ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პაციენტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად დაბა ხარაგაულის ორი და ბორითის ერთი ბრიგადა მუშაობს.
რამდენი გამოძახება დაფიქსირდა გასულ, 2016 წელს, რა შემთხვევებში ითხოვენ სამედიცინო დახმარებას, რა მდგომარეობაშია ავტომანქანები, – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსს, ამირან გოგიტიძეს, ვესაუბრეთ.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2016 წელს 4 827 გამოძახება შესრულდა, – გვამცნობს ამირან გოგიტიძე, – 3 284 გამოძახება ხარაგაულის ორმა სამედიცინო ბრიგადამ შეასრულა, ხოლო 1 543 – ბორითის ბრიგადამ, ჰოსპიტალში 1 507 პაციენტი გადაიყვანეს.“
ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, ხარაგაულში გამოძახებების ძირითადი ნაწილი არტერიულ ჰიპერტენზიებზე მოდის. თუმცა, გარკვეულ პერიოდში წინა პლანზე ვირუსული გამწვავებები იწევს.“
გასულ წელს ზესტაფონისა და ხაშურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების მიერ ხარაგაულის სოფლებში 175 გამოძახება შესრულდა. ამირან გოგიტიძის განმარტებით, როდესაც მოქალაქეები ცენტრალურ საოპერატოროს უკავშირდებიან, იქედან ისაზღვრება, რა მანძილითაა დაშორებული კონკრეტული დასახლებიდან უახლოესი სამედიცინო ბრიგადა.
ამირან გოგოტიძე ამბობს, რომ „ავტოპარკის განახლება 2014 წლის ბოლოდან დაიწყო. 2016 წელს ხარაგაულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტოპარკი სრულად განახლდა. ხარაგაულის რელიეფიდან გამომდინარე, მაღალი გამავლობის სამი ახალი ავტომანქანა შეირჩა.“
რა ხდება იმ დროს, როცა დიდთოვლობის ან გაუვალი გზის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას პაციენტთან მისვლა უჭირს, – ამირან გოგიტიძე განმარტავს, რომ „ასეთ შემთხვევებში პაციენტთან მისასვლელად ალტერნატიულ გზებს ეძებენ. შესაძლოა, ეს იყოს სხვა მუნიციპალიტეტის ბრიგადა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამაშველო სამსახურებთან, პოლიციასთან, რომლებიც ასეთ დროს გვეხმარებიან.
თუ ისეთი სიტუაციაა, რომ სახმელეთო გზით პაციენტთან მისვლა შეუძლებელია, ჯანდაცვის სამინისტროს ჩარევით, ვეტმფრენს ვიყენებთ. დახმარების აღმოჩენის გარეშე არც ერთი ადამიანი არ დარჩება იმის მიუხედავად, მის სახლთან გზა მიდის თუ არა.“
ამირან გოგიტიძე გვიყვება, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმ სამედიცინო დანიშნულების საგნებითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვეს, რაც აუცილებელია პაციენტისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
ორ წელიწადში ერთხელ ყველა ექიმი, ექთანი და მძღოლი გადამზადების პროექტში ერთვება, – სწავლობენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, მონაწილეობენ სიმულაციებში, იღებენ გადაუდებელ სამედიცინო სფეროში უახლეს ინფორმაციას. გადამზადების კურსის შემდეგ ისინი გამოცდას აბარებენ და შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ.
კონკრეტული ციფრებისა და დეტალების დასახელებისგან ამირან გოგიტიძემ თავი შეიკავა, თუმცა გვითხრა, რომ 2017 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასების მატებაა დაგეგმილი.
„მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, – ნუ გამოიძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას არამიზნობრივად, რადგან, შესაძლოა, ავარიის ან სხვა ტიპის გადაუდებელი შემთხვევისას სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაგვიანდეს, – ამბობს ამირან გოგიტიძე და მოქალაქეებს ურჩევს, რომ ვირუსების პერიოდში სიცხის გასაზომად და ფილტვების მოსასმენად სოფლის ექიმებს, პოლიკლინიკებსა და სოფლის ამბულატორიებს მიმართონ.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების