მასთან ურთიერთობა, მის გვერდით ყოფნა სასიამოვნო და საინტერესოა. ნიჭიერი, ენაკვიმატი, მხიარული და ადამიანების მოყვარული – რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება ჟურნალისტის, მსახიობისა და საკმაოდ პოპულარული პიროვნების – დავით ლიკლიკაძის დახასიათება. ის ამბობს, რომ განსაკუთრებით უყვარს ხარაგაული და ხარაგაულელები.
-დავით, თქვენი აზრით, რომელია 2016 წლის ყველაზე დიდი მოვლენა იმერეთში?
-ძალიან უხერხულია ახლა რომ ვთქვა, ჩემი ქორწილი-თქო, თუმცა, ჩემთვის მართლა ასე იყო. ალბათ არჩევნები იყო ყველაზე დიდი მოვლენა, – გვყავს ახალი პარლამენტარები, ახალი დეპუტატები, თქვენ, მაგალითად, – ახალი გამგებელიც.
-თქვენი დაქორწინება მართლაც ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა. ასეთ გამოხმაურებას თუ ელოდი?
-არა, ასეთ ამბავს არ ველოდი და, ცოტა არ იყოს, შემრცხვა კიდეც. გაზეთებმა, ჟურნალებმა, სააგენტოებმა დაწერეს, ყველა ტელევიზიის თოქ-შოუში მიმიწვიეს. ჩემი მეუღლე ისეთი ბუნებისაა, რომ არსად წამომყვა. კოლეგებისგან ყურადღება ძალიან მესიამოვნა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთი ფოტოც კი არ გამივრცელებია. ჯვრისწერის ფოტოები ფოტოგრაფებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ეს ცნობადობის დამსახურებაც იყო და იმისიც, რომ ოჯახის შექმნას ძლივს დავაყენე საშველი. ძალიან ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობდა, როდის შევირთავდი მეუღლეს და მექნებოდა საკუთარი ოჯახი.
-ძალიან პოპულარული ადამიანი ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ, რაშია თქვენი პოპულარობის საიდუმლო?
-ადამიანის პოპულარობას ბევრი რამ განაპირობებს. ეს ადვილად და ერთი ხელის მოსმით არ ხდება, მაგრამ თუ ერთ მიზეზს დავასახელებ, ეს არის იუმორი. იუმორმა მომიტანა არა მარტო დიდი პოპულარობა, – რის გამოც თოქ-შოუებსა და გადაცემებში მიწვევენ, – არამედ ის, რომ ადამიანებს ჩემს გვერდით ყოფნა ახარებთ.
მოდი, შევთანხმდეთ, რომ ყველას უხარია იმასთან ურთიერთობა, ვინ იცინის, ხუმრობს, შაყირობს საკუთარ თავსა და მეგობრებზე. სადაც სიცილი და მხიარულებაა, ჩვენ ყოველთვის იქით მიგვიწევს გული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ უნდა იცინო. პრობლემები ყველას გვაქვს და სულ სასაცილოდ ღმერთმა ნუ მოგვცეს საქმე. მაგრამ მე ხშირად პრობლემებს არ ვიმჩნევ და სადაც შევდივარ, ყველგან შემაქვს დიდი სიხალისე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი აურის მატარებელი ხარ. თუ სულ მოწყენილი ხარ და პრობლემებზე წუწუნებ, თანდათან გეცლებიან გვერდიდან. მე არ ვამბობ, რომ გვერდით არ ვუდგავარ პრობლემების მქონე ადამიანებს, მაგრამ ძალაუნებურად გვსურს იქ ვიყოთ, სადაც მხიარულებაა, სადაც დადებითი ემოცია და პოზიტიური გარემოა.
-დათო, თქვენ ხართ დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის, რადიო „ძველი ქალაქის,“ ჟურნალისტი და ამავე დროს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში მუშაობთ. თქვენი აზრით, როგორია იდეალური ურთიერთობა დამოუკიდებელ მედიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის?
-მე სრულიად გამიჯნული მაქვს ეს ორი სამსახური. რადიოში მაქვს ჩემი გადაცემა. როგორც საჯარო მოხელეს, არ მეკრძალება შემოქმედებითი საქმიანობა არც რადიოსა და არც თეატრში. ეთიკის საკითხია და აპოლიტიკურ გადაცემას ვამზადებ.
მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობა არ უნდა იყოს დამთბარი და ახლო. ჟურნალისტების მისამართით ამბობენ ხოლმე, – კარგიც დაინახეთო. მე მგონია, რომ ჟურნალისტებმა კარგი კი არ უნდა დაინახონ, – კარგი ისედაც ჩანს, კარგს ისედაც დაინახავენ მოქალაქეები; ჟურნალისტმა სწორედაც გაუკეთებელი უნდა დაინახოს, რომ შეაფხიზლოს მთავრობა.
კარგი მთავრობები სადაც არსებობენ, ისინი ჟურნალისტებთან არც მეგობრობენ და არც ჩხუბობენ, ისინი ჟურნალისტებთან თანამშრომლობენ. ეს აუცილებელია. მე იმას არ ვამბობ, რომ სუფრები გაუწყონ ერთმანეთს, იქეიფონ, ტაშ-ფანდური გამართონ ან პირიქით, – ერთმანეთი ლანძღონ. მედიის როლი „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას არ ესწავლება. წლებია უკვე, თქვენ რეგიონში სამაგალითო ხართ.
-დავით, როგორია თქვენი თვალით დანახული ხარაგაული.
-მე რომ ხარაგაულზე შეყვარებული ვარ, ეს თქვენ და მე მგონია, ბევრმა ხარაგაულელმა იცის. თითქმის ორი ათეული წელია, ხარაგაულთან ვმეგობრობ. იმ დროს ხარაგაულის ახალგაზრდობის დეპარტამენტთან ვთანამშრომლობდით, ვაწყობდით ახალგაზრდულ დღეებს, ხარაგაულში ტარდებოდა არაჩვეულებრივი სიმღერისა და თეატრის ფესტივალები. მე ხან ჟიურში ვიყავი და ხან, როგორც ჟურნალისტი, ისე ვაშუქებდი.
იმდენი სითბო მივიღე ხარაგაულიდან, ვერ აღვწერ. მაოცებდა სტუმართ-მასპინძლობა. ხარაგაულში ღვთის წყალობას იგრძნობ. ხარაგაულელები შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეულები არიან. აღარ ვიცი, სადმე თუა შემორჩენილი ის ოჯახური ტრადიციები, რაც ხარაგაულელებს აქვთ. მახსოვს მომღერალი ოჯახები.
მერე წერილი დავწერე, რომ ხარაგაული უნდა გიყვარდეს. თქვენს გაზეთში დაიბეჭდა და შემდეგ ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ წიგნში შეიტანა. ჩემი სიტყვები დაიბეჭდა კალენდარზე. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო.
ბოლო რამდენიმე წელია, რკინიჯვარზე დავდივარ. ვფიქრობ, რომ ხარაგაული არის ჩვენს ქვეყანასა და არა მარტო იმერეთში, გამორჩეული პროგრესული და ხალასი ადამიანებით. ასეთი ხალხი სხვაგან არ შემხვედრია და დამერწმუნეთ, მე საქართველოში ბევრი რამ მინახავს.
-ხარაგაულთან დაკავშირებით კურიოზი თუ გახსენდებათ?
-ძალიან ბევრი. არ მახსოვს, ვის ოჯახში ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ ნიკო მაჭავარიანთან და მამუკა ჭიპაშვილთან ერთად ვქეიფობდით. ოთახში, სადაც ვისხედით, დიდი საოჯახო ბიბლიოთეკა ჰქონდათ. ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა ხელი წიგნის თაროსკენ გაიშვირა და თქვა, – აი, როგორც უტეფან ცვაიგი იტყდაო… ვერ გავიგეთ, რას ამბობდა. თურმე „შ“ წაიკითხა „უ“-დ.
