vicnobdeT kharagaulsხარაგაულის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ბუნების გაცნობას ემსახურებოდა უფროსკლასელთა კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცივე ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლა ჩაერთო. კონკურსი ზონების მიხედვით 5-დან 21 ნოემბრამდე გაიმართა და თითოეული ზონის შეხვედრაში ხუთ-ხუთი ექვსწევრიანი გუნდი მონაწილეობდა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს დავით კიკნაძის თქმით „მონაწილე მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი ცოდნა გამოამჟღავნეს. ისინი კარგად იყვნენ მომზადებულები. ყველა სკოლა აქტიურად ჩაერთო. ბავშვებს მოსალოდნელზე მეტი ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული. ვფიქრობ, პროექტმა გაამართლა. ილია ჭავჭავაძე ამბობდა – ერი, რომელიც ივიწყებს წარსულს, მას ვერ ექნება მომავალი. ხარაგაულის წარსულიდან ისეთ შეკითხვებს უპასუხეს კონკურსის მონაწილეებმა, ვფიქრობდით, რომ, შესაძლოა, არ სცოდნოდათ.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოხატეს. საღანძილის სკოლაში მუშაობისას გამოვცადე კონკურსებში მონაწილეობა და კარგად მესმის, რას ნიშნავს შესაძლო დაჩაგვრის განცდა. პირადად მე გამოვრიცხავ ამ კონკურსის ჟიურის ტენდენციურობას ან შეკითხვების წინასწარ ვინმესთვის გამჟღავნებას. დევის ხვრელი რომ ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომია და ის პროფესორმა გიორგი ნიორაძემ აღმოაჩინა, – ხარაგაულელმა მოსწავლემ ეს თუ არ იცის, მისმა მასწავლებელმა ჟიურის ტენდენციურობაზე არ უნდა იდავოს.

ვფიქრობ, პროექტმა გაამართლა და არ იქნება ურიგო, თუკი ასეთი კონკურსი უფროსებისთვისაც ჩატარდება.“

„პროექტი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ძალიან საინტერესოა, – ამბობს ხარაგაულის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – სამშობლოს სიყვარული ყველა ადამიანისთვის საკუთარი მხარიდან იწყება. ამ პროექტის კითხვებზე რომ ვმუშაობდით, ვფიქრობდით, რომ ხარაგაულელ ახალგაზრდებს შეიძლება ძალიან ბევრი რამ არ სცოდნოდათ და გვინდოდა შედარებით მარტივი შეკითხვები შეგვეთავაზებინა. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, რომ თითქმის კითხვა არ ჩავარდნილა. ბავშვები საკმაოდ საფუძვლიანად მოემზადნენ, კარგად შეისწავლეს ხარაგაულის მხარის, კულტურის ისტორია. პროექტის დანიშნულებაც ეს არის, რომ ასე კარგად გათვითცნობიერდნენ უფროსკლასელები ამ საკითხებში. პროექტი მასშტაბურია. მასში მუნიციპალიტეტის ოცი სკოლის 120 მოსწავლე ჩაერთო.

კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე არჩილ მაისურაძე ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა. აჩიკო გვიამბობს, რომ საინტერესო იყო კონკურსისთვის მზადების პერიოდი: „თავიდან ხარაგაულზე ბევრი რამ არ ვიცოდი. გავიგეთ თუ არა ამ კონკურსის შესახებ, დავიწყეთ მომზადება. კონკურსში გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბევრი რამ გაგვეგო ხარაგაულის შესახებ. სახალხოდ ცნობილ ხარაგაულელებზე გასული საუკუნის დასაწყისში პრესა წერდა. ხარაგაულის ისტორიის ბევრი ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ისტორიისთვის. კონკურსმა სახელწოდება „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ გაამართლა. საინტერესო იყო და მართლაც ბევრი რამ გავიგეთ. განსაკუთრებით ვიდეოშეკითხვები მომეწონა.“

მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლე, კონკურსის მონაწილე მარიამ არევაძის თქმით, კონკურსისთვის სერიოზულად ემზადებოდა მარელისის საჯარო სკოლა. მზადების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ მასწავლებლები და სკოლის დირექტორი. მარიამმა და მისმა მეგობრებმა ბევრი საინტერესო რამ გაიგეს ხარაგაულზე. ამისთვის ესტუმრენ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. „კონკურსი საინტერესო იყო და ჩვენი მოლოდინები გამართლდა, – ამბობს მარიამი, – მხოლოდ სოფლებთან დაკავშირებით შეფასების სისტემა არ მოგვეწონა – თითო სოფლის დასახელებაც ერთი ქულით ფასდებოდა და რთული შეკითხვაც. უბრალოდ, ჩემი აზრით, ფორმატი იყო არასწორად შერჩეული. სხვა მხრივ კარგი კონკურსი იყო.“

კონკურსისთვის, დებულების თანახმად, ექვსი უფროსკლასელი შეარჩიეს ბორის საჯარო სკოლაში. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე ამბობს, მზადების პროცესში უფროსკლასელთა უმრავლესობა ჩაერთო –  ვინ რაიონის გამოჩენილი პიროვნებების შესახებ მოიძია ინფორმაცია, ვინ – კულტურისა და ხელოვნების, ვინ – ბუნებრივი რესურსებისა თუ ისტორიული ძეგლების თაობაზე. მოსწავლეები ხარაგაულის შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ ინტერნეტით, სახელმძღვანელოებით, საცნობარო ლიტერატურით. კონკურსი პოპულარული გახდა ბორის საჯარო სკოლის მაღალკლასელებში. ღონისძიების მიმდინარეობისას ხომ ყველა დამსწრე მოსწავლე ისმენდა და იმახსოვრებდა საინტერესო ფაქტებსა და ინფორმაციას ხარაგაულის შესახებ.

„იმდენად მონდომებულად მუშაობდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, რომ ველოდი კონკურსის ზონალურ ტურში გამარჯვებას, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – ამისრულდა კიდეც ეს მოლოდინი.

„ჩვენმა ბავშვებმა, პირველ რიგში, უნდა იცოდნენ საკუთარი მხარის ისტორია, ხარაგაულის გამოჩენილი ადამიანების შესახებ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, ხარაგაულის ძეგლებს, კულტურას, ხელოვნებას უნდა იცნობდნენ, – ამბობს კონკურსის ორგანიზატორი მამუკა ჭიპაშვილი, – ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ღონისძიება გამოგვივიდა. ალბათ ასეთი კონკურსი დიდებისთვისაც არ იქნება უინტერესო. შეკითხვებს რომ ვაგროვებდი, ჩემთვის ახალი უამრავი ინფორმაცია გავიგე ხარაგაულზე. მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ხალისით ჩაერთო.  ბევრი საინტერესო შეკითხვა მოგვაწოდეს ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა. ზონებში გამართული შეხვედრების შემდეგ უამრავმა ადამიანმა გვითხრა, რომ საკმაოდ საინტერესო კონკურსია, სანახაობრივადაც – სახალისო. ბევრი კითხვა, შესაძლოა მარტივია, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ინფორმაციული. ასე რომ, თავად შეკითხვებიდანაც საინტერესო ინფორმაციას იღებენ მონაწილეები და მაყურებლები.

ეს არ არის ისეთი კონკურსი, რომ ვინც მეტ შეკითხვას უპასუხებს, უფრო ნიჭიერია. კონკურსის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ახალგაზრდებმა ხარაგაულზე.“

ბორითის საჯარო სკოლის გუნდის წევრებმა კონკურსთან დაკავშირებული პროტესტი საჯაროდ, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ მეშვეობით გამოხატეს. მამუკა ჭიპაშვილის თქმით, „ჟიურის სტატისტის როლი აკისრია და გადაწყვეტილებას მიკერძოებულად ვერ მიიღებს – ყოველ კონკრეტულ შეკითხვას კონკრეტული პასუხი აქვს. ჩვენ ვითვლიდით სწორ პასუხებს და ეკრანზეც იწერებოდა. ვერტყვიჭალის სკოლის გუნდი ექვსი კონკურსიდან ხუთ კონკურსში აგებდა. მეექვსე კონკურსში კი ყველა შეკითხვას უპასუხა და რამდენიმე ქულით მოიგო. პროტესტი ამგვარად გამოიხატა – თუ წინა კონკურსებში ვერ პასუხობდნენ, ახლა რატომ უპასუხეს.

დებულების მიხედვით კონკურსში მონაწილეობდნენ მე-8-მე-11 კლასების მოსწავლეები. როგორც ერთ-ერთი კონკურსის ბოლოს აღმოჩნდა, რამდენიმე სკოლას გუნდში ჰყავდა მე-12 კლასელები. შედეგების გამოცხადების შემდეგ გამოითქვა პროტესი. თუ მონაწილეთაგან ვინმემ იცოდა, რომ მოწინააღმდეგე გუნდში მე-12 კლასელები თამაშობდნენ, შეჯიბრის დაწყებამდე უნდა ეთქვათ და შევაცვლევინებდით.“

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების ინფორმაციით, გასულ კვირებში სკოლებიდან მოსწავლეთა რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიის კიდევ ერთხელ გასაცნობად.

გაზეთის ამ ნომრის მზადების პროცესში, 21 ნოემბერს, კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალური შეხვედრაა დანიშნული. ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრებიან ხარაგაულის გიმნაზიის, ბორის, ვერტყვიჭალისა და ვახანის სკოლების გუნდები.
კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ხარაგაულის განვითარებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზატორობით გაიმართა.

ლაურა გოგოლაძე

 

ფოტოზე: კონკურსი მარელისის საჯარო სკოლაში