ახალი წლის მოსვლა მეკვლისა და თოვლის ბაბუას საჩუქრის გარეშე წარმოუდგენელია. ხარაგაულელები თავიანთი ოჯახების მეკვლეობისა და საახალწლო ტრადიციების შესახებ გვიამბობენ.
თამარ (ცუცნა) ავალიშვილი: -ქართული ფოლკლორიდან ცნობილია, რომ საქართველოში ახალი წელი გაზაფხულზე იწყებოდა. მეხრე, რომელიც პირველ კვალს გაიტანდა, მეკვლედ იწოდებოდა. მეკვლე ყოველთვის უნდა ყოფილიყო რჩეული პიროვნება, რომელიც ოჯახს, კარ-მიდამოს შემოივლიდა და ბარაქის დასამკვიდრებლად, სიმბოლურად, ყველგან ხორბალს მოაბნევდა.
ჩვენი დიდი ოჯახის მეკვლე კიცხში სიმონიკა ბიძია იყო – ახოვანი, გამორჩეული ხმის ტემბრით, კარებიდან შემოყრიდა შოკოლადებს და ამბობდა: შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. შემდეგ კი იწყებოდა საოცარი მოლხენა ჩვენს სტუმართმოყვარე ოჯახში აგუზგუზებულ დიდ ბუხართან.
მთელი ბავშვობა ჩვენი საუკეთესო მეზობლის, შოთა ჯოგლიძისა და ეთერ კიკნაძის ოჯახის მეკვლე გახლდით. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს მოგონება, როდესაც ოჯახის დიდი ბებო, ქალბატონი აგრაფინა, დიდ, ვერცხლისფერ ლანგარზე განსაკუთრებულ ტკბილეულსა და ნუგბარს მახვედრებდა, შოკოლადებს თავზე ყოველთვის ედო ფული, რომელიც მეკვლეს ეკუთვნოდა.
საახალწლოდ ეთერი დეიდას გამომცხვარი ვაშლის პეროგი ძალიან მიყვარდა.
ნიკო თოფურიძე: -ყოველ ახალ წელს ჩემი ოჯახისა და რამდენიმე მეგობრის მეკვლე ვარ. წელს ვეღარსად წავალ, რადგან ხარაგაულში ვარ და გამგებლობის პირველი წელია. თუმცა, არც ამის შემდეგ ახალ წელს ვაპირებ სადმე წასვლას, – ისევ აქ ვიქნები.
ახალ წელს საჩუქრებს დიდი სიხარულით ველოდებოდი. ვთვლი, რომ ბავშვისთვის თოვლის ბაბუას საჩუქარი წარუშლელია. ახალი წლის დილას გავიღვიძებდი და საჩუქარიც იქვე მხვდებოდა. 1972 წელს მშვილდისარით დავსაჩუქრდი. ისრები კედელზე ეწებებოდა და თან ძალიან შორსაც ისვრიდა. ყველა ბავშვს კარგ და ლამაზ საჩუქრებს ვუსურვებ, რადგან ეს მათთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
შოთა გოლუბიანი: -ისევე როგორც ყველას, ბავშვობისას მეც მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის და ყოველ ახალ წელს მოუთმენლად ველოდი მის გამოჩენას. მართალია, თვითონ არასდროს ჩნდებოდა, მაგრამ მისი დატოვებული საჩუქარი ბალიშის ქვეშ მხვდებოდა. საკუთარ თავზე ყოველ წელს კიდევ უფრო მეტად ვბრაზობდი, რადგან ამჯერადაც ჩამეძინა მის მოსვლამდე და ისევ არ შედგა ჩვენი შეხვედრა.
