გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა შემოგვთავაზა პროექტი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, რომელიც მრავალგვარ აქტივობებს მოიცავს. აქედან ერთ-ერთია ლაშქრობა-ექსკურსია, რომელიც ნიკო კეცხოველის მიერ გავლილი გზის რომელიმე მონაკვეთის დალაშქვრას გულისხმობს.

სად იმოგზაურა დიდმა ქართველმა ბოტანიკოსმა, ეს რომ გაგვეგო, ამისათვის ერთად წავიკითხეთ ელექტრონული წიგნი „მეცხრე მთაც გადავიარეთ“. საექსკურსიო მარშრუტად ვანი-ბაღდათი-აჯამეთი ავარჩიეთ. ჩვენთან ერთად ეს გზა ჩვენი სკოლის დირექტორმა თამარ წიწილაშვილმა გაიარა.

ვანში გალაკტიონის სახლ-მუზეუმი მოვინახულეთ. საინტერესოა, რომ ამ ეზოში იასამანი ისევ ხარობს. ვნახეთ გალაკტიონის ბაბუის დარგული 250 წლის ცაცხვის ხე, მარანი მიწაში ჩაფლული ქვევრებით.

ასევე ძალიან გვაინტერესებდა გვენახა ახვლედიანების გორა. ნიკო კეცხოველი წიგნში მოგვითხრობს: „სოფელ საჩინოში ახვლედიანების კარ-მიდამოზე ხშირად პოულობენ ოქროს ნივთებსა და ფულს. ასეთ ამბავსაც ამბობენ: ახვლედიანების მამულში დიდხანს მუშაობდნენ სვანები. ერთ მშვენიერ დღეს გაქრნენ, დამქირავებელთან ანგარიშიც კი არ გაუსწორებიათ. ამბობენ, განძი ნახეს და ის წაიღესო“…

ოქროს დღეს ვეღარ პოულობენ, მაგრამ როგორც მუზეუმის ხელმძღვანელმა გვითხრა, ახალი გათხრებისთვის ემზადებიან. ახვლედიანების მამულში ვნახეთ 300 წლიანი მუხის ხე, რომელიც ამაყად გადმოყურებს ამ გორას. დავათვალიერეთ მუზეუმი. განსაკუთრებით მოგვეწონა ქანდაკება „პირველი თამადის“ აგრეთვე ოქროს ნივთები.

თუმცა თავისი მოგზაურობის დროს ნიკო კეცხოველს არ შეუვლია, რადგან უკვე ნამყოფი იყო, მაგრამ ჩვენ დავათვალიერეთ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი. აქედან გავეშურეთ აჯამეთის  ნაკრძალისკენ, რომელსაც დღეს აღკვეთილი ჰქვია. იგი 45 წელია, რაც არსებობს და 5 300 ჰა ფართობი უჭირავს. აღკვეთილი რეინჯერმა აკაკი დემეტრაძემ დაგვათვალიერებინა.

ნიკო კეცხოველი წერს: „ჩვენი მგზავრები აღაფრთოვანა აჯამეთის ძელქვნარის ნაკრძალმა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ თვით ძელქვას კოლხური და იმერული მუხა სჭარბობს, მაგრამ ბევრგან ძელქვა კარგ კორომებსა ქმნის. გარდა მუხისა და ძელქვისა, გვხვდება ნეკერჩხალი, იფანი, პანტა, მაჟალო, კუნელი და სხვა ასეთი. აქ არის სანადირო მეფეთა, აღვსილი დიდ მცირეთა ნადირითა, საქებელი ფრიად, ზამთარი თბილი, ზაფხული ცხელი გაუძლები.“

ჩვენც აღვფრთოვანდით აჯამეთის აღკვეთილის ნახვით. დღეისთვის აქ იზრდება 525 სახეობის მცენარე. აქედან ძირითადია ძელქვა, მუხა, ნეკერჩხალი, კუნელი, თაგვის სარა; ცხოველებიდან – ტურა, მგელი, შველი, მელა.

ძელქვის კორომები დღესაც მრავლადაა შემორჩენილი. ერთ-ერთია იაპონური ჯიშის ძელქვის კორომი, რომელსაც 2 ჰა ფართობი უჭირავს. აქ არის მრავალწლიანი ძელქვებიც, უმეტესობა 300 წლის. ვნახეთ გეგუთის ციხის კოშკურა, საიდანაც ადრე მებრძოლები მტერს უთვალთვალებდნენ.

შემოღობილ ტერიტორიაზე ძელქვის დათესვას აპირებენ. ძალიან გაგვეხარდა, ძელქვის ნერგებით რომ დაგვასაჩუქრეს. ძელქვის გარდა აქ არის იმერული მუხა, რომელიც მარტო საქართველოშია გავრცელებული. როგორც ბატონმა აკაკიმ გვითხრა, სოფელ ეწერში რკოს დასათესად 9 ჰა ფართობი მოამზადეს. დავათვალიერეთ სანერგე მეურნეობა, სადაც იმერული ჯიშის მუხა უკვე მზადაა გადასარგავად.

ძალიან კმაყოფილი დავრჩით ნიკო კეცხოველის განვლილ გზაზე მოგზაურობით. პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება. ჩვენ შედეგებს ველოდებით.

მადლობა CENN-ს ასეთი საინტერესო პროექტის შემოთავაზებისათვის. მადლობა გამომცემლობას „ჩემი ხარაგაული“, რომელიც მუდმივად მხარში გვიდგას.

ელისო არჯევანიძე
კიცხის საჯარო სკოლის ეკო კლუბის კოორდინატორი