ხარაგაულში მცხოვრებ პენსიონერებს, ცისანა ფანცულაიასა და ლუკა გურგენიძეს, თვეში 200 ლარის წამლები არ ჰყოფნით.

ორივე მათგანი არტერიული ჰიპერტენზიითაა დაავადებული, სტენოკარდია, ტაქიკარდია და სახსრების დაავადებები აწუხებთ.

„ძვირადღირებულ წამლებს ვეღარ ვყიდულობთ, – გვიამბობს ცისანა ფანცულაია, – პანანგინი რამდენიმე თვის წინ ექვსი ლარი ღირდა, ახლა ცხრა ლარი ღირს. დღეში სამჯერ უნდა დავლიოთ. სახსრების წამლებიდან მხოლოდ დექსალგინს ვყიდულობთ, წნევისთვის – კორსიზსა და კაპტოპრილს.

ფიზიოტენზი გამოგვიწერა ექიმმმა, ერთი ტაბლეტი ოთხი ლარი ღირს. დღეში ორჯერ მაინც უნდა მივიღოთ. საღამოს მეუღლეს ვასმევ ხოლმე, მეშინია, ძილში წნევამ არ დაარტყას. მე უფრო იაფფასიანს ვსვამ. ვართ ასე გაჭირვებაში. სიბერე ძნელი ყოფილა.“

ცისანა ფანცულაია ამბობს, რომ ხორცს, ფაქტობრივად, ვეღარ ყიდულობს. პენსია, წამლების გარდა, შაქრის, პურის, კარტოფილის, სტაფილოსა და სარეცხი საშუალებების შესაძენად უნდა გადაანაწილოს. თვეში 60-70 ლარი გადასახადებში სჭირდებათ.

„შვილები გვეხმარებიან. ბევრი რამ გვჭირდება, მაგრამ ყველაფერს ვერც ვეუბნებით, რადგან მათ თავიანთი ოჯახები ჰყავთ,“ – ამბობს ცისანა ფანცულაია და წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეკლესიაში სიარულს ვეღარ ახერხებს.

ცისანა ფანცულაიას თქმით, ხარაგაულში მოსახლეობის უმრავლესობა ჰიპერტენზიას, გულის უკმარისობასა და სახსრების დაავადებებს უჩივის. ქალბატონი ცისანა, ბევრი მოქალაქის მსგავსად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის ჩართვას ელოდება. ის მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ წნევით დაავადებულებს მედიკამენტებს შეღავათიან ფასებში მიაწვდიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამით ქალბატონი ცისანას მეუღლემ, – ლუკა გურგენიძემ ერთხელ ისარგებლა, – მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოკვლევა დაუფინანსეს.

„დღეში ათ-ათი ლარის წამალი გვჭირდება, – გვიამბობს ლუკა გურგენიძე, – ვიჭირვებთ და ასე გაგვაქვს თავი. პენსია თვიდან თვემდე არ გვყოფნის. რას ვიზამთ, როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო, – ნათქვამია.“

აფთიაქის მენეჯერი თამარ სხილაძე ამბობს, რომ ხარაგაულში ყველაზე მეტად გავრცელებულია ძვალკუნთოვანი, ნერვული, ენდოკრინული სისტემის, გულის იშემიური დაავადებები, ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი.

„თუ ადამიანმა ექიმთან მისვლა და გამოკვლევები მოახერხა, ათდღიანი მკურნალობის კურსზე ასი ლარის წამლები არ ჰყოფნის, – ამბობს თამარ სხილაძე, – ერთი კურსი არასაკმარისია საიმისოდ, რომ დაავადებულის მდგომარეობა შეიცვალოს. უფულობის გამო მკურნალობის ერთ კურსს ძლივს იტარებენ. მერე უმძიმდებათ ჯანმრთელობა და ქრონიკულად ავადდებიან.

ჰიპერტენზიით დაავადებულებმა წნევის დასარეგულირებლად მედიკამენტები სისტემატურად უნდა მიიღონ. წნევის წამლები კი ძალიან გაძვირებულია. შაქრიანი დიაბეტით დავადებულთა უმრავლესობა სხვადასხვა სახის წამლებით მკურნალობს. დოლარის კურსის მატებასთან ერთად მედიკამენტების ფასი იზრდება.“

თამარ სხილაძე ამბობს, რომ წამლების გაძვირება გაყიდვებზე უარყოფითად აისახა. მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით, მედიკამენტებს მოსახლეობის მეოთხედი ვეღარ იძენს.

„მოქალაქეთა უმრავლესობა კორსიზს, ენაპაშს, ციტრამონს, ანალგინსა და ნოშპას უფრო ყიდულობს, – ამბობს თამარ სხილაძე, – ერთი თვის სამყოფი, სისტემატურად დასალევი პრეპარატები, საშუალოდ, 42-48 ლარი ღირს. სამი დღის სამყოფი, სახსრების დაავადების სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტური წამალი 35 ლარი ღირს. როგორ შეძლებენ ხარაგაულელები ამის ყიდვას?!“

თამარ სხილაძე გვირჩევს, რომ ჯანმრთელობას სწორი კვებითა და ფიზიკური აქტივობით მივხედოთ.

„მნიშვნელოვანია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფრო ძვირადღირებული და კომბინირებული მედიკამენტების შეძენა დაფინანსდეს, – ამბობს თამარ სხილაძე, – კორსიზსა და ციტრამონს ყველა იყიდის. 180 ლარია პენსია. 100 ლარს რომ ერთი კვირის წამალში გადაიხდი, ზეთი, ფქვილი და შაქარი როგორღა უნდა იყიდო?!“

თამარ სხილაძე ამბობს, რომ ხარაგაულელებისთვის დიდი შეღავათია მუნიციპალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეს ასი ლარი ღირებულების წამლებს უფინანსებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანში, შესაძლოა, მუნიციპალური პროგრამა მედიკამენტების ნაწილში შეიცვალოს.

„ამჟამად პროგრამაში შესატან ცვლილებებზე ვმუშაობთ და პროექტს განსახილველად საკრებულოს წარვუდგენთ,“ – ამბობს ნანა კიკნაძე.

აღსანიშნავია, რომ გასულ, 2016 წელს, მედიკამენტების შესაძენად 787 ხარაგაულელ მოქალაქეს დაეხმარენ. ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 251 ლარი გაიხარჯა.

როდიდან და რა ფორმით ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტი, – ამ საკითხზე განმარტებების მისაღებად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს, დავუკავშირდით.

აკაკი ზოიძის ინფორმაციით, იგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპი.

„პირველი ტალღის რეფორმების არსი ფინანსური ბარიერების მოხსნა, ადამიანებისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და გაღარიბებისგან დაცვა იყო, – ამბობს აკაკი ზოიძე, – საყოველთაო ჯანდაცვამ ათასობით ადამიანი სიკვდილისგან და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებისგან იხსნა. რეფორმის შემდგომი ეტაპია, რომ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს.

მზადდება რეფორმა, რომ პირველ ეტაპზე ქრონიკული არტერიული წნევითა და შაქრიანი დიაბეტის დროს ტაბლეტების მიმღები უმწეო პენსიონერებისთვის მედიკამენტები უფასოდ გაიცეს. ეს ისეთივე მექანიზმით მოხდება, როგორც ინსულინის გაცემის შემთხვევაშია. ვფიქრობთ, ეს საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.“

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა 2017 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. შემდგომში კი ეტაპობრივად სამასამდე დასახელების წამალი აფთიაქებიდან ხელმისაწვდომ ფასებში გაიყიდება.

„ამ პროგრამისთვის ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი, – განმარტავს აკაკი ზოიძე, – მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც გამოთავისუფლებულ თანხებს მედიკამენტების დაფინანსებისკენ მივმართავთ.“

აკაკი ზოიძე გვიყვება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება აუცილებელია.

„ამ კუთხით დაგეგმილი რეფორმების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მხოლოდ ის კლინიკები ჩაერთვებიან, რომლებიც პაციენტებს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას მიაწოდებენ, სადაც იქნება უფრო კვალიფიციური მედპერსონალი და უკეთესი აპარატურა, – ამბობს აკაკი ზოიძე, – ეს კრიტერიუმები შესაბამისი ინდიკატორებით გაიზომება.“

აკაკი ზოიძე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მესამე, მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ გვიყვება და ამბობს, რომ პროგრამა ხელმისაწვდომი გახდება იმ პირებისთვისაც, რომლებიც კერძო დაზღვევით სარგებლობდნენ.

„2013 წლის შემდეგ მილიონ ორმოცი ათასი ადამიანი, იმის გამო, რომ შეიცვალა ან დაკარგა სამსახური, აღარ მიუწვდება ხელი კერძო დაზღვევით და ვეღარც საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს, – ამბობს აკაკი ზოიძე, – ეს პრობლემა სხვაგვარად უნდა მოგვარდეს.

უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები – ქონებრივი ან შემოსავლის ცენზი და ამის მიხედვით გადაწყდეს, – შედარებით შეძლებულმა ადამიანებმა თანხა უნდა გაიღონ საკუთარი ჯანმრთელობის დაფინანსებაზე, ხოლო ღარიბების სამედიცინო მომსახურება სრულად აანაზღაუროს სახელმწიფომ. უნდა ვისჯელოთ ამის თაობაზე, – სად გაევლოს ეს ზღვარი, რა უნდა ჩავთვალოთ შედარებით მაღალ შემოსავლად.“

ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძე