სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 1 523 კოოპერატივი შეიქმნა. იმერეთში ჩამოყალიბებული 124 კოოპერატივიდან სამი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაფუძნდა.
რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი „სარგო“ და „მეღვინეობა კიცხი“ ევროკავშირის პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსდა, ხოლო მეფუტკრეობის კოოპერატივი „ვარძია“ – კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამით.
25 წელია, რაც ვარძიელი ივანე (ბადრი) ხიჯაკაძე მეფუტკრეობით დაინტერესდა. რამდენიმე სკა კიცხელი მეფუტკრე ზურაბ მაჭავარიანისგან შეიძინა. შემდეგ მეურნეობა საკუთარი შრომით ნელ-ნელა გააძლიერა და ახლა მისი ოჯახის ძირითადი საარსებო წყარო მეფუტკრეობიდან მიღებული შემოსავალია.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ბონდო კიკნაველიძე და ვაჟა მაჭავარიანი მუდმივად მიკავშირდებოდნენ და სტიმულს მაძლევდნენ, რომ კოოპერატივის შექმნაზე მეფიქრა, – გვიამბობს ბადრი ხიჯაკაძე, -თავიდან ცოტა გამიჭირდა სიახლისთვის ფეხის აწყობა.
ხარაგაულში კოოპერატივების სააგენტოდან რომ ჩამოდიოდნენ, უამრავ შეკითხვას ვუსვამდი, ხან წინააღმდეგობაში მოვდიოდით, მაგრამ რაღაცას მივაღწიეთ. თანამოაზრეები მოვძებნე და დღეს კოოპერატივ „ვარძიას“ 14 მეპაიე ჰყავს. კოოპერატივში ხუთი ქალბატონი და ცხრა მამაკაცი, საკუთარი მეურნეობებით, გაერთიანდა. მე კი ამ კოოპერატივის თავმჯდომარე ვარ.“
ბადრი ხიჯაკაძე გვიყვება, რომ ექვს ახალგაზრდა მეფუტკრეს უკვე 10-10 ძირი სკა ჰყავს. სულ კოოპერატივის საკუთრებაში 70 სკაა. სახელმწიფო პროგრამის თანახმად, კოოპერატივს უნდა გადაცემოდა სკები, რომელიც ბადრი ხიჯაკაძემ საკუთარ საამქროში დაამზადა.
„ჩვენი ვალდებულებაა, რომ 2018 წლისთვის ასი სკა გვყავდეს. ამ გაზაფხულზე ეს პირობა უკვე შესრულებული გვექნება,“ – ამბობს ბადრი ხიჯაკაძე და ტექნიკური დახმარებისთვის მადლობას უხდის ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს და ვარძიის საჯარო სკოლის დირექტორს, ჯამბულ ხიჯაკაძეს, რომელიც ამავე დროს კოოპერატივის ერთ-ერთი მეპაიეა.
ბადრი ხიჯაკაძეს ფუტკარი მუდმივად მთაში ჰყავს, რადგან მისი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა თაფლის წარმოებაა.
„არ მინდა, ტონობით თაფლი მქონდეს და უხარისხო იყოს, – ამბობს ბადრი ხიჯაკაძე, – თაფლის რეალიზაცია არასდროს გამჭირვებია. ძირითადად, წაბლის თაფლს ვაწარმოებთ და მასზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. შარშან დათვმა საფუტკრე გამინადგურა და ამის გამო მხოლოდ 500 კილო თაფლი მივიღე.
ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ დაუშვებენ თაფლის ფალსიფიცირებას. ჯერ ჩვენ ვაწარმოოთ იმდენი, რომ ეკოლოგიურად სუფთა თაფლით საქართველოს მოსახლეობა დავაკმაყოფილოთ და საზღვარგარეთ მერე გავიტანოთ.“
მეოთხე თვეა, კოოპერატივი „ვარძია“ ევროკავშირიდან თაფლის ლაბორატორიული ანალიზის პასუხს ელოდება. ბადრი ხიჯაკაძე მეფუტკრეებს ურჩევს, რომ ფუტკრის მკურნალობისას გაფრთხილდნენ, რადგან ბაზარზე სხვადასხვა სახის სამკურნალო წამალი შემოდის, რომელიც არ კონტროლდება.
„რამდენ მაღაზიაშიც უნდა შეხვიდე თბილისში, ყველა თავის მედიკამენტს გთავაზობს, სხვადასხვა აზრს გეუბნება, – წუხს გამოცდილი მეფუტკრე, – ამიტომ მე ჩემი მამაპაპური წესიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, მთაში ფუტკარი ბევრად დაცულია დაავადებისგანაც და შხამ-ქიმიკატებისგანაც.“
ბადრი ხიჯაკაძე მეფუტკრეებს კოოპერატივში გაერთიანებას ურჩევს. „დღეს მხოლოდ 500 კგ თაფლი არავის უნდა. ერთი-ორი ტონა თაფლის გაყიდვა ძლიერ მეფუტკრეს არ უნდა გაუჭირდეს, – ამბობს ბადრი ხიჯაკაძე, – კოოპერატივის მიზანია, რომ 20-30 ტონა თაფლი ჩამოვასხათ და გავყიდოთ. ევროკავშირის რომელი ქვეყნის ბაზარზე შესასვლელადაა საკმარისი 10 ტონა თაფლი?! ამიტომ უნდა გავერთიანდეთ დიდი რაოდენობით თაფლის საწარმოებლად.“
შრომისმოყვარე და ინტერესიანი მეფუტკრე ბადრი ხიჯაკაძე, მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარის დასამზადებლად, მეორე საგრანტო კონკურსში ჩაერთო. ის პროექტის „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებულია.
„საკუთარი თავი გამოვცადეთ, რამდენად მზად ვიყავით ამ კონკურსისთვის და მეფუტკრეობის ინვენტარის წარმოებაზე პროექტი დავწერეთ, – გვიამბობს ბადრი ხიჯაკაძე, – პირბადეებს, ბალიშებსა და მეფუტკრეობისთვის საჭირო სხვა ინვენტარს დავამზადებთ. ძალიან დაგვეხმარა სკაუტთა ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი ჭაბუკი ჭეიშვილი. 20 თებერვლისთვის სახელოსნო ამოქმედდება.“
ბადრი ხიჯაკაძე ამბობს, რომ მეფუტკრეობისთვის დამზადებულ ინვენტარს საბაზრო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად მიაწვდიან მეფუტკრეებს. კოოპერატივ „ვარძიას“ სახელოსნოში სეზონურად სამ პიროვნებას დაასაქმებენ.
„ვინმემ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნდა უთხრას, რომ ნუ იქნებიან სოციალური დახმარების შემყურე, – ამბობს ბადრი ხიჯაკაძე, – ათასი პროგრამაა სოფლის მეურნეობაში, მეთხილეობაზე, მოცვისა და ჟოლოს წარმოებაზე, რომელიც არც დიდ დანახარჯებს მოითხოვს და არც დიდ შრომას. მეთხილეობის პროგრამაში არ ჩავერთე, მაგრამ 1,5 ჰა-ზე თხილი მაქვს გაშენებული. წელს ახალშენიდან მოსავალს მივიღებ.
ალბათ ყველაფერს სხვანაირი აგიტაცია სჭირდება. დაანებეთ თავი ამ სოციალურ დახმარებას და კონკურსებში ჩაერთეთ. სახელმწიფომაც, თუ შეხედავს, რომ სოციალურად დაუცველს ორი კაპიკი გაუჩნდება ანგარიშზე, მაშინვე ნუ შეუჩერებს დახმარებას. ისე არ მოხდეს, რომ სოფლიდან ყველა გაიქცეს ლუკმაპურის საშოვნელად, ან ხელი აღარ გაანძრიოს სოციალური დახმარების მოლოდინში.
თუ სოფელი და სოფლის მეურნეობა არ აღორძინდა, ქვეყანას არაფერი ეშველება,“ – ამბობს ბადრი ხიჯაკაძე და წელს ENPARD-ის პროგრამაში მონაწილეობას გეგმავს. დარწმუნებულია, რომ ამ კონკურსშიც გაიმარჯვებს და კოოპერატივ „ვარძიას“ საქმე ნელ-ნელა წაიწევს წინ – ევროკავშირის ბაზრისკენ.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების