imagesსკოლების წინაშე წლების მანძილზე არსებული პრობლემის – ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების – მოწესრიგებამ 100-დან 200 მოსწავლემდე კონტინგენტის სკოლებში  ახალი დილემა წარმოშვა. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფინანსისტ აკაკი ლურსმანაშვილის ინფორმაციით, „მთავრობის დადგენილებით 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ხელფასები გაუზარდეს სკოლების ადმინისტრაციასა და ტექნიკურ პერსონალს, ბიუჯეტი კი იგივე დაუტოვეს 100-დან 200 მოსწავლემდე კონტინგენტის სკოლებს. ამიტომ ასეთი სკოლები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

საღანძილის, კიცხის, ბორითის, ხევისა და ვერტყვიჭალის სკოლები გასულ წლებში, მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო, ფინანსურად კარგ მდგომარეობაში იყვნენ. მაგრამ კონტინგენტი შემცირდა, დაფინანსების ფორმულა შეიცვალა და ეს სკოლები ახლა, ფინანსური თვალსაზრისით,  მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ.

100-დან 200 მოსწავლემდე სკოლას აუცილებლად სჭირდება დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი, საქმის მწარმოებელი და ბიბლიოთეკარი. ამ უკანასკნელთ, ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლისა და წიგნადი ფონდის გაზრდის გამო, გაეზარდათ დატვირთვა და მოვალეობები. სკოლის ორსართულიანი შენობის დალაგება ერთ დამლაგებელს გაუჭირდება. ორი კი არა, გასულ წლებში სამ-სამი დამლაგებელიც კი მუშაობდა სკოლებში. ასევე საჭიროა ორი დარაჯი. ჩამოთვლილი შტატები აუცილებელია და ვერ შეეხები. ერთერთი გამოსავალი, რაც შეიძლება ასეთ სიტუაციაში გამოიძებნოს, კლასკომპლექტების შექმნაა იმ ფინანსური კლასების შეერთებით, რომლებშიც მოსწავლეთა რაოდენობა ჯამურად 15-ზე ნაკლებია, – ამბობს აკაკი ლურსმანაშვილი.

n-კლასკომპლექტი აშინებს მშობელს, – აცხადებს კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი, – პირადად მე, თუკი შეიძლება, უარს ვიტყვი ანაზღაურების მომატებაზე, მაგრამ რა დააშავეს ადმინისტრაციის დანარჩენმა წარმომადგენლებმა, წლების მანძილზე რომ დაბალ ხელფასზე მუშაობენ.

კიცხის სკოლის ფინანსური პრობლემიდან გამოსავლის მოსაძიებლად გასულ კვირაში ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე და რესურსცენტრის ფინანსისტი აკაკი ლურსმანაშვილი კიცხში იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე კიცხის საჯარო სკოლაში გადაწყვეტილია, რომ შეერთდეს პირველი და მეორე კლასები.

„სამინისტროს პოზიციაა – სკოლა უნდა ჩაეტიოს არსებულ ფინანსებში. მრავალჯერ ვიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით მე და აკაკი ლურსმანაშვილი სამინისტროში, – ამბობს დავით კიკნაძე, -გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე უნდა ჩავეტიოთ იმ ბიუჯეტში, რასაც განსაზღვრავს მთავრობის დადგენილება და მინისტრის შესაბამისი ბრძანებულება. გამოსავლის მოსაძებნად კიცხის სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად გავიარეთ ბიუჯეტი. რამდენიმე გზა დავსახეთ, თუმცა ვერცერთმა ვარიანტმა ვერ დაგვანახა სასურველი შედეგი. ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ხელფასი აუცილებლად უნდა გაეზარდოს. თავად სკოლის ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოხერხდება ეს – კლასკომპლექტების შექმნით თუ თანხის სხვა გზით გამოთავისუფლებით.“

კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგები ამ მდგომარეობას კატასტროფად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ შთამომავლობა არ აპატიებს მათ, თუკი 143 წლის ისტორიის სკოლას ვერ შეინარჩუნებენ.

კიცხის საჯარო სკოლის პრობლემის სიმწვავე იმაშიც მდგომარეობს, რომ მშობელი, კლასკომპლექტების შექმნის შემთხვევაში, შვილს გადაიყვანს ახლომდებარე ბორის საჯარო სკოლაში, სადაც ინფრასტრუქტურაც, კიცხის სკოლასთან შედარებით, მოწესრიგებულია.

კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები გასულ პარასკევს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შეიკრიბნენ.

„საკითხს მხოლოდ ფინანსურად უდგებიან და არა მეთოდურად,“ – ამობობს კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი ნაირა ჩხიკვაძე და კლასკომპლექტების შექმნას აპროტესტებს. ამავე დროს სარემონტოა სკოლის შენობა. მოსაწესრიგებელია ელექტროგაყვანილობა.

„ჩემი აზრით, 100-დან 200 მოსწავლემდე კონტინგენტის სკოლების დაფინანსების წესში სამინისტრომ ცვლილება უნდა შეიტანოს, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, – ადმინისტრაციას უეჭველად უნდა გაეზარდოს ანაზღაურება. როგორადაც არ გავიანგარიშეთ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხუთ სკოლას პრობლემა აქვს, – არ ჰყოფნით ბიუჯეტი 12 ფინანსურ კლასზე და არსებულ შტატებზე. 200 მოსწავლიდან ზემოთ კონტინგენტიან სკოლებში ნორმალურადაა მდგომარეობა. იქ კი, სადაც 100 ბავშვზე ნაკლები სწავლობს, ფინანსური კლასებიც ნაკლებია და ამიტომ არც იქ იქმნება პრობლემა.

სკოლებმა რაღაც გამოსავალი უნდა გამოძებნონ. რესურსცენტრიც ამაზე მუშაობს ახლა. კანონთან შესაბამისობაში უნდა იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.

მეთოდურად რომ მივუდგეთ, ბუნებრივია, ვერ მივესალმები კლასკომპლექტების შექმნას, თუმცა, ფაქტია, რომ ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში. 130 მოსწავლით შემცირდა გასულ წელთან შედარებით მოსწავლეთა კონტინგენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ეს პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული სკოლის ფინანსებთან.

ჩვენ წარვადგინეთ რამდენიმე ვარიანტი საჯარო სკოლების საშტატო განრიგებისა და ტარიფიკაციის დასამტკიცებლად. სამინისტრო ეტაპობრივად ყველა სკოლის ბიუჯეტს გაივლის და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა.“

ლაურა გოგოლაძე