„არა, კი არ მემძიმა
წუთისოფლის ჯამბარა,
რაღაც უფრო სხვაგვარმა
ფიქრის ტალღამ დამფარა…

და გაფრინდნენ დღეები,
სხვებს კი რაღაც ჰგონიათ,
გულცივობას მწამებენ
სიყვარულის გოლიათს…

ალბათ შენ თუ გიცდიდი,
ფრთაფარფატა ნარჩიტავ,…
მოფრთხიალდი, ამავსე
სულ სხვაგვარი გარჯითა!

ეს ლექსი შენ დაგიწერე. არ ვიცი, გიყვარს თუ არა ლექსი. არც ის ვიცი, ამ ფიქრებმა რით მოძებნეს ჩემთან ბინა. არ გაგიკვირდეს, არც შეიცხადო, რომ ასე პირდაპირ გეუბნები და თანაც წერილობით. ისე კი ასეთი ამბავია: სადაც არა ხარ, იქ არც მე მინდა ვიყო“…

ასე იწყება 1966 წლის 18 თებერვლით დათარიღებული წერილი, რომელიც მომავალი მეუღლისგან მიიღო და დღემდე სათუთად ინახავს. ღმერთის მადლიერია, რომ არჩევანში არ შეცდა. ორმოცწლიანი თანაცხოვრების მანძილზე მეუღლესგან არც ერთი წყენა და ხმამაღალი სიტყვა არ ახსოვს.

მაყვალა ფერაძისა და გივი გოგოლაძის სიყვარულის ისტორია მსურს გიამბოთ. მე მათი ნამოწაფარი ვარ. ამიტომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ნამდვილად არ მომჩვენებია, – მაყვალა მასწავლებელი ისევ ისეა შეყვარებული მეუღლეზე, როგორც 50 წლის წინ და ეს გივი მასწავლებლის დამსახურებაა.

მაყვალა ფერაძემ სიყვარულის ისტორიის თხრობა საკუთარი ბავშვობიდან დაიწყო:

1942 წლის 25 ივლისს დავიბადე. ამქვეყნად ჩემი მოვლინება მამამ – ალექსანდრე ფერაძემ – ფრონტზე, ტყვიების ზუზუნში გაიგო. მერე იყო მხოლოდ ორი სამკუთხა ბარათი და… სამგლოვიარო დეპეშა, რომელიც იუწყებოდა, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის ერთ „უსახელო მაღლობზე“ მტერთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ჩოხატაურელ თავაძესთან და უზბეკ ბაიაზიტოვთან ერთად საძმო საფლავი გაიზიარა.

1972 წელს წითელკვალმაძიებელი ჟურნალისტი სტეფანე კაშურკო საპატიო დელეგაციასთან ერთად ჩვენს ოჯახს ვახანში ესტუმრა, მამას გმირული ბრძოლების ამსახველი მასალები და ქ. იზიუმის საპატიო მოქალაქის მოწმობა გადმოგვცა. ახლობლები, ოჯახის წევრები და რაიონის წარმომადგენლები იზიუმს ვესტუმრეთ. შინმოუსვლელი ჯარისკაცის ქვრივმა დაუძლურებულ შვილმკვდარ დედას შვილის საფლავიდან აღებული მხოლოდ ხის ტოტი და მიწა ჩამოუტანა.

უმამოდ დარჩენილი ორი და დედამ, ბებიამ და ბაბუამ გაგვზარდეს. ოჯახის წევრებს შორის საუკეთესო ურთიერთობების ფონზე გვასწავლეს ქართული ტრადიციები, მოყვასის სიყვარული, სტუმარ-მასპინძლობა, ადამიანების მხარში დგომა ჭირსა და ლხინში, ავისა და კარგის გარჩევა.

მერე იყო სკოლა… ინსტიტუტი… დიპლომი „წარჩინებით“ და საგზური კიცხის სკოლა-ინტერნატში, სადაც წელიწადნახევარი ვიმუშავე და პედაგოგიურ წრთობას ვიღებდი გოგი კალანდაძის, იოსებ აბულაძის, ენდი ბუაჩიძის, ზურაბ ფცქიალაძისა და სხვათა გვერდით.

