ორი წელია, რაც მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავარია. ამბობს, რომ ხარაგაულისა და ხარაგაულელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მისი წინაპრები ხარაგაულელები არიან. მამა სოფელ წაქვადანაა, დედა კი ბჟინეველი გოგოლაძეა.
ეპარქიაში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე მეუფე მელქისედეკს (ხაჩიძე) ვესაუბრეთ. მეუფე შობა-ახალ წელს გვილოცავს და გვლოცავს.
-მეუფე, გვიამბეთ თქვენზე.
-ხაშურში დავიბადე, ქუთაისში გავიზარდე. 1992 წელს ქუთაისის #32 სკოლა დავამთავრე. მოსწავლეობისას მეუფე კალისტრატეს სტიქაროსანი ვიყავი. მისი ლოცვა-კურთხევითა და რეკომენდაციით თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. სემინარიაში სწავლისას პატრიარქის სტიქაროსნად ვმსახურობდი. თბილისში სწავლა რომ დავამთავრე, ქუთაისში გელათის სასულიერო აკადემიაში ჩავირიცხე. შემდეგ ისევ თბილისში დავბრუნდი და სწავლა თბილისის სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე.
1998 წელს უწმინდესმა სასწავლებლად ათენის უნივერსიტეტში გამაგზავნა. ბერძნული ენის კურსი წარმატებით დავძლიე და ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე ჩავირიცხე, იქვე დავამთავრე ასპირანტურა, დავიცავი საკანდიდატო და შემდეგ სადოქტორო ნაშრომი.
2004 წელს ათენში ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად მაკურთხეს. 2005 წლის 31 აგვისტოს მეუფე აბრაამმა ბერად აღმკვეცა. 2005 წლის 11 სექტემბერს უწმინდესმა იღუმენობა მომანიჭა, 2008 წლის 21 თებერვალს – არქიმანდრიტობა.
2008 წელს ესპანეთის ქალაქ არნედოში გავემგზავრე. იქ ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. შაბათ-კვირას წირვა-ლოცვას ვატარებდით. ექვსი თვის შემდეგ, როცა უწმინდესმა იქედან წამომიყვანა, უკვე 80 კაცი მაზიარებელი გახლდათ.
მინდა, ყველა ემიგრანტს ახალი წელი და შობა მივულოცო. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკლესიის თანადგომა. ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში მალე დაბრუნდნენ.
2008 წლის ზაფხულზე თბილისის წმინდა სამების მონასტერში მღვდელმსახურად დავინიშნე.
2009 წლის აპრილში კვიპროსის კიკუს მონასტრიდან ღვთისმშობლის ხატის ასლი უნდა ჩამოგვებრძანებინა. წირვის შემდეგ მონასტრიდან რომ გამოვდიოდით, წვიმა წამოვიდა. იქაურმა ბერებმა გვითხრეს, რომ აქ სამი წელია, არ უწვიმიაო. საოცარია, რომ მონასტრიდან წამოსულს უწმინდესმა დამირეკა და მითხრა, – დღეს წმინდა სინოდის კრება ჩატარდა და თქვენ მღვდელმთავრად გამოგარჩიეთო. ეს ჩემთვის მოულოდნელობა და ღვთის დიდი მადლი იყო.
მინდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთში დიაკვნად და მღვდლად აპრილში მაკურთხეს. მღვდელმთავრადაც აპრილში გამომარჩიეს, ჩემი დაბადების დღე აპრილშია და ალბათ, იმ ქვეყანაშიც აპრილში წავალ.
ექვსი წელი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმთავარი ვიყავი. ორი წელია, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავარი ვარ.
-მეუფე, ბერობა რატომ გადაწყვიტეთ?
-ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ – ეს უნდა შეიგრძნო. ყველაფერში უფლის ხელს ვხედავ. ჩემთან ერთად ვინც სწავლობდა და ბერობა სურდა, ყველას ხუთი და შვიდი შვილი ჰყავს, ვინც გეგმავდა დაოჯახებას, თითქმის ყველა ბერია. ამიტომ ღვთის ხელი ურევია ყველაფერში და ამ არჩევანშიც.
–როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავრობა დაგეკისრათ?
-ჩემი წინაპრები ხარაგაულიდან არიან. მამა წაქვადან, დედა ბჟინევიდან. ბებიაჩემი ნადაბურელი გელაშვილია, – თურმე მღვდლების შთამომავალს ეძახდნენ. ყველა მისი წინაპარი სასულიერო პირი ყოფილა. წინაპრების ლოცვა ძალიან ბევრს ნიშნავს.
ხაშურში დავიბადე, ქუთაისში გავიზარდე, თბილისსა და ათენში ვისწავლე, ესპანეთში ვმსახურობდი, შემდეგ – კახეთში და ბოლოს უფალმა წინაპრების ფესვებთან – ხარაგაულში მომიყვანა. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ეს ეპარქია, როგორი მომავალი ექნება როგორც სულიერად, ისე ყველა მიმართულებით.
-მეუფე, ეპარქიაში სამი ათეული სასულიერო პირია. სოფლებში აღდგენილი და ახალაშენებული ეკლესიები მოძღვრებს ელის იმ დროს, როცა ქალაქებში ერთ ეკლესიაში რამდენი მღვდელია. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, რომ სოფლებში ისეთივე სიხშირით ტარდებოდეს წირვა-ლოცვები, როგორც ქალაქებში?
-ღვთის შეწევნაა, თორემ ჩვენ ამდენსაც ვერ შევძლებდით. ძალიან ბევრს შრომობენ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები. მაგალითად, მამა ანტონი ხარაგაულის სამლოცველოშია, გიმნაზიის დირექტორია, წიფაში, ლეღვანში, ფარცხნალში, ლაშეში, თეთრაწყაროში, მიროწმინდაში, ვანში წირავს.
რეალობაა, რომ ჩვენ არ გვყავს კადრები. სასულიერო პირების კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გამოარჩევ და ვერ აკურთხებ. ვცდილობ, განათლებასთან ერთად ყურადღება მის სულიერ მდგომარეობას მივაქციო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს ღვთის, ეკლესიისა და სამშობლოს მოყვარული სასულიერო პირები. ფაქტია, რომ უკეთესად ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით. უფრო უკეთესად ვიქნებით 2017 წლის ბოლოს და ეს აუცილებლად თვალსაჩინო იქნება.
ბევრი სასულიერო პირი ჩვენი ეპარქიიდან სხვაგან მოღვაწეობს. ვერ მოგვყავს, რადგან უნდა უზრუნველყო საცხოვრებლითა და ელემენტარული პირობებით. რის საშუალებასაც გვაძლევს ეპარქიის შემადგენლობა, იმას ვახერხებთ.
მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენი მამები. ზესტაფონის გარდა ყველა მათგანი სოფელშიც წირავს. არ ვჩქარობ სასულიერო პირების კურთხევას, მაგრამ თუ სულიერი მზაობა დავინახე, ასაკის მიუხედავას, ვაკურთხებ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მამა სიმონი (მჭედლიძე) 65 წლის ასაკში ვაკურთხე.
ჩვენი ეპარქიიდან ბევრი ახალგაზრდა ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობს. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მცირედით მაინც დავეხმარო. ეპარქიის მწირი შემოსავლების მიუხედავად, ცხრა სტუდენტს ყოველთვიურად 50-50 ლარი სტიპენდია დავუნიშნე. ვეხმარები, რომ გზის ფული მაინც ჰქონდეთ. შემდგომში მათი სწავლა-განათლება ეპარქიას უნდა გამოადგეს. უმნიშვნელოვანესია, რომ ინვესტიცია ახალგაზრდების სწავლაში ჩავდოთ.
-მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ბევრი აღსადგენი ტაძარია. თუ აქვს საპატრიარქოს ან ეპარქიას გეგმა გასულ საუკუნეში დანგრეულ ეკლესიათა აღსადგენად?
-სამწუხაროდ, საპატრიარქოსაც მწირი დაფინანსება აქვს. ის 25 მილიონი ლარი, რომელსაც სახელმწიფო აძლევს, სწავლა-განათლებაზე იხარჯება. უწმინდესის ხედვაც ასეთია, რომ ჩვენ განათლებული სასულიერო პირები უნდა გვყავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია მშენებლობა, მაგრამ საპატრიარქოს საამისო სახსრები, სამწუხაროდ, არ აქვს.
სახელწიფო ძალიან ბევრს აკეთებს ტაძრების აღსადგენად, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხერხდება. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ტაძარი ინგრევა და ვერ შველი. წარმოიდგინეთ, მღვდელმთავრისთვის ეს რამხელა ტკივილი და ტრაგედიაა.
-ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია ერთ-ერთი საუკეთესოა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შედეგებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სკოლა არ არის ჩართული იმ პროგრამებში, რომლითაც საჯარო სკოლები სარგებლობენ (პირველკლასელებისა და წარჩინებული მეათეკლასელების კომპიუტერებით დაჯილდოება, სასკოლო ავტობუსით სარგებლობა, პედაგოგთა მონაწილეობა ტრენინგებში). რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასულიერო გიმნაზიის წარმატებული მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სახელმწიფო პროგრამები?
-ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ გიმნაზიის მოსწავლეები სახელწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ.
2016 წელს იმდენი მოვახერხეთ, რომ გიმნაზიის პედაგოგთა და თანამშრომელთა ხელფასი ყოველ თვეში გაიცა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორი ინფრასტრუქტურა დამხვდა. კეთილი ადამიანების თანადგომით მივაღწიეთ, რომ გიმნაზიის რვა საკლასო ოთახი გარემონტდა. ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გადმოგვირიცხეს, ერთმა პიროვნებამ გარკვეული თანხა შემოწირა.
მინდა მადლობა ვუთხრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას იმ თანადგომისთვის, რაც მათ გიმნაზიისა და ხარაგაულში საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის გამოხატეს. მადლიერებას გამოვხატავ ზესტაფონის ფეროს ქარხნის ადმინისტრაციის მიმართ. უკეთესობას ვხედავთ და ეს უკეთესობა 2017 წელს გაგრძელდება.
ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი მეშვეობით მადლობას გადავუხდი ირაკლი ებანოიძეს. ხშირად აღვნიშნავ ამას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მან გამაოცა თავისი ადამიანობით, თავისი დამოკიდებულებით ეკლესიისა და გიმნაზიის მიმართ. საშენი მასალით გვეხმარებოდა და ზოგჯერ თავად უხდიდა მუშებს ხელფასს.
ბატონი ირაკლი ჩემთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა იღვწოდეს ერისკაცი ეკლესიისთვის, თავისი რაიონისა და იმ სკოლისათვის, რომელიც არის ძალიან წარმატებული არა მარტო ჩვენს ეპარქიაში, არამედ მთელ საქართველოში.
უმორჩილესად ვთხოვ ხარაგაულელებს, იმათაც, ვინც ახლა ხარაგაულში არ ცხოვრობენ, რომ გიმნაზიას გვერდით დაუდგნენ. მწირი დაფინანსების მიუხედავად, მაქსიმუმი გაკეთდა. თუ ასეთი თანადგომა გაგრძელდება, მომავალ სასწავლო წელს სრულად გარემონტებული შენობით შევხვდებით.
-მეუფე, დღეს ეკლესიები სავსეა მრევლით. თუმცა ისევ ხშირია მკვლელობა, დანაშაული, ადამიანთა შორის სიძულვილი. რა აკლია დღეს ჩვენს საზოგადოებას იმისთვის, რომ მოყვასში უფალი დავინახოთ?
-გეთანხმებით. ეკლესიაში სიარული არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უკვე ცხონებულია. ცოცხალ ადამიანს ყოველწამიერად ებრძვის ბოროტი ძალა. უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი სიყვარულია. უფალს ყველა ვუყვარვართ. ყოველთვის ასე უნდა ვიმსჯელოთ – ღმერთი ხომ გვპატიობს, ამიტომ ჩვენც უნდა ვისწავლოთ სხვისთვის პატიება. უფალს უნდა შევთხოვოთ, რომ მოგვმადლოს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოგვმადლოს პატიების ნიჭი.
ვთქვათ გაწყენინათ ადამიანმა, დაფიქრდით აბა, თქვენ რამდენჯერ აწყენინეთ უფალს. მას რომ მყისიერი რეაქცია ჰქონოდა, მაშინ ცოცხლები არც ერთი აღარ უნდა ვიყოთ. ღმერთი აყოვნებს, მაგრამ არ ივიწყებს. გველოდება, როდის მოვინანიებთ. თუ შენს წინაშე დანაშაულის ჩამდენს ეტყვი, რომ აპატიე, ის შენს დიდსულოვნებას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაიგებს. ეს არის რაც ჩვენ გვაკლია – ერთმანეთის, ღვთის სიყვარული და პატიების უნარი.
-ცნობილია თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ხარაგაულისა და ხარაგაულელებისადმი. რით არის თქვენთვის ეს კუთხე გამორჩეული?
-მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში – ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში, ძალიან ნიჭიერი და ღვთისმოსავი ხალხი ცხოვრობს. ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები სახელგანთქმულები არიან არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჩვენი ეპარქია სასულიერო პირების აკვანია.
ხარაგაული გამორჩეულია იმ ისტორიული ფაქტით, რომ აქ წმინდა გრიგოლ ხანძთელი მოღვაწეობდა. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მის მიერ აგებული ერთადერთი ტაძარი გვაქვს და ისიც ხარაგაულშია, – უბისაში.
გამორჩეულია ზესტაფონში ტაბაკინის მონასტერი, ხარაგაულში – ნუნისისა და ვანის ეკლესიები.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია ტერიტორიულად საქართველოს ცენტრია. მინდა, მწამს და მჯერა, რომ ჩვენი ეპარქია საქართველოში სულიერების ცენტრი იქნება.
ზესტაფონში საკათედრო ტაძართან ორსართულიან შენობას ვაშენებთ, სადაც საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა. იქ გაიმართება ცნობილი ისტორიკოსებისა და სასულიერო პირების ლექციები. მინდა, რომ მრევლმა გაიღრმავოს სასულიერო განათლება.
ეპარქიის რეზიდენცია ზესტაფონშია, მაგრამ აუცილებლად ვთვლი, რომ მღვდელმთავრის რეზიდენცია ხარაგაულშიც გვქონდეს. იმედია, ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.
-მეუფე, თქვენ ბრძანდებით ჩვენი განახლებული გამოცემის „ჩემი იმერეთი“ პირველი ნომრის სტუმარი.
-ძალიან მნიშვნელოვან და კარგ საქმეს ეყრება საფუძველი. მივესალმები, რომ იმერეთის ამბები უფრო მასშტაბურად გაშუქდება. წარმატებებს გისურვებთ. თქვენი საინფორმაციო წყარო ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე ყოფილიყოს და ძალიან ყვარებოდეს ყველა იმერელს.
-დალოცეთ მარგვეთისა და უბისის ეპარქია.
-ჩემო ძვირფასებო, ჩემო სულიერო შვილებო, გილოცავთ შობას და ახალ, 2017 წელს. ეს წელი ყოფილიყოს სიყვარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის მომტანი. გახარებული და დღეგრძელი გამყოფოთ ღმერთმა. სულიერი სიმტკიცე და სიუხვე გქონოდეთ. სიკეთე მოგცეთ ღმერთმა.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების