ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის 2017 წლის ბიუჯეტი 150 000 ლარით განისაზღვრა. გასულ 2017 წელს ამ ააიპმა 214 900 ლარი გახარჯა. რის შემცირებას გამოიწვევს წლიური ბიუჯეტის 64 900 ლარით შემცირება, – ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორს ნიკოლოზ მაჭავარიანს მივმართეთ.
-წელს, გასულ წელთან შედარებით, შემცირებული ბიუჯეტის პირობებში ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხელფასები შემცირდა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ორგანიზაციის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის.
ამიტომ იძულებული გავხდით, რვა თანამშრომლისთვის, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ, ხელშეკრულება აღარ გაგვეგრძელებია. თუმცა ეს ადამიანები აუცილებლად ჩაერთვებიან იმ პროექტებში, რომლებსაც 2017 წელს განვახორციელებთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 25 ბიბლიოთეკაა, აქედან 22 სასოფლო, ცენტრალური, პატარა ხარაგაულისა და საბავშვო განყოფილებები. ააიპ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 41 თანამშრომელია დასაქმებული. ხარაგაულის საბიბლიოთეკო ქსელი 4 000-მდე აქტიურ მკითხველს ემსახურება.
-როდის განახლდა ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი და რა პროექტებს ახორციელებთ მისი განახლებისათვის?
-დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის სრული განახლება. ჩვენთან 200 000-ზე მეტი წიგნია დაცული. მათი უმეტესობა დიდი ხნისაა, უნდა ჩამოიწეროს და ახალი ლიტერატურით შეივსოს, მაგრამ ამის ფუფუნება, ჯერჯერობით, არ გვაქვს. პერიოდულად ვიძენთ მხოლოდ განსაკუთრებით მოთხოვნად წიგნებს.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ გასულ წელს განახორციელა პროექტი „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას.“ ჩვენი ბიბლიოთეკა ამ პროექტში აქტიურად ჩაერთო და საბიბლიოთეკო ასოციაციამ 10 ათას ლარიანი ვაუჩერი გადმოგვცა. ამ ვაუჩერით ხარაგაულის სასოფლო ბიბლიოთეკებს 500-500 ლარის წიგნები შევუძინეთ.
გასულ წელს ახალ, კეთილმოწყობილ შენობაში გადმოვედით. ბინის შეცვლა გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ შარშან ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდი ვერ განვაახლეთ.
შევეცდები, წლევანდელი ბიუჯეტიდან 2500-3000 ლარამდე გამოვყოთ ახალი ლიტერატურის შესაძენად. ვცდილობთ შევიძინოთ ის წიგნები, რომლებიც ძალიან სჭირდებათ სკოლის მოსწავლეებს. ასეთი ლიტერატურა ჩვენთან არის, მაგრამ ხშირი გამოყენების გამო ზოგიერთი მათგანი ჩამოვწერეთ.
გასულ შემოდგომაზე შიგა და მოწვეული აუდიტის სამსახურის მიერ სასოფლო და ცენტრალური ბიბლიოთეკებიდან 41 ათასზე მეტი წიგნი ჩამოიწერა მაკულატურად და 800 ლარად გაიყიდა.
-რა პრობლემები რჩება მოსაგვარებელი ბიბლიოთეკაში?
-ცენტრალური ბიბლიოთეკის უმთავრესი პრობლემა გათბობაა. რამდენჯერმე, ზედმეტი გადატვირთვის გამო, მწყობრიდან გამოვიდა ჩვენი ელექტროსისტემა. ბიბლიოთეკის შენობის გათბობის პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშეც დავაყენეთ.
შეგვპირდნენ, რომ წელს ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში ცენტრალური გათბობა ბუნებრივ აირზე დამონტაჟდება. სხვა პრობლემებს, ვცდილობთ, საკუთარი ძალებით გავუმკლავდეთ.
-გასულ წელს ხარაგაულის სამი სოფლის ბიბლიოთეკა ჩაერთო პროექტში „ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას.“ როგორ მიმდინარეობს ეს პროექტი და რას გეგმავთ 2017 წელს?
-პროექტში „ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ჩაერთო ლეღვნის, ვერტყვიჭალისა და პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკები. მათ გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა და შეიყვანეს ინტერნეტი.
პროექტმა დადებითი გამოხმაურება ჰპოვა სოფლებში. ახალგაზრდებს, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებოდათ, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ კომპიუტერითა და ინტერნეტით. ეს პროექტი, შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს.
ბიბლიოთეკა ჩაერთვება პროექტში, რომელიც უსინათლოებისათვის კომპიუტერის შესწავლას გულისხმობს. პროექტის ავტორები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც აპირებენ კომპიუტერზე მუშაობის სწავლებას.
წელს პრიორიტეტი სოფლის ბობლიოთეკები იქნება. ყველა იმ პროექტში, რასაც ცენტრალური ბიბლიოთეკა განახორციელებს, აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის ბიბლიოთეკების აქტიური მკითხველები.
დაგეგმილი გვაქვს ხარაგაულში მწერლების, მეცნიერებისა და ბევრი სხვა საინტერესო ადამიანის მოწვევა. ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაპირებთ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებას. სოფლის ბიბლიოთეკებში ახალგაზრდებს ვესაუბრებით ამ უდიდეს მოღვაწეზე.
ვაპირებთ პროექტის „დიდი წინაპრები“ ფარგლებში ინტენსიურად ვიაროთ სოფლებში ან აქ მოვიწვიოთ სოფლის ახალგაზრდები და ვესაუბროთ ჩვენს დიდ წინაპრებზე. ხარაგაულის ყველა ბიბლიოთეკა აქტიურად ჩაერთვება საბიბლიოთეკო კვირეულში.
-როგორია ახალგაზრდების მომართვიანობა ბიბლიოთეკებში?
-ახალგაზრდებს ხშირად ვეუბნები, რომ არ არის საკმარისი ის ცოდნა, რასაც სასწავლო წიგნებიდან იღებენ. საჭიროა უფრო მეტი დამატებითი ლიტერატურის გაცნობა.
მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ისინი წიგნებს დაშორდნენ. ახალგაზრდა თაობა ძალიან განვითარებულია. თუმცა ვერც ერთი ტექნოლოგია წიგნს ვერ შეცვლის.
ხარაგაულელი მოსწავლეები გასაოცარ უნარებს იჩენენ ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებაში. ის ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვენ ინოვაციების ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, დეკემბერში ტექნოპარკში, სამდღიან ტრენინგზე, იმყოფებოდნენ. სხვა რეგიონის ინოვაციების ცენტრიდან ტრენინგში 3-4 მოსწავლე ჩაერთო, ხოლო ხარაგაულიდან – 9 მოსწავლე. ეს ნამდვილად დასაფასებელია.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების