13 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა დიდხანს იმსჯელეს ახალაგებული სპორტული დარბაზის მუნიციპალიტეტისთვის ჩაბარების თაობაზე. როგორც ბიუროს წევრებმა აღნიშნეს, ადგილობრივი ხელისუფლება სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. შენობის ჩასაბარებლად ინსპექტირების კომისია დადებით დასკვნას არ წერს, რადგან შენობაში, კომისიის წევრთა თქმით, სერიოზული ხარვეზებია. ხარვეზები საკრებულოს მიერ მოწვეულმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმაც დაადასტურა. კერძოდ, ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „სამუშაოები ძირითადად შესრულებულია დამაკმაყოფილებელი ხარისხით, გადახრები ნორმის ფარგლებშია. რიგ ადგილებში შეინიშნება შემდეგი გადახრები: პირველ სართულზე გასასვლელ კორიდორში კედელზე დაფიქსირებულია ნალესის ბზარი. როგორც პირველ, ასევე მეორე სართულზე მინის ნაცვლად ჩასმულია მეტალოპლასტმასის ვიტრაჟი. მეორე სართულის იატაკზე დაგებული პარკეტის საფარი რიგ ადგილბში არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს არსებული უსწორობებისა და ღრეჩოების სიდიდის გამო.“
საკრებულოს იურისტი ინგა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამას გარდა შენობაში სხვა ხარვეზებიცაა. მშენებელს კომისიის მიერ რამდენჯერმე მიეთითა სხვადასხვა ხარვეზის შესახებ და თითქმის ყველა გამოსწორებულია. „მე ცალსახად ვამბობ უარს შენობის მიღებაზე. გაასწოროს ყველა ხარვეზი მშენებელმა და მერე მივიღოთ. კომისია ვერ დაწერს დადებით დასკვნას,“ – ამბობს ინგა ლურსმანაშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი ამბობს, რომ მას მტკიცე პირობა აქვს მიღებული მშენებელისგან და ის მაისში ყველა ხარვეზს გამოასწორებს. მისივე თქმით, ხარაგაულის სპორტულ სკოლაში აღარ არის საჭიდაო დარბაზი. ამიტომ ახალ შენობაში ვარჯიშობენ მოჭიდავეები. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, უფრო მეტი საქმე გაფუჭდება იმ შემთხვევაში, თუ შენობას არ ჩაიბარებენ წლის ბოლომდე. „მშენებელი გვთავაზობს, ჩავიბაროთ შენობა. ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ უფრო გამოჩნდება ხარვეზები და მშენებელი ყველაფერს ერთბაშად გამოასწორებს,“ – ამბობს აკაკი მაჭავარიანი.
„ვთქვათ, ჩავიბარეთ შენობა ხარვეზებით და დავტვირთეთ. მერე რომ მოგვიბრუნდეს მშენებელი და გვითხრას, აქ ეს ხარვეზები არ იყო და არ გავაკეთებო, რას ვშვრებით, “- კითხულობს ინგა ლურსმანაშვილი. მისივე თქმით, მშენებელი ვალდებულია, სანამ შენობას არ ჩავიბარებთ, იქ არავინ შეუშვას და მოუაროს. ინგა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მშენებელმა კარგად იცის და აღიარებს ყველა არსებულ ხარვეზს, თუმცა მან ამის შესახებ აგვისტოშიც იცოდა. „ამინდები მაშინაც იყო, ეზრუნა ხარვეზების გასასწორებლად. არ უნდა ჩვაიბაროთ ხარვეზიანი ობიექტი. ამ საქმით თუ დაინტერესდება ვინმე, აუცილებლად ჩვენ შემოგვიბრუნდება ცუდად, რატომ ჩაიბარეთ ხარვეზიანი ობიექტიო,“ -ამბობს იურისტი.
დეპუტატ იუზა კელენჯერიძის წინადადებით, საკრებულოს წევრებმა უნდა მოილაპარაკონ მშენებელთან, წერილობით გააფორმონ ყველა მისი პირობა და კონკრეტული ვადები ჩაწერონ. ამ წერილს მისცენ დოკუმენტის სახე. ამავე დროს წერილობით უნდა დასაბუთდეს, რომ შენობის მიუღებლობა უფრო მეტს აფუჭებს. „ერთსულოვანნი ვიყოთ და მშენებელმა ვერ გაბედოს მერე უარი ხარვეზების გამოსწორებაზე,“ – აღნიშნა იუზა კელენჯერიძემ.
საკრებულოს იურისტის თქმით, ეს კანონიერი ქმედება ვერ იქნება.
დეპუტატები ამ საკითხზე მსჯელობას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზეც გააგრძელებენ.
nცნობისთვის, ხარაგაულის სპორტული დარბაზის შენობის აგებაზე მილიონ შვიდასი ათასი ლარია დახარჯული. სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „იბერიამ“ შეასრულა. სპორტული დარბაზი 2012 წლის 11 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.
ნინო კაპანაძე
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლის განრიგი 17 ნოემბრიდან
ოქტომბრის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვაშლევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე შოთი წიქარიშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი – საღანძილის, ნადაბურისა და
„სულაკაურის გამომცემლობა“ უერთდება კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს!“