ერთხელაც, იმდენ ხანს დავყავი ხარაგაულში, საჭმელი შემოგველია და ნისიად წავედით სურსათის საყიდლად. გამყიდველმა ჩემ ხარაგაულელ მასპინძელს უარი უთხრა, – ნისიად ვერაფერს გაგატანო.
-ბევრი კი არაფერი მინდა, აგერ, სტუმარი კაცი მახლავს, ორი კევი მომეციო.
შერცხვა გამყიდველს და მოგცემ ორ კევსო, – უთხრა.
-მოიცა, ორი კევი, ერთი არაყი, ორი ძეხვი და…
-რა ამბავიაო, – შეცბა გამყიდველი.
-კარგი, თუ ბევრია, მაშინ კევი არ გვინდაო.
ბევრი კურიოზი მახსოვს. ძალიან საყვარელი ხალხი ცხოვრობს ხარაგაულში.
-ყველაზე დიდი იმერელი ვინ არის თქვენი აზრით და რატომ?
-იმერეთში დაბადებულებიდან ჩემთვის და ზოგადადაც ყველასთვის დიდი ქართველია ნიკო ნიკოლაძე. ახლა იქეთ, – სამტრედიას რომ არ გადავწვდე, ხარაგაულს უამრავი დიდი ადამიანი ჰყავს. მარტო ევგენი ხარაძე რომ ვთქვათ, ან რეზო თაბუკაშვილი, – უდიდესი ადამიანები არიან. ფარცხნალიდან რომ 40 პროფესორი და შვიდი აკადემიკოსი გყავთ, ეს ნამდვილად არაა პატარა ამბავი. ხარაგაული რომ განსაკუთრებული არ იყოს, გალაკტიონი არ წავიდოდა იქ მასწავლებლად. ერთადერთხელ მუშაობდა გალაკტიონი თავის ცხოვრებაში და ისიც ხარაგაულში მასწავლებლად.
-როგორ წარმოგიდგენიათ ოცი წლის შემდეგ საკუთარი თავი.
-ოცი წლის შემდეგ… ისევ ბავშვი ვიქნები. სად შემიძლია ახლა მე დაკაცება?! ერთი-ორჯერ კი დამავიწყდა, ცოლი რომ მყავდა. დიდად არ ვარ ოჯახზე გამოკერებული. ყოველთვის მეშინოდა, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ არ დამეკარგა ის, რასაც ვუფრთხილდები, – ამას არც წარსული ჰქვია ასე ცალსახად, არც თავისუფლება. ეს რაღაც ინტიმია, რაც მაახლოებს ბავშვობასთან. ისეთი კარგი მეუღლე შემხვდა, რომ ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვუშლით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ოცი წლის შემდეგ ვიქნები ისევ ასეთი, – ვერ დავთმობ ვერც ხასიათს, ვერც იუმორს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ცხოვრებას თავი არ უნდა დააჩაგვრინო. აი, ის ლექსი მახსენდება:
„გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები,
ისევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები,
თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები.“
არ ვაპირებ, რომ 20 წლის შემდეგ თვალებში ალები ჩამიქრეს.
-დათო, რას ისურვებ 2017 წელს იმერეთში და რატომ?
-იმერეთს ვუსურვებ, რომ ხალხმა, რომელიც ავირჩიეთ, ჩვენი იმედები გაამართლონ. პირველ რიგში, რასაც ვისურვებ, ესაა, რომ იმერეთს პარლამენტი ვერასდროს წაართვან.
ხვდებით ალბათ, ჩემი პირადი სურვილი რაც იქნება, – მომავალ წელს მინდა გავმრავლდე. ხარაგაულელებს კი აი, რას ვუსურვებ, – როცა ხარაგაულში დავდიოდი, არც დენი იყო, არც გაზი, არც გზა. ახლა ვიცი, რომ ეს პრობლემები ნაკლებად გაქვთ. მინდა, რომ ხარაგაულელებმა არასდროს დაკარგოთ ის სითბო, სიალალე და სილაღე, რაც მე ხარაგაულში ყოფნისას ყოფით პრობლემებს მავიწყებდა.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების