა ღონისძიებები ვერტყვიჭალაში, ბორითსა და ლეღვანში გამართა. წელს შევეცდებით, კულტურული ღონისძიებები ყველა ტერიტორიულ ერთეულში ჩავატაროთ, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკმაყოფილო არ დავტოვოთ,“ – ამბობს ბატონი ვასილი.
მისივე ინფორმაციით, ხარაგაულის კულტურის ცენტრში ოთხი უფასო წრე მოქმედებს.
ხალხური საკრავების წრე (ხელმძღვანელი თამილა კირთაძე), ხელსაქმის წრე (ხელმძღვანელი ირმა ბუაჩიძე), მხატვრული კითხვის წრე (ხელმძღვანელი ბიჭიკო მაისურაძე), დოლზე დაკვრის შემსწავლელი წრე (ხელმძღვანელი ამირან ლურსმანაშვილი). ბავშვთა მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია, დაემატოს გიტარის შემსწავლელი წრე. ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, წრეებში 60-70 მოსწავლეა გაერთიანებული.
მასალის მომზადების პროცესში კულტურის ცენტრში არსებული უფასო წრეების საქმიანობით დავინტერესდით. თამილა კირთაძე ოქტომბრიდან მოსწავლეებს ფანდურზე დაკვრას ასწავლის. თავად ამბობს, რომ ხალხური საკრავების წრეში ათი მოსწავლე მეცადინეობს; იმ დღეს კი, როცა ჩვენ კულტურის ცენტრში ვიმყოფებოდით, სიცივის გამო მხოლოდ ოთხმა მათგანმა შეძლო მეცადინეობაზე მისვლა.
მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელ ბიჭიკო მაისურაძის ინფორმაციით, ამ წრეში შვიდი მოსწავლეა გაერთიანებული. ამჟამად წრე არ ფუნქციონირებს, რადგან ბიჭიკო მაისურაძე დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ერთ მოსწავლეს – გიგა ხიჯაკაძეს ამზადებს. როგორც გვითხრეს, მხატვრული კითხვის წრე 10 მარტიდან შეუდგება მეცადინეობას.
ამჟამად ასევე არ ფუნქციონირებს ხელსაქმის შემსწავლელი წრე, რადგან ხელმძღვანელი ირმა ბუაჩიძე შვებულებაში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ხელსაქმით ათი მოსწავლეა დაინტერესებული და წრე 20 თებერვლიდან დაიწყებს მუშაობას. და-ძმა მარიამ და ვაჟა ღამბაშიძეები ამ წრეზე სექტემბერში მივიდნენ, თუმცა წრე მალევე დატოვეს. მარიამი ამბობს, რომ ირმა მასწავლებელი ქაღალდისგან სხვადასხვა ნივთების შექმნას ასწავლიდა.
ამირან ლურსმანაშვილის ინფორმაციით, დოლის შემსწავლელ წრეში 5 მოსწავლეა გაერთიანებული. ერთ-ერთ მეცადინეობაზე, რომელსაც დავესწარით, მხოლოდ ორი მოსწავლე იმყოფებოდა.
წრეების ხელმძღვანელთა ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, კულტურის ცენტრის ოთხ წრეში 33 მოსწავლეა გაერთიანებული და არა 60-70, – როგორც ამას დირექტორი გვამცნობს.
კულტურის ცენტრი ამჟამად დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ემზადება. მასში კულტურის ცენტრთან არსებული ყველა ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას.
თამთა გოგოლაძე
ფოტოებზე: ვასილ კიკნაძე, ხალხური საკრავების წრის მეცადინეობაზე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების