ბორითის საბავშვო ბაღის მეორე სართული

ბორითის საბავშვო ბაღის შენობის სახურავი ისეა დაზიანებული, რომ წყალი პირველ სართულზე ჩადის. ამის გამო, წვიმისგან დასაცავად, მეორე სართულზე ტაშტებსა და ვედროებს აწყობენ.

„გპირდებით, როგორც კი ბორითის საბავშვო ბაღის შენობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება, გარემონტდება შენობის ორივე სართული,“ – განუცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ ბორითის საბავშვო ბაღის გამგეს და აღმზრდელებს. პარლამენტარი ბიუროს წევრებთან, ბორითის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან და თანაშემწეებთან ერთად ბორითისა და მაქათუბნის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

ბორითის საბავშვო ბაღის გამგემ თამარ ტაბატაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს ფართის უქონლობის გამო საბავშვო ბაღში მიღებაზე უარი უთხრეს 15 აღსაზრდელს. ქალბატონი თამარი ამბობს, რომ საბავშვო ბაღში 4-5 წლის ბავშვებს იღებენ. წელს სასკოლო ასაკის ხუთი აღსაზრდელი ვერ მიიღეს. „ძალიან მძიმე დღეშია საბავშვო ბაღის შენობა, – ამბობს ქალბატონი თამარი, – მეორე სართულზე ტაშტები და ვედროები გვიდევს, სახურავი ისეა დაზიანებული, რომ პირველ სათულზე ჩამოდის წყალი. მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კარგი ამინდებია.“

ათეული წლებია, რაც ბორითის საბავშვო ბაღის შენობის საკუთრების საკითხი ვერ მოგვარდა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარლამენტარის ინფორმაციით, შენობა მალე გახდება მუნიციპალიტეტის საკუთრება. „შენობის პირველი სართული მალევე გარემონტდება, რადგან შედგენილია ხარჯთაღრიცხვა პირველი სართულის რემონტისთვის – დაახლოებით 130 ათასი ლარის ფარგლებში. საჭიროა დეტალური პროექტი,“ – აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ. მისივე თქმით, ბორითში უნდა შეიქმნას მუნიციპალური ცენტრი, რაც სხვა ფუნქციას და მნიშვნელობას შეძენს ბორითს და ამ ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფლებს. პარლამენტარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბორითის კულტურის სახლი ამოქმედდეს და აქაც ფუნქციონირებდეს სხვადასხვა წრეები.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ბორითის საბავშვო ბაღის შენობის სახურავი ისეა დაზიანებული, რომ წყალი პირველ სართულზე ჩადის. ამის გამო, წვიმისგან დასაცავად, მეორე სართულზე ტაშტებსა და ვედროებს აწყობენ