tanamdevi suli8 ნოემბერს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მეცხრამეტე საუკუნეში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელის, ყველა ქართული საქმის მოთავისა და მოამაგის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 176 წელი შესრულდა.

კულტურის სამინისტროს ეგიდით დაგეგმილი, ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 7 ნოემბერს ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლით „თანამდევი სული“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) დაიწყო. სპექტაკლი გაიმართა ქალაქ თბილისში, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში. სამასკაციანმა დარბაზმა ვერ დაიტია მაყურებელი. ამიტომ თბილისისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ფეხზე მდგარნი ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს.

„თანამდევი სული“ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების უმთავრეს მოვლენებს გვამცნობს, მის უპირველეს საფიქრალს – როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, ლელთ ღუნიას ტკივილიან სიტყვას – ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, ოთარაანთ ქვრივის „მწარედ“ ნათქვამს – თუ წუთისოფელს ერთ ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა… სპექტაკლში ნათლად ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძის თითოეული სიტყვა დღემდე არის თანამედროვე და ის მუდამ იქნება თანამდევი სული საქართველოსი.

…სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებლისგან, ფართო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, მაღალ დონეზე შეაფასეს სპეციალისტებმა.

თეა ტალახაძე: -ბრავო, ეს ულამაზესი დღე იყო. ემოცია? მესმოდა, როგორ მიედინებოდა ჩემს ძარღვებში სისხლი. ირინე, თქვენ უძლიერესი ხართ.

ნინი ჩოჩია: -ძალიან ემოციური სპექტაკლი იყო, ძალიან მომეწონა.

თეონა გიორგაძე: -შეუდარებელი სპექტაკლი იყო, მოხიბლული ვარ.

ირინა ძაგანიშვილი: -კარგი იყო ძალიან.

გიორგი მაქაძე: -ძალიან მაგარი იყო. წარმატებები, ხარაგაულელებო.

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი: -ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლი „თანამდევი სული“ შესანიშნავი, სიყვარულით, ქართული გულით და ნიჭით გაჯერებული წარმოდგენაა. ნახეთ და ისიამოვნეთ.

ნანა ზურაბიშვილი, კინორეჟისორი: -მინდა გითხრათ, რომ მომეწონა და რა: ჯერ ერთი – დრამატურგიულად მშვენივრად იყო აწყობილი, მერე – მსახიობები თამაშობდით მთელი გულით. მეტყველება და ტექსტის მოტანა მაყურებლამდე შეძელით გადასარევად. და საერთოდ, მომწონს თავისუფალი თეატრის იდეა. ყოჩაღ, თქვენ.

რამაზ ბლუაშვილი, კინორეჟისორი: -პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა სპექტაკლზე დაპატიჟებისთვის. მართლა ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ემოცია, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში თან მდევდა ილია ჭავჭავაძის საოცარ სამყაროში მოგზაურობისას. ეს, რა თქმა უნდა, რეჟისორის და მსახიობების მაღალ პროფესიულ დონეზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, ხარაგაულის ეს პატარა თეატრი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართული თეატრის ისტორიაში.

ნანა ხურითი, მსახიობი, კულტურის სამინისტროს მიმდინარე ღონისძიებათა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: -უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრის მსგავსმა თეატრებმა შეინარჩუნეს რეგიონებში კულტურა. ისინი აძლევდნენ ადამიანებს სულიერ საზრდოს. სპექტაკლზე მახლდა მეგობრის სამი წლის შვილი ბარბარე, რომელმაც სპექტაკლის ბოლოს მკითხა: როგორ მოკლეს ილია. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდიან თაობები და მათთვის აუცილებელია ასეთი სპექტაკლების ჩვენება. „თანამდევ სულს“ დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე. დიდი მადლობა დასის თითოეულ წევრს, რეჟისორ ირინე ჩხეიძეს, რომ თავის საქმიანობასთან ერთად თეატრის დიდი სიყვარულით მონაწილეობენ სპექტაკლში და აწვდიან სულიერ საზრდოს მაყურებელს. მე აღფრთოვანებული ვარ.