21f079f2e5d9მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია შეხვდა. ამ შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამგებლის მოადგილე მიხეილ ჭიპაშვილი და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი დავით დევდარიანი იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ახალი ამბულატორიების ასაშენებლად მუნიციპალიტეტებში მიწების გამოყოფისა და შესაბამისი კომუნიკაციების მოწესრიგების საკითხი.

2014 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოში 81 ახალი ამბულატორიის აშენებას გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი – წიფაში აშენდება.

დავით დევდარიანი: – წიფაში საექიმო ამბულატორიის ახალი შენობის აგება გადაწყვეტილია. მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ წვლილსა და საქმიანობაზე, რაც მუნიციპალიტეტმა უნდა გასწიოს. წიფაში ამბულატორიის მშენებლობას  ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. ჩვენ უნდა გამოვყოთ ადგილი მშენებლობისათვის, ჩავატაროთ მოსამზადებელი სამუშაოები და უზრუნველვყოთ კომუნიკაციების მიყვანა – წყალი იქნება ეს თუ ელექტროენერგია. შენობის ფუნდამენტი უნდა დავახვედროთ მზა კონსტრუქციას, რომელსაც მოიტანენ და ააწყობენ. ჯანდაცვის სამინისტრო აღჭურავს ამბულატორიას სამედიცინო აპარატურით.

ჩვენ წიფაში გვაქვს დარეგისტრირებული ადგილი – ყოფილი ამბულატორიის ტერიტორია, სადაც ნანგრევია დარჩენილი. საჭიროა ნანგრევის დემოტაჟი. ქვეყანაში ამბულატორიების მშენებლობა წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით დაიწყება.