1966 წლის იანვრიდან სამუშაოდ ა/კ რკინიგზის მარელისის საშუალო სკოლაში გადავედი და მაშინ დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. სკოლის დირექტორი – გივი გოგოლაძე – ჩემი ცხოვრების მეგზური აღმოჩნდა.

სიყვარული არც რაკეტაში აუხსნია და არც თეთნულზე, არც უდაბნოსა და არც ტაიგაში. ეს მოხდა სამტრედიაში მასწავლებელთა კონფერენციაზე მიმავალ ავტობუს „იკარუსში“… მანამდე იყო გულწრფელი სურვილის მაუწყებელი ბარათი, რომ მე „ის“ ვიყავი. სადაც არა ხარ, იქ არც მე მინდა ვიყოო, მეტს არც ბარათს მოელოდე და არც ქუჩის სერენადებს, ასეთი რამეები შეუფერებლად და არავაჟკაცურად მიმაჩნია, დანარჩენს თვითონ გეტყვიო. თანაც მაფრთხილებდა, ჯერჯერობით ამ გამხელის მკაცრი კონსპირაცია აუცილებელია, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი სიმღერის დასაწყისია და არა უდღეური რაღაცო.

ბარათმა, რა თქმა უნდა, ამაფორიაქა. გადავწყვიტე, რჩევა მეკითხა ჩემი მამიდაშვილისთვის, რომელიც ძმობას მიწევდა ჭირსა თუ ლხინში და ეს ასეა დღესაც. რადგან ჩემი ავთანდილ გოგოლაძე გივის და მის ოჯახსაც კარგად იცნობდა, ჩემდა უნებურად, მას ვესტუმრე, როგორც ჭკვიანსა და დაკვირვებულს.

მან ზოგადი რჩევა მომცა და მითხრა „როგორი ჭკუაც გაქვს, ისეთი გადაწყვეტილება მიიღეო.“ ასეთმა რჩევამ კიდევ უფრო დამაბნია, მაგრამ დრომ დამარწმუნა, რომ „არაჩვეულებრივი ჭკუა“ მქონია… ერთი თვის შემდეგ ზეცაში ჩვენი ახალი ცხოვრების დაწყების ზარი დაირეკა.

ახალ ოჯახში დამხვდა უაღრესად თბილი გარემო – დედამთილ-მამამთილი, რომლებმაც შვილივით შემიყვარეს და მე შევძელი უმამოდ გაზრდილს, 23 წლის ასაკში, მამამთილისთვის „მამა“ დამეძახა. ბევრი კარგი მოგონება შემომინახა იმ წლებმა. ყოველ ზაფხულს ბავშვებთან ერთად სახვლარში ვატარებდით.

ბევრი სიკეთე და საუკეთესო თვისება შევიძინე ამ ოჯახში. სიცოცხლის ბოლომდე დავალებული ვიქნები და თავს ვხრი მათი ხსოვნის წინაშე. ნათელში ამყოფოს მათი სულები უფალმა. დედაჩემის შეფასებით, ისინი „კარგი შვილის გამზრდელი“ მშობლები იყვნენ.

რაც შეეხება ჩვენს ოჯახს, მე და გივი მართლაც საუკეთესოდ შევეწყვეთ ერთმანეთს. ჩვენ ოქრო-ვერცხლი არ დაგვიგროვებია… ოჯახის სამკაული იყო სიყვარული, პატიოსნება, კაცთმოყვარეობა, შვილები.

გულწრფელობამ, უანგარობამ, დიდმა სიყვარულმა, გაგებამ, პატივისცემამ, აზრის ურთიერთგაზიარებამ, მზრუნველობამ ცოლ-ქმარი ერთ დიდ მთელად გვაქცია. თუ გადამეტებულად არ ჩამითვლით, ახლობლების აზრით, ჩვენი ურთიერთობა ცოლ-ქმრობის ეტალონად მიიჩნევა.

ცხოვრება გაგრძელდა… იყო პირველი ქალიშვილის დაბადება, მერე – ვაჟის, მერე ისევ ქალიშვილის. გივის, როგორც მზრუნველ მამას, ბადალი არ ჰყავდა. გასული საუკუნის 70-იანი წლების ხარაგაულს ახსოვს, ალბათ, ყოველ დილით სამი ბავშვით საბავშვო ბაღში მიმავალი გივი გოგოლაძე, და-ძმაზე მზრუნველი 4-5 წლის ლაურა რძის რიგში, რომელიც ასევე „გურამი ბიძიასა“ და „კამფეტების დეიდა“ ლამარა ბუაჩიძის მაღაზიის ხშირი სტუმარი იყო.

ჩვენმა ზრუნვამ და შრომამ შედეგი გამოიღო. შვილებმა გაგვიმართლეს. სამივე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომებით დაგვიბრუნდნენ და ხარაგაულელთა სამსახურში ჩადგნენ. გივი განუმეორებელი იყო, როგორც მოსწავლეების, ისე აბიტურიენტების, სტუდენტებისა და ცხოვრების გზაზე გამოსული შვილების მამა.

მართალია ნაადრევი, მაგრამ ჩვენთვის დიდი მოვლენა იყო უფროსი ქალიშვილის დაქორწინება, ოჯახში რძლის შემობრძანება, რომელიც გივის თქმით, „მზის სხივის შემონათება“ იყო და ბოლოს მეორე ქალიშვილის დაფრთიანება. ეს ეტაპებიც ერთად წარმატებით გავიარეთ. გივის გვერდით სიძნელე და დაბრკოლება არ არსებობდა.

ჩვენს ოჯახში ახალი სიხარული და ბედნიერება მოიტანა შვილიშვილების შემომატებამ. მათ შორის პირველს – გიგას – ლექსი დაუწერა –

„შენა ხარ ჩემი ოქროს კუნწულა,
შენა ხარ ჩემი დიდი ბაჯაღლო,
ცოლი ბებიად რომ გამიხადე,
ეს რა მიქენი, შე მამაძაღლო.“

მერე მარიკამ, გიორგიმ, შოთამ, ლევანმა, ნინომ, ლიზიკომ, ოლიკომ გაალამაზეს ჩვენი ცხოვრება.

მერე… მერე გივის გარეშე ისევ განმეორდა ახალი „დიდი ბაჯაღლოები“ – ანანო და ნინო ლომიძეები ჩვენი ახალი თაობის გამგრძელებლები არიან.

გივის გარეშე დარჩენილი ჩვენი დიდი ოჯახი ითვლის შვილებზე ამოზრდილ სამ სტუდენტ ვაჟკაცს (გიორგი, ლევანი, შოთა), ენერგეტიკოს გიგას სალომესთან ერთად, წარმატებულ ექიმ -კარდიოლოგ მარიამს, თბილისის კომაროვის სახელობის სკოლის წარჩინებულ მეათეკლასელ ნინოს, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს ლიზასა და ოლიკოს, პირველკლასელ ანანოსა და ბაღელ ნინოსთან ერთად. სია გაგრძელებას ელის…

უბედნიერესი წუთები, რომელშიც ვცხოვრობდით პრინციპით – „ჯერ უნდა იყოს კაცი,“ 40 წლის განმავლობაში გრძელდებოდა 2006 წლის 26 ნოემბრამდე, როცა გივის მოსიყვარულე გულის ცემა შეწყდა…

გივის გარდაცვალებამ, როგორც ერთმა მეგობარმა თქვა, მთელი ხარაგაული დასვა ჭირისუფლად. ჩემთვის გაუსაძლისი და საშინელია ცხოვრება გივის გარეშე. ქარიშხალგამოვლილ, დაგლეჯილ-დალეწილ, მხოლოდ ფესვებშერჩენილ ხეს დავემსგავსე. მანამდე დიდი ნებისყოფისა და უაღრესად გაწონასწორებული, მდინარის საწინააღმდეგო დინებამ გამიტაცა. იყო აუტანელი მწუხარება, დეპრესია, ეჭვიანობა, გულის გატეხვა, ჯანმრთელობის მკვეთრი შერყევა… სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ერთი ლექსი მისი პოეზიიდან, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა:

ო, არა ჭმუნვა, ო, არა ცრემლი,
დაჭკნება ვარდი ჭმუნვით და გზნებით,
გამოვექცევი ღამის სიბნელეს –
და მოვალ შენთან სიზმრების გზნებით.

რამდენიმე წლის მანძილზე ღამე დღედ მექცა – ყოველ ღამე მესიზმრებოდა, მამშვიდებდა, მწუხარებას მინელებდა.

მას შემდეგ ათი წელი გასულა, მაგრამ დრო ვერ გამოდგა მკურნალად. ხსოვნა სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა. დღეს თუ ცხოვრებას ვაგრძელებ, ამაში ლომის წილი ჩემს მეორე ოჯახს, – ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის არაჩვეულებრივ კოლექტივსა და მის ღირსეულ ხელმძღვანელს, ბატონ ვალერი გოგნაძეს მიუძღვის. ეს ის კოლექტივია, რომლის თავკაციც 25 წლის განმავლობაში სწორედ გივი გოგოლაძე იყო.

დიდი თანაგრძნობისა და გვერდში დგომის შედეგია ის, რომ გივი დღემდე ჩვენთან ერთადაა სკოლის დერეფნებსა და კლასებში, ღონისძიებებსა და ნებისმიერ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეკრებებზე. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს უმცროს მეგობრებს, კეთილ ადამიანებს, რომელთა შორის ჩვენი აღზრდილებითაც ვამაყობთ.

მადლობა ამ ხნის მანძილზე ხუთჯერ მოსწავლეებთან გამართული გივის ხსოვნის საღამოსთვის. ხანდახან ვფიქრობ, თუ თითოეული შეხვედრისას მინიმუმ 50 ლექსი გაცოცხლდა სხვადასხვა ასაკის თვალხატულა მოსწავლეების მიერ, ეს ნიშნავს, რომ 250-მა ახალგაზრდამ შეიყვარა და სული შთაბერა მის პოეზიას. ამას დავამატოთ მადლიერი ხარაგაულელების მიერ სავიზიტო ბარათად ქცეული „პრასიც გემრიელია ჩემი ხარაგაულის,“ „მე და ცოლიკაური,“ „ჯერ უნდა იყო კაცი“ და ა. შ. ეს ნამდვილი უკვდავებაა და ამისთვის ღირდა სიცოცხლე.

რამხელა ისტორია გამოვიდა. არადა, კიდევ რამდენი რამ დარჩა სათქმელი, თითოეულ ეპიზოდზე ტომები დაიწერება.

რაც შემეხება მე, არსებობს ჩემი 53 წლის პედაგოგიური საქმიანობის შემფასებელი სხვადასხვა ჩანაწერები, ყოფილი მოსწავლეების მოგონებები და სურვილები ფეისბუქზე, სხვადასხვა ოფიციალური ჯილდოები, მაგრამ უდიდესი ჯილდო, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არის წოდება – „მაყვალა მასწავლებელი,“ როგორც მომმართავს სრულიად ხარაგაული.

მინდა ჩემს ხალხს, ჩემს ხარაგაულს საახალწლოდ ვუსურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატებები ყველა მიმართულებით, გამრავლება და გაძლიერება.

გაუფრთხილდით სიყვარულს!!!

ნინო კაპანაძე

 ფოტოებზე: მაყვალა ფერაძე უფროს შვილთაშვილ – ანანო ლომიძესთან ერთად; მაყვალა ფერაძისა და გივი გოგოლაძის ოჯახი; გივი გოგოლაძე შვილიშილებთან – ლევან, გიორგი გოგოლაძეებთან და შოთა ლომიძესთან ერთად