ექვსი წლიდან „მოწიფული ასაკისა“ და თანაკლასელების ზეგავლენით, ეჭვმა დამიწყო ღრღნა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა და ამ ყველაფერში მამაჩემის ხელი ერია. თუმცა ეჭვი ეჭვად დარჩა, – კიდევ რამდენიმე წელი ვერ შევძელი ძილთან გამკლავება…
რვა წლის ვიქნებოდი, როცა ჩემს თავს დავუსვი საკითხი – ან მე, ან ძილი! ღამით თავი მოვიმძინარე და მას შემდეგ, რაც მშობლების მოტყუება შევძელი, „შემზარავი“ ფაქტის მომსწრე გავხდი. თურმე მთელი განვლილი რვა წელი დიდ „აფიორაში“ ვიყავი გახლართული და თოვლის ბაბუის ფუნქციებს მამაჩემი ითავსებდა!…
მიუხედავად მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვისა, სწრაფად გავუსწორე თვალი რეალობას და ჩემს სასარგებლოდაც გამოვიყენე, – რამდენიმე წელი ვაშანტაჟებდი მშობლებს, ბევრი ტკბილეულის ჭამა არ დამიშალოთ, თორემ ჩემს დას და ძმას ვეტყვი, რა სიცრუეშიც აცხოვრებთ-მეთქი. რამდენიმე წლის შემდეგ მათაც შეიტყვეს სიმართლე და ჩამივარდა „აწყობილი ბიზნესი“.
მანანა ბარბაქაძე: -სანამ შვილებთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი, ყოველ ახალ წელს ოჯახის მეკვლე ჩემი მეგობარი ავთო იმედაძე გახლდათ, – რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ძალიან კარგი ფეხი ჰქონდა. რაღაც განსაკუთრებული დალოცვა იცოდა. ბრინჯი, ტკბილეული, ხურდა ფული მოჰქონდა. ჩემს მეგობრებს ჩემი მეკვლეობაც ძალიან უხაროდათ.
რაც შეეხება თოვლის ბაბუას, ერთი განსაკუთრებული საჩუქარი მახსენდება. მე და ჩემი და-ძმები ზესტაფონის რკინიგზის სკოლაში ვსწავლობდით. მამაჩემი რკინიგზაში მუშაობდა. რკინიგზა მოსკოვიდან მარაგდებოდა. ერთ ახალ წელსაც მამამ ულამაზესი შეფუთვით წიგნები და ტკბილეული მოგვიტანა. საკმაოდ დიდხანს მჯეროდა, რომ საჩუქრები ჩვენთვის თოვლის ბაბუას მოჰქონდა.
თათია ბლუაშვილი: -ახალი წლის მოსვლა ჩვენს ოჯახში ყველას ძალიან გვიხარია და გვჯერა, რომ ყოველი შემდგომი ახალი წელი უკეთესი იქნება. ტრადიციას არასდროს ვარღვევთ, – ღამის 12 საათზე ოჯახის წევრები ახალი წლის შემობრძანებას ერთად ვხვდებით და ველოდებით მეკვლეს. გვჯერა, რომ მეკვლის ფეხზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მომავალი წელი.
მეკვლედ გულთბილი და კეთილი ადამიანი შევარჩიეთ და აგერ უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ოჯახის მეკვლე აჩიკო ბაკურაძეა. ტელევიზიით პატრიარქის საახალწლო დალოცვის შემდეგ აჩიკო მოდის. ერთი საათი ოჯახურ გარემოში ვზეიმობთ. შემდეგ ვისაც სად უნდა, იქ მიდის. ყოველთვის მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუა გაყინულ მთებში ცხოვრობდა.
ხარაგაულელებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს ის ძვირფასი საუნჯეა, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ხალისი. 2017 წელს სიხარული, სიკეთე და ერთმანეთის სიყვარული გვქონოდეს.
გიორგი ბარბაქაძე: -ჩემს ბავშვობაში ოჯახში მეკვლე მამა იყო. ახლა ამ ტრადიციას მე ვაგრძელებ. ვფიქრობ, რომ კარგი ფეხი მაქვს, – ერთი ეგაა, ბიჭებს ვერ ვაკეთებ, დანარჩენი ყველაფერი გამომდის.
ერთ ახალ წელს, მახსოვს, სახლის კარებთან ველოსიპედი დამხვდა. ძალიან გამიხარდა. ვიცოდი, საჩუქარი რომელმა თოვლის ბაბუამაც მომიტანა, მაგრამ საჩუქარი ადამიანს ყოველთვის გახარებს.
ამ ბოლო დროს ახალ წელს სამსახურში უფრო ხშირად ვხვდები. 2017 წელს ბედობას, 2 იანვარს, მომიწევს სასწრაფო დახმარების სამსახურში მორიგეობა.
თეა ტალახაძე: -ცხრა წელია, ჩვენი ოჯახის მეკვლე მეზობელი გიორგი მაქაძეა. მეკვლე ბარბარობას, ახალ წელს, პირველ იანვარს და 14 იანვარს მოდის. ახლა უბანში მატებაა და გიორგისთან ერთად მეორე მეკვლეც გვეყოლება. პირველ რიგში, მეკვლეს ჭიქას ვაწოდებთ, რომ დაგვლოცოს.
ბავშვობაში თოვლის ბაბუა, უმეტესად, ბალიშის ქვეშ ტკბილეულს გვიტოვებდა. სკოლაში ჩემს მოსწავლეებს სულ ვეუბნები, – რა მნიშვნელობა აქვს, თოვლის ბაბუა ვინაა და საჩუქარს საიდან მოგიტანთ, მთავარია, ის თქვენზე ზრუნავს და თქვენი გახარება მისთვის მნიშვნელოვანია.
მამუკა ჭიპაშვილი: -მეკვლეობის ტრადიცია ჩვენს ოჯახში მნიშვნელოვანია. წლის ბოლოს ყოველთვის ვაჯამებთ, როგორ ჩაიარა წელიწადმა და ვიხსენებთ, ოჯახის მეკვლე ვინ იყო. ამიტომ წინასწარ ვთანხმდებით, ოჯახის წევრებიდან ვინ იქნება მეკვლე.
ერთ წელს ხარაგაულში თოვლის ბაბუა ოჯახ-ოჯახ დადიოდა და ბავშვებს ასაჩუქრებდა. მამაჩემს ვთხოვე, რომ მანქანით მომსახურებოდა. ამის გამო ღამის 12 საათამდე მამამ ოჯახში შემოსვლა ვერ შეძლო. ახალი წლის დადგომისას მამაჩემმა ორი პარკით ხელში შემოაბიჯა. დილით ერთი მზარეული სახლში წაუყვანია და მას გასვენების შილაფლავი და აჯიკა გამოუტანებია. ძალიან გავბრაზდი. სახლში დაახლოებით ისეთი ამბავი ატყდა, ფილმ „კუჩხი ბედინერში“ რომ არის…
მეორე დღეს, დილაადრიან სერგო ჭიპაშვილი გვესტურმა და მამაჩემს „მოსკვიჩი“ აჩუქა. აი, როგორ გაამართლა შილაფლავმა, შენ კი ტყუილად მეჩხუბებოდიო, – მითხრა მამაჩემმა.
ვცდილობდი, რომ ჩემ შვილებს თოვლის ბაბუას არსებობა დიდხანს ერწმუნათ და ათასნაირ ფანდებს ვიგონებდი.
მარინა ხვედელიძე: -მთელი ბავშვობა ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა. ჩემ შვილებსაც ავუხსენი, რომ თოვლის ბაბუა დედა და მამაა. ამიტომ მთელი წელი ისე უნდა მოიქცნენ, რომ საჩუქრები დაიმსახურონ. საზეიმო ვითარებაში, ზუსტად 12 საათზე, შვილებს ვასაჩუქრებთ. მათ დაწერილი აქვთ, რა სურთ საახალწლოდ და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, სურვილები ავუხდინოთ.
მეკვლეობის ტრადიციას არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ამიტომ 12 საათისთვის გარეთ საგანგებოდ არავინ გადის, რომ შემდეგ შემოვიდეს და დაილოცოს.
ბავშვობაში მახსოვს, ორ-სამ მეზობელთან შევირბენდი ხოლმე ტკბილეულით. თვლიდნენ, რომ კარგი ფეხი მქონდა. მერე ამბობდნენ, რომ ზედიზედ სამი წელი ერთსა და იმავე ოჯახში უნდა მიხვიდეო.
ზაზა ლურსმანაშვილი: -ახალი წელი განსაკუთრებულია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მეკვლეობის ტრადიციას. ჩემი მეგობრები მეუბნებიან, კარგი ფეხი გაქვსო და ხშირად ვარ მათი ოჯახების მეკვლე. ჩვენ უპირატესობას პატარებს ვანიჭებთ. ბავშვობაში სულ მამიდას მეკვლე ვიყავი. მივაკვლევდი ხოლმე თოვლს, თან მიხაროდა, რომ დიდი მისია დამაკისრეს. მოდი, მამადია, მოდიო, – დაიძახებდა მამიდაჩემი. მეკვლედ რომ დაგასახელებენ, ეს ძალიან დიდი პატივია, – იმ ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მიღებული პიროვნება ხარ.
