როდიდან და რა ფორმით ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტი, – ამ საკითხზე განმარტებების მისაღებად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს, დავუკავშირდით.
აკაკი ზოიძის ინფორმაციით, იგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპი.
„პირველი ტალღის რეფორმების არსი ფინანსური ბარიერების მოხსნა, ადამიანებისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და გაღარიბებისგან დაცვა იყო, – ამბობს აკაკი ზოიძე, – საყოველთაო ჯანდაცვამ ათასობით ადამიანი სიკვდილისგან და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებისგან იხსნა.
რეფორმის შემდგომი ეტაპია, რომ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს.
მზადდება რეფორმა, რომ პირველ ეტაპზე ქრონიკული არტერიული წნევითა და შაქრიანი დიაბეტის დროს ტაბლეტების მიმღები უმწეო პენსიონერებისთვის მედიკამენტები უფასოდ გაიცეს.
ეს ისეთივე მექანიზმით მოხდება, როგორც ინსულინის გაცემის შემთხვევაშია. ვფიქრობთ, ეს საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.“
აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა 2017 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება.
შემდგომში კი ეტაპობრივად სამასამდე დასახელების წამალი აფთიაქებიდან ხელმისაწვდომ ფასებში გაიყიდება.
„ამ პროგრამისთვის ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი, – განმარტავს აკაკი ზოიძე, – მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც გამოთავისუფლებულ თანხებს მედიკამენტების დაფინანსებისკენ მივმართავთ.“
აკაკი ზოიძე გვიყვება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება აუცილებელია.
„ამ კუთხით დაგეგმილი რეფორმების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მხოლოდ ის კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებიც პაციენტებს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიაწოდებენ, სადაც იქნება უფრო კვალიფიციური მედპერსონალი და უკეთესი აპარატურა, – ამბობს აკაკი ზოიძე, – ეს კრიტერიუმები შესაბამისი ინდიკატორებით გაიზომება.“
აკაკი ზოიძე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ გვიყვება და ამბობს, რომ პროგრამა ხელმისაწვდომი გახდება იმ პირებისთვისაც, რომლებიც კერძო დაზღვევით სარგებლობდნენ.
„2013 წლის შემდეგ მილიონ ორმოცი ათასი ადამიანი, იმის გამო, რომ შეიცვალა ან დაკარგა სამსახური, ვეღარ სარგებლობს კერძო დაზღვევით და ხელი არც საყოველთაო დაზღვევაზე მიუწვდება, – ამბობს აკაკი ზოიძე, – ეს პრობლემა სხვა მიდგომით უნდა მოგვარდეს. უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები – ქონებრივი ან შემოსავლის ცენზი და ამის მიხედვით გადაწყდეს, – შედარებით შეძლებულმა ადამიანებმა თანხა გაიღონ საკუთარი ჯანმრთელობის დაფინანსებაზე, ხოლო ღარიბების სამედიცინო მომსახურება სრულად აანაზღაუროს სახელმწიფომ. უნდა ვისჯელოთ ამის თაობაზე, – სად გაევლოს ეს ზღვარი, რა უნდა ჩავთვალოთ შედარებით მაღალ შემოსავლად.“
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების