ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 ნოემბერს გამართულ მორიგ სხდომაზე ახლადშექმნილი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძე დეპუტატ რუსუდან გურგენიძის განცხადებას გამოეხმაურა:
–საკრებულოს სხდომაზე 7 ოქტომბერს რუსუდან გურგენიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სრული გაურკვევლობა მოჰყვა. ეს იყო სკანდალური განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნასთან დაკავშირებით. სასურველი იყო, რომ ამ განცხადების ავტორი აქ ყოფილიყო დღეს. თუმცა, მე მის მიმართ, გარდა სიყვარულისა და პატივისცემისა, სხვა არაფერი გამაჩნია. ხარაგაულის საკრებულო არის ერთ-ერთი სამაგალითო, ერთ-ერთი საუკეთესო, სადაც დამყარდა ნორმალური ურთიერთობები და დაბალანსდა მდგომარეობა. ახლა ჩნდება განცხადებები, რომელიც რაღაცას არღვევს. ნამდვილად იყო განცხადება სკანდალური და ალოგიკური. მე გაოგნებული ვიყავი. ფრაქციის წევრი აკეთებს გაცხადებას, რომელსაც არ ეთანხმება ფრაქციის თავმჯდომარე. ცუდი მოვლენები განვითარდა მას შემდეგ. ეთიკის ნორმები დაირღვა. ალოგიკურია, რას გულისხმობდა დეპუტატი სიტყვებში: „ასწრებთ,“„მსუყე ლუკმა,“ „გადაწყვეტილია მომავალ საკრებულოში ვინ შევა.“
საკრებულოს წევრი მომავალში ვინ გახდება, მაგას არჩევნებზე გადაწყვეტს ხალხი. ვინ ჰკითხავს ვინმეს, ვინ შევა საკრებულოში და ვინ არა.
აქედან გამომდინარე, თუ აქვს სურვილი ამ სიტყვების ავტორს, გამცეს პასუხი. აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ იმიჯი ირღვევა ადამიანების. რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და მკითხა, რაშია საქმე, რა დაუშავე რუსუდან გურგენიძეს ასეთიო. ამაზე მაქვს საუბარი. რატომ უნდა იყოს ასეთი უპატივცემლობა?
ვეკითხები ფრაქცია „ქართული ოცნება ხარაგაულის“ თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილს, რადგან რუსუდან გურგენიძე ამ ფრაქციის წევრია – თუ ისაუბრა თქვენთან ფრაქციის წევრმა წინასწარ რის თქმასაც აპირებდა და რა იყო თქვენი მოსაზრება.
ეს არის შურის გამოვლინება, მე სხვა ვერაფერი დავინახე ამაში. მოვითხოვ პასუხს ბატონი იურისგან. უკანონო იყო თუ არა ჩემგან ფრაქციის შექმნა?
იური ლურსმანაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება ხარაგაულის“ თავმჯდომარე: -გესაუბრეთ მე თქვენ მაგ საკითხზე. უკანონობა რომ არ იყო ფრაქციის შექმნა, მე თქვენ ეს კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე ხელის აწევით დაგიდასტურეთ. არ მაქვს სურვილი, აქ გაგცეთ პასუხი. არ მინდა გამოჩნდეს ისე, რომ თითქოს ერთი ფრაქცია მეორეს ეჩხუბება.
nიუზა კელენჯერიძის განცხადებას დეპუტატი ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების“ წევრი თემურ გამცემლიძე გამოეხმაურა: -ბატონი იუზა კელენჯერიძე ცნობილია შესანიშნავი სტუმართმასპინძლობით, სტუმრის თანგადაყოლით. ეს, მართალია, მისი პიროვნების მეორე მხარეა და სამსახურებრივი არ არის, მაგრამ ბატონ იუზას ბევრი კეთილი საქმე აქვს ჩადენილი და არ იმსახურებდა იმ სიტყვებს. სარგებლის ნახვის მიზნით არ შექმნილა ფრაქცია. ასეთი შეფასებების დროს თავშეკავებულები ვიყოთ და ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს.
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა აღნიშნა: -რა თქმა უნდა, გული დაგწყდებოდათ, ბატონო იუზა, გამორიცხულია, რომ გავიზიარო აზრი, რომ თქვენ გამორჩენის მიზნით აკეთებთ რამეს. ფრაქციის შექმნაში არც უკანონობაა რაიმე.
იუზა კელენჯერიძის შეკითხვას რუსუდან გურგენიძე პასუხობს:-პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს განცხადება გავაკეთე ოქტომბრის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ბატონი იუზა ესწრებოდა. სხდომაზე მას არ ჰქონია არანაირი შენიშვნა. მაშინ საკრებულოს სხვა წევრები შემეპასუხენ. რაც შეეხება სიყვარულსა და პატივისცემას – უპატივცემულობას მეც არ განვიცდი, ბატონო იუზა, თქვენს მიმართ. ეს იყო არა კონკრეტულად თქვენი და თქვენს მიერ შექმნილი ფრაქციის საწინააღმდეგო განცხადება, არამედ საერთოდ პროცესის საწინააღმდეგოდ გამოსვლა. ოთხი წლის განმავლობაში, სანამ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, საკრებულოში მხოლოდ ორი ფრაქცია არსებობდა. რა შეიცვალა ასე მალე? თუ კარგად გაიხსენებთ ჩემს გამოსვლას და განცხადებას, პროტესტი თქვენი და საკრებულოს იმ წევრების მისამართით გამოვხატე, რომლებიც წლების მანძილზე არათუ აპროტესტებდით, არამედ თქვენი სიჩუმით ხელს უწყობდით იმ პროცესებს, რაც მაშინ ხდებოდა. თქვენ თუ აღარ გახსოვთ, ბატონო იუზა, მე არ დამვიწყებია, რადგან ამ ყველაფერმა ჩემს ზურგზეც გადაიარა. რატომ მაშინ არ აპროტესტებიდით და არ გამოთქვამდით აზრს იმ ზეწოლების საწინააღმდეგოდ? დღეს კი „ქართული ოცნების“ სახელით ფრაქციის თავმჯდომარეებად მოგვევლინეთ. ეჭვი მაქვს, მაშინ ის იყო მომგებიანი, ახლა კი „ქართულ ოცნებასთან“ დგომაა მომგებიანი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე საზოგადოების სხვა კატეგორიას მივეკუთვნები. რაც შეეხება „მსუყე ლუკმას“, ბატონო იუზა, ფრაქციის მხოლოდ შექმნით კეთდება საქმე? ფრაქციის თავმჯდომარეობა თქვენ და სხვა ფრაქციების თავმჯდომარეებს 1000 ლარიანი ხელფასის აღების გარდა საკრებულოში სამუშაო საათებში ყოფნას ხომ მაინც გავალდებულებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ საკითხების დაყენებასა და ანგარიშების ჩაბარებაზე. ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც მოქალაქეს და საკრებულოს წევრს, უფლება მაქვს მქონდეს ჩემი, თუნდაც ვინმესთვის მიუღებელი, საკუთარი აზრი.
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი