წიფის ადმინისტრაციული ერთეული ერთადერთია ხარაგაულში, რომლის შემადგენლობაში შემავალი ოთხივე სოფელი – წიფა, ფონა, გოლათუბანი და გუდათუბანი – მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მატარებელია.
წიფაში მცხოვრებთა უმთავრესი პრობლემა უგზოობაა. დიდთოვლობის დროს ცენტრალური საავტომობილო გზა არასრულყოფილად იწმინდება და მასზე ავტომობილით გადაადგილება ჭირს. შიდა სასოფლო გზები კი გაუწმენდელია.
წიფაში მცხოვრები ჯემალ ტალახაძე ამბობს, რომ შიდა საუბნო გზების გაუწმენდელობის გამო სასკოლო ტრანსპორტი ვერ მოძრაობდა და სკოლის მოსწავლეებს დიდი მანძილის გავლა ფეხით უწევდათ.
უგზოობის გამო წიფაში ხარაგაულის სასწრაფო დახმარების ბრიგადას მისვლა უჭირს.
-ახლახან, დიდთოვლობისას, ხარაგაულის სასწრაფო დახმარების მანქანა რომ ვერ ამოვიდა, პაციენტი, დამძიმებული მდგომარეობით, ხაშურის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა, – ამბობს ჯილდა მახაროპულო და მას თანასოფლელებიც ემოწმებიან, – მთას მეტად უნდა მოხედონ.
„ხარაგაულიდან მოლითამდე ნებისმიერი ტრანსპორტი მოდის. მოლითიდან წიფამდე ორხიდიანი მანქანით ან ტრაქტორით უნდა ამოხვიდე. ჩემი სახლიდან ხაშურამდე ათი კილომეტრია, მაგრამ ცუდი გზის გამო იქ ავტომანქანით გადასვლას ერთი საათი-საათნახევარი ვუნდები. არც ერთი რადიოს სიხშირე არ იჭერს. თუ სატელიტური ანტენა არ დაიდგი, ტელევიზორსაც ვერ ვუყურებთ,“ – ამბობს ჯემალი ტალახაძე.
წიფის მოსახლეობისათვის ინტერნეტზე წვდომაც პრობლემაა.
„მობილური ოპერატორების ინტერნეტ მოდემებს ვიყენებთ, მაგრამ ყველა მობილური ოპერატორი წიფაში გამართულად ვერ მუშაობს,“ – ამბობს ეკა ღამბაშიძე.
2013 წელს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში წიფაში სარიტუალო დარბაზი აშენდა. თუმცა წიფაში მცხოვრებნი ამბობენ, რომ ეს დარბაზი ერთ კარგ შენობად დარჩა. როგორც ჯილდა მახაროპულო ამბობს, მოსახლეობა, სარიტუალო სუფრას მაინც ხაშურში მოქმედ დარბაზებში უკვეთავს, რადგან სოფელში უბნებს შორის გადაადგილება ჭირს. თანაც ახალგაზრდებიც აღარ არიან, რომ სუფრა გაამზადონ.
წიფის საჯარო სკოლის პედაგოგი ამალია გუდაძე ცენტრალურ ხელისუფლებას არ უჩივის და ამბობს, რომ წიფაში პრობლემების მოსაგვარებლად პრემიერი და პრეზიდენტი ვერ ჩამოვლენ.
„ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა საკმარისია მოსახლეობის საჭიროებებისათვის, მაგრამ ამ თანხას სწორად განაწილება სჭირდება. შიდა საუბნო გზებისთვის გამოყოფილი თანხა წყალში იყრება. გაზაფხულზე კარგ ამინდში გზას ტრაქტორით გადაასწორებენ, პირველივე წვიმის შემდეგ გზა ისევ ზიანდება. ჯობია ამ თანხით გზის პატარა მონაკვეთი შეკეთდეს, ოღონდ ხარისხიანად,“ – ამბობს ქალბატონი ამალია.
თეიმურაზ გაჩეჩილაძე წიფის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემად ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს.
წიფაში მცხოვრებნი სოფლის ექიმის მომსახურებით კმაყოფილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ნინო ბუხნიკაშვილი წიფის მოსახლეობას მხოლოდ ოთხშაბათობით ემსახურება, რა დროსაც არ უნდა მიმართონ, დაუზარებლად უწევს სატელეფონო კონსულტაციას.
წიფაში სასმელი წყლის პრობლემა მოსახლეობას ნაკლებად აწუხებს. წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი მაია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში სოფლებში წყლის მილები შეიცვალა და ავზებიც დამონტაჟდა.
„წყლის დებეტი არაა საკმარისი სხევრის უბანში. გაზაფხულზე საჭირო მასალებს შევიძენთ და ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ,“ – ამბობს მაია გაჩეჩილაძე.
ის შიდა გზების გაუწმენდაობას ტექნიკის უქონლობით ხსნის. ამბობს, რომ ერთადერთი ადგილობრივი ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა და დიდთოვლობისას ამიტომაა შიდა გზები გაუწმენდელი.
წიფის მოსახლეობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ინდივიდუალური გამრიცხველიანებაა.
გასულ წელს მოლითის გამრიცხველიანება დასრულდა. მერი ღამბაშიძეს იმედი აქვს, რომ 2017 წელს წიფაც გამრიცხველიანდება. ის ამბობს, რომ ძალიან წვალობენ გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯის დაფარვაზე, რადგან მოსახლეობაში თანხის შეგროვება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
„აბონენტი, რომელიც 3-4 ლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგიას ვერ მოიხმარს, კომუნალური მრიცხველის საერთო ხარჯის დასაფარად რატომ უნდა გადაიხადოს 6-7 ლარით მეტი,“ – ამბობს წიფის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ტალახაძე.
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეონა გეგუჩაძის ინფორმაციით ენერგო-პრო ჯორჯია“ 2017 წელს გეგმავს მთლიანად დაასრულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების გამრიცხველიანება. მათ შორის გამრიცხველიანდება და ქსელის რეაბილიტაცია მოხდება სოფლებში – წიფა, ფონა, გოლათუბანი და გუდათუბანი. აღნიშნულ სოფლებში დაახლოებით 350 მომხმარებელს დაუმონტაჟდება ახალი აღრიცხვის კვანძი, რისთვისაც კომპანია 120 000 ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების