შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეებს სიახლეებს სთავაზობს. იგეგმება, რომ უცხოური ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი გამოიყოფა იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს დავალება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი დაეგზავნებათ სკოლებს და განთავსდება ვებგვერდზე www.naec.ge. CD დისკებს სკოლები ნოემბრის დასაწყისში მიიღებენ.
დავინტერესდით, რამდენად არიან მზად აბიტურიენტები, თავი გაართვან გამოცდაზე დანერგილ სიახლეს.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა კახელი ორი წელია ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ მოსასმენი დავალება დაემატებოდა უცხო ენის გამოცდას. „რა თქმა უნდა, ეს რთულია, რადგან სკოლებში არ არის ამის პირობები, – ამბობს ნანა მასწავლებელი, – პირადად მე ამისთვის ორი წელია შევიძინე ლეპტოპი. მასწავლებლის წიგნს მოჰვება დისკი და ასე ვმუშაობ მოსწავლეებთან მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. თუმცა ვთვლი, რომ მოსმენა გაკვეთილზე მაინც არასაკმარისია.“ ნანა მასწავლებელი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალას გაეცნო და ამბობს, რომ მოსასმენი ტექსტები არც ისე რთულია. „თუ მოსწავლეს აქვს სიტყვების მარაგი, მოსმენის ნაწილის ჩაბარება არ უნდა გაუჭირდეს. ვფიქრობ, პირველ წელს არც ისე რთულ დავალებებს მისცემენ აბიტურიენტებს. შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რამდენად გაამართლებს სიახლე,“ – ამბობს ნანა მასწავლებელი.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარიკა გოლუბიანი მიიჩნევს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უცხო ენაში მოსმენის ნაწილის დამატება მნიშვნელოვანი სიახლეა. „მოსმენის ნაწილი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია უცხო ენაში, მაგრამ პირველ წელს ვერ გეტყვით რამდენად მომზადებული შეხვდებიან აბიტურიენტები ამ სიახლეს. ამისთვის მათ დასჭირდებათ საკმაოდ დიდი მუშაობა და მზადება. ამასთან ერთად მასწავლებლებსაც მოგვიწევს ბევრი შრომა. მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენს სკოლას მიეცა საშუალება, მოსასმენი აპარატი ეფექტურად გამოიყენოს სასწავლო პროცესში. ვიმედოვნებ, რომ აბიტურიენტები მეტი პასუხისმგებლობით და ინტერესით შეხვდებიან ამ სიახლეს,“ – ამბობს მარიკა მასწავლებელი.
სასულიერო გიმნაზიის მეთორმეტე კლასელი ანა ტაბატაძე ფიქრობს, რომ მოსმენის კომპონენტის დამატება არ უნდა იყოს ძალიან რთული. „გაკვეთილზე მასწავლებელს ყოველთვის მოაქვს კომპიუტერი და ათ წუთს ვუთმობთ მოსმენას. ვისაც პრეტეზია აქვს, რომ მაღალი ქულა მიიღოს უცხო ენაში, უნდა გაართვას თავი.“
„რადგან წელს დაემატა მოსმენის კომპონენტი, ჩემი აზრით, შესაძლოა, არ შემოგვთავაზონ რთული დავალება, – ამბობს სასულიერო გიმნაზიის მეთორმეტეკლასელი ნოდარ ჭანკოტაძე, – წელს არც ბევრი ქულა აქვს მინიჭებული. ამ დროს რეგიონების ბავშვები იჩაგრებიან, რადგან ყური მიუჩვეველია გამოთქმებს.“
სასულიერო გიმნაზიის მეთორმეტეკლასელი თეონა ცხვედაძე ამბობს, რომ მართალია არ არის მიჩვეული უცხო ენაზე მოსმენილი ტექსტის შემდეგ შესაბამისი დავალების შესრულებას, მაგრამ შეეცდება და ისწავლის, რადგან ჯერ დრო საკმარისად აქვს.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი სოფო ალავიძე დადებითადაა განწყობილი უცხო ენის გამოცდაზე დანერგილი სიახლისადმი. სოფო მიიჩნევს, რომ გამოცდა არ იქნება რთული და თავს კარგად გაართმევს. სოფო ამბობს, რომ სკოლაში საკონტროლო დავალების წერის დროს ყოველთვის ისმენენ ტექსტს და შემდეგ მუშაობენ. მისივე თქმით, წელს უფრო ადვილად დასაძლევი ტექსტი იქნება.
ლევან გოგოლაძე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე: -ის, რომ უცხოური ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატებოდა, ჩვენთვის შარშან იყო ცნობილი. ახლა უფრო ინტენსიურად ვმეცადინეობთ სკოლაში. განსაკუთრებული სირთულის ტექსტები არ არის. რვაქულიანი დავალებაა და არ იქნება პირადად ჩემთვის ძნელი. სკოლაში საკონტროლო დავალებისას გაცილებით რთულ ტექსტებზე ვმუშაობთ.
ნინო კაპანაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