მიმაჩნია, რომ მეკვლე მამაკაცი უნდა იყოს. ბებიაჩემიდან ასე ვიცი, რომ ახალ წელს ოჯახში ფეხი პირველმა კაცმა უნდა შედგას. ჩემი შვილი, მიშიკო, ჩემი დის ოჯახში დადიოდა მეკვლედ. გამრავლდა მისი ოჯახი. ვფიქრობ, ძალიან კარგად და ლამაზად ცხოვრობენ. არ ვიცი, ეკლესიურად როგორ აიხსნება მეკვლეობა, მაგრამ რა შავდება ამით – უახლოესი ადამიანი, ვისაც შენი ოჯახის სიკეთე უხარია, მოვა და დაგლოცავს. ეს განსაკუთრებული ტრადიციაა და უნდა გაგრძელდეს.
ხარაგაულში 10-12 წლის წინ თოვლის ბაბუა და ორი ჯუჯა ოჯახ-ოჯახ დადიოდნენ. მე და ბესო ბუაჩიძე ვიყავით ჯუჯები, ნიკუშა მაჭავარიანი – თოვლის ბაბუა. ვაკვირდებოდი პატარების სახეებს. როგორი გაოცებულები და ბედნიერები გვიყურებდნენ. მათთვის ენით აუწერელი სიხარული იყო საჩუქრის მიღება. დარწმუნებული ვარ, მთელი წელი ოცნებობდნენ, როდის დადგებოდა შემდეგი ახალი წელი.
ბავშვობიდან მახსოვს, ახალი წლის ღამეს თოვლს როგორ ველოდებოდი. ყველას ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ, განსაკუთრებით კი – პატარებს. მინდა, დიდხანს სჯეროდეთ, რომ ნამდვილად მოდის თოვლის ბაბუა და მათთვის სასურველი საჩუქრები მოაქვს.
თათია ჭიპაშვილი: -4 წლის ვიყავი, როცა დედამ ღამის 12 საათისთვის გარეთ გამიყვანა და ტკბილეულით ხელში უკან დამაბრუნა. ჩემს დედულეთში, გურიაში, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მეკვლეს. იქ ოჯახის მეკვლე ბაბუაჩემი იყო ხოლმე და როგორც ამბობენ, მისი მეკვლეობისას საკმაოდ ბარაქიანი წელი ჰქონდათ.
მახსოვს, როცა ხარაგაულში თოვლის ბაბუა ოჯახ-ოჯახ დადიოდა, ბიჭი ვეგონე და მანქანა მაჩუქა. ძალიან გავბრაზდი. ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუები მშობლები იყვნენ. ერთ ახალ წელს მამამ დიდი თოჯინა მაჩუქა. საოცარი ემოცია დამეუფლა.
ჯაბა ბერაძე: -ბავშვობაში სამეზობლოში ხშირად ვიყავი მეკვლე. როგორც ამბობდნენ, კარგი ფეხი მაქვს, რადგან მეორე წელსაც მპატიჟობდნენ. ამ ბოლო დროს მე მიწევს ჩემი ოჯახის მეკვლეობა, – ახალ წელს მეგობრებთან ერთად ვხვდები და შემდეგ მივდივარ სახლში. ვცდილობ, ხელცარიელი არასდროს მივიდე.
ახალი წლის მოსვლა ყოველთვის მიხარია. დამღლელი სამსახურის შემდეგ რამდენიმე დღე ვისვენებ. მეგობრები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, საახალწლოდ ჩამოდიან. წინა ახალ წელს, სრულიად მოულოდნელად ბაკურიანში წასვლა გადავწყვიტეთ და ასეც მოვიქეცით.
განსაკუთრებული საჩუქარიც მახსოვს თოვლის ბაბუასგან – მობილური ტელეფონი. მოსწავლე ვიყავი და სკოლაში მობილური ჩემს გარდა არავის ჰქონდა. ახალ წელს ოჯახის წევრები ერთმანეთს ყოველთვის ვასაჩუქრებთ, – შეიძლება მცირედით, მაგრამ საჩუქარი ყოველთვის სასიხარულოა. თოვლის ბაბუას არსებობის იმ დღიდან აღარ მჯერა, როცა მან საბავშვო ბაღში წინა დღეს სახლში ნაპოვნი საჩუქარი გადმომცა.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების