წარმატებული პედაგოგი, ისტორიკოსი, ხატმწერი, მგალობელი, წერს ლექსებსა და მოთხრობებს. ზეინაბ ბუაჩიძე ხარაგაულში შვილთან გივი კურტანიძესთან, რძალ მარიკა ხარატიშვილთან და სამ შვილიშვილთან – ვაჩესთან, ერეკლესა და სოლომონთან ერთად ცხოვრობს.
მისი ყოველი დილა შვილიშვილებზე ფიქრით იწყება. საახალწლოდ აქტიურად ემზადება. ძველით და ახლით ახალ წელს ერთნაირად, ოჯახურ ატმოსფეროში, ზეიმობს.
„ხუთი წლის ასაკამდე ბავშვობა ბორჯომში, ბებოსთან, გავატარე, – იხსენებს ზეინაბ ბუჩიძე, – ჩვენს ოჯახში საახალწლოდ, ტრადიციულად, ის ამზადებდა გოზინაყს, მერე დედაჩემი ახლა ეს საქმე მე გადმომებარა. 12 საათზე, როდესაც საათი 12-ჯერ ჩამოკრავს, ოჯახის ყველა წევრს საკუთარი ხელით ვაწვდი გოზინაყს და ვეუბნები, – „ასე ტკბილად დამიბერდი“. ამ ტრადიციას ალბათ შემდეგ მარიკა გადაიბარებს. ეს ჩვენი ოჯახის საახალწლო ტრადიციაა.
„გივიკო რომ დაქორწინდა, ერთხანს შვილი არ უჩნდებოდათ. 2011 წელი რომ დგებოდა, ვგრძნობდი, რომ ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატებოდა. ამ წინათგრძნობით გამოვაცხვე პატარა ხაჭაპური, – ეს ჩემს შვილიშვილს-მეთქი და დავდე საახალწლო სუფრაზე. იმ წელს დაიბადა ჩემი პირველი შვილიშვილი ვაჩე, მას შემდეგ გავმრავლდით,“ – გვიამბობს ქალბატონი ზეინაბი.
„ჩემს ბავშვობაში ახალ წელს ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ დენი მოდიოდა, – იხსენებს გივი კურტანიძე, – საშუალება მქონდა, ტელევიზორში საახალწლო ფილმები და გადაცემები მენახა.
მე და მარი შეყვარებულები ვიყავით, როცა ახალი წლის ღამეს, თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი, ღამის 12 საათზე, ლაშეში მარისთან ავედი და საახალწლო საჩუქარი მივუტანე. მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამეს თოვლში ჩავვარდი, გავიყინე, მცირე ავტოავარიაში მოვყევი, ჩემთვის ყველაზე კარგი ახალი წელი იყო.“
გივი 31 დეკემბრის ღამეს ოჯახს საკუთარ ეზოში მოწეული ყურძნისგან დაწურული ღვინით ლოცავს. ეს ტრადიცია ბაბუის, გივი ბუაჩიძისგან, იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება.
მარიკა ხარატიშვილი ამბობს, რომ „სოფელში ახალი წლის შემობრძანებას რამდენიმე ოჯახი ერთად ზეიმობს, ერთმანეთს თოფის სროლითა და გადაძახილებით ეხმიანებიან. საახალწლოდ სახლში ყოველთვის გვქონდ ბუნებრივი ნაძვის ხე, რომლის მორთვაც დიდი ზეიმი იყო. ბებო ამ დღისთვის მომზადებულ ჩურჩხელებს გამოგვიტანდა ხოლმე. ამიტომ ახალი წლის მოსვლას სიხარულით ველოდით.“
ხუთი წლის ვაჩე კურტანიძე გონიერებით გამოირჩევა. ორი წლისა იყო, როცა მამიკომ გადაწყვიტა, მისთვის თოვლის ბაბუის მაგივრობა გაეწია. თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი და ხმა დაბოხებული ვაჩეს „ეწვია.“ ვაჩემ ლექსები წაიკითხა, იმღერა, იცეკვა, საჩუქარიც დაიმსახურა და ბოლოს ისიც გამოიცნო, რომ ახალი წელი „მამა თოვლის ბაბუამ“ მიულოცა. წელს პატარა ვაჩე და ერეკლე თოვლის ბაბუასგან სამშენებლო მანქანებს ელოდებიან.
ოჯახში ახლახან დიდი სიხარული ახალმა წევრმა, პატარა სოლომონმა, შემოიტანა. „ბედნიერებაა, რომ ის პატრიარქის ნათლული იქნება, – აღნიშნავს გახარებული ბებო.
ზეინაბ ბუაჩიძემ წელს ოჯახის მფარველი ხატის წერა დაასრულა. მიაჩნია, რომ ხატი, რომელზეც რვა წელი მუშაობდა, მისი ოჯახის მფარველია.
ქალბატონი ზეინაბი ხატწერით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ეკლესიაში სიარული დაიწყო და სარწმუნოებას უფრო დაუახლოვდა. ერთ-ერთი ახალი ნამუშევარი, ღვთისმშობლის ხატი, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის ეკლესიაშია დაბრძანებული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიკოს პედაგოგთა საზოგადოება და რაიონის ისტორიული მუზეუმი, „ხარაგაულის ისტორიის ნარკვევებზე“ მუშაობენ. ზეინაბ ბუაჩიძესთან ერთად ამ საქმეში ჩართულნი არიან მუზეუმის თანამშრომლები: ეკა შველიძე, ეთერ ვეფხვაძე და სოფო ჩუბინიძე.
წიგნი აპრილში გამოიცემა და 400 გვერდიანი იქნება. მასში შევა იმ არქეოლოგების ნარკვევები, რომლებიც, უკვე ორი წელია, ხარაგაულში არქეოლოგიურ სამუშაოებს ატარებენ. ეს წიგნი იქნება სრულიად ახალი სიტყვა ხარაგაულის ისტორიაში. პირველ ეტაპზე 200 ეგზემპლარი დაიბეჭდება. მომდევნო წელს კი ტირაჟი გაიზრდება, რადგან, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის სკოლებში დამატებითი სახელმძღვანელოს სახით იქნება დაშვებული.
მიმდინარე სასწავლო წელს ზეინაბ მასწავლებელი, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეებისგან მიღწეული წარმატებებისათვის, განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა.
„ქვეყნის მასშტაბით დაჯილდოებული 102 პედაგოგიდან მხოლოდ რვა იყო ისტორიკოსი, – ამბობს ზეინაბ ბუაჩიძე, – ვერანაირ სასწაულს ვერ მოახდენ, თუ მოსწავლეს ინტერესი და წიგნის სიყვარული არ გააჩნია. ოლიმპიადაში გამარჯვებული ჩემი მოსწავლეები თავად არიან საოცრად ინტერესიანები და წიგნიერები. დანარჩენი კი ერთობლივი შრომით გამოგვივიდა“.
ზეინაბ მასწავლებელი წუხს, რომ ახლანდელ თაობაში წიგნისადმი ინტერესი თანდათან იკლებს. მისი აზრით, ამის ერთ-ერთი მიზეზი სასკოლო სახელმძღვანელოების დონეც არის. ზოგ შემთხვევაში (მაგალითად „საქართველოს ისტორიის“) სახელმძღვანელო ისეა გადატვირთული, რომ მოსწავლემ ერთ წელიწადში უნდა მოასწროს ყველა ეპოქის შესწავლა, რაც არაეფექტურია.
„განვიცდი, რომ დროის სიმცირის გამო მოსწავლეს არ რჩება იმის შესაძლებლობა, მისთვის საინტერესო თემებით სიღრმისეულად დაინტერესდეს. ასევე მაწუხებს ის, რომ ზოგჯერ, როცა გაკვეთილზე სამშობლოზე ვსაუბრობ, ვხედავ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. დღეს ეს ნიჰილიზმი საზოგადო სენია. მინდა, თითოეული ქართველის გულში ღვთისა და სამშობლო ყოველთვის არსებობდეს. ესაა ჩემი საახალწლო სურვილი,“ – ამბობს ზეინაბ ბუაჩიძე.
გივი კურტანიძე ამაყობს, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესონი არიან და სურს, რომ ყველა მათგანს ხარაგაულში დაბრუნებისა და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს.
მარი ხარატიშვილი საახალწლოდ ხარაგაულელებს შვილების ჯანმრთელობას უსურვებს და სურს, რომ ბევრ ღიმილიან სახეს ხედავდეს;
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების