ეს წერილი ალბათ ბევრისთვის აღმოჩნდება ახლობელი, რადგან დღეს ძალიან იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომლის დედა, შვილი, ბებია, დეიდა, უბრალოდ ნათესავი თუ მეგობარი საზღვარგარეთ არ იმყოფებოდეს.
იქ ადამიანები ზოგჯერ ცხოვრების ასაწყობად მიდიან, ზოგჯერ ოჯახების გადასარჩენად… მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. იქ ჩასულებს კი ერთი ტკივილი აერთიანებთ, – ეს არის მონატრების გრძნობა… ნოსტალგია… ეს განსხვავებული გრძნობაა, რომელიც, თუ არ გამოსცადე, ვერ გაიგებ…
საზღვარგარეთ წასულთათვის დღიურების წერა ერთ-ერთი ქართული ,,თავშესაფარია“…
ამჯერად, უცხო მიწაზე დაწერილ ქართულ დღიურებს, ხარაგაულელი ვიოლა ფოფხაძისგან გთავაზობთ.
ვიოლა ფოფხაძე: -ჩემს საზღვარგარეთ წასვლას „რთულ ეკონომიურ მდგომარეობას“ ნამდვილად ვერ დავაბრალებ. თბილისში „პოპულის“ სუპერმარკეტების ქსელის ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოქმედი ფილიალის მენეჯერად ვმუშაობდი საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. საზღვარგარეთ წასვლა იყო ბავშვობისდროინდელი ოცნება, რომლის ახდენაც სულ მინდოდა. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ის ფერადი სამყარო, რომელიც მხოლოდ საზღვარგარეთის ფილმებში მენახა…
ვიცოდი, რომ ჩემი ეს ნაბიჯი ჩემს ოჯახს არ გაახარებდა. ამიტომ დედიკოს თქმა ვერც კი გავუბედე. ქალი, ხომ იცით, ცრემლიანია და მომერიდა მისი ცრემლების. აი, მამიკოს (ცოტნე ფოფხაძეს) კი ვერ გავეპარებოდი… ტყუილს ვერ გავუბედავდი! სხვათაშორის, ჩემს გადაწყვეტილებას საკმაოდ მშვიდად შეხვდა ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც უნივერსიტეტი საზღვარგარეთ ჰქონდა დამთავრებული და იცოდა იქ ცხოვრების ფასი. მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი რეისი „თბილისი – რიგა – ბარსელონა.“
პირველი ემოცია ? პირველი ემოცია იყო შიში. ცხოვრებაში მიწაზე პირველად ბარსელონაში დავეშვი. მანამდე ცაში ვცხოვრობდი, ჩემს ოცნებებში… ჩემს სამყაროში. მანამდე არასოდეს გამიცნობიერებია რას ნიშნავს, არ გქონდეს სახლი ან გვერდით არ გყავდეს მშობლები, დედმამიშვილები, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები. მათ გარეშე ცხოვრებას არ ვიცნობდი (ეს დიდი სიმდიდრეა) და დავიბენი. შემეშინდა… მაგრამ ღმერთის წყალობით ჩავაღწიე ჩემს მეგობართან გიული ქინქლაძესთან ალიკანტეს პროვინციაში, ქალაქ ელჩეში.
ბარიერი? – პირველი ბარიერი ეს იყო ენის არ ცოდნა. ძნელია, როცა რამეს გეკითხებიან და გაღიმებული დგახარ, რადგან არ იცი, რა უპასუხო. კიდევ უფრო ძალიან ძნელია შეეჩვიო მონატრებას, საყვარელი ხალხის გარეშე ცხოვრებას. ეს ბარიერი დღესაც არ გადამილახავს, ამას გულით ვატარებ ყოველთვის.
არაჩვეულებრივი ერია. ესპანელებისაგან სიკეთის მეტი (ჯვარი მწერია) არაფერი მახსოვს. ტემპერამენტიანი ხალხია. ფლამენგოს მართლა ვერავინ ასრულებს ესპანელების მსგავსად. ხომ იცით, როგორი ემოციურია? ასეთია ხალხიც!!!.. კეთილი… არ გაგრძნობინებენ, რომ უცხოელი ხარ. არ გჩაგრავენ, აქცენტზე არ დაგცინიან, ცდილობენ დაგეხმარონ. დღეს დღეობით არაჩვეულებრივ ქალბატონთან ვმუშაობ. ზოგს საკუთარი ოჯახის წევრი არ გაუკეთებს იმას, რაც მე „ბებიაჩემმა“ (ასე ვეძახი) გამიკეთა. აქ იშვიათად შეხვდები გაბოროტებულ, შაოსან, მოღუშულ ან მოუწესრიგებელ ადამიანს. ჩემი პროფესორებისაგან ხომ განსაკუთრებული ყურადღება და სითბო მაქვს, როგორც ერთადერთ ქართველს მთელს ინსტიტუტში. ხშირად მეკითხებიან საქართველოსა და ჩემი ოჯახის ამბებს. მამიკოს გარდაცვალება მთელმა დეკანატმა ოფიციალურად მომისამძიმრა და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს აქ, უცხო მიწაზე.
როგორია მათი ცხოვრების წესი? – ტრადიციული. უდიდესი ისტორიის მქონე სამეფოა და ეს იგრძნობა. ესპანეთში დიდი სახელმწიფო „ქუჩის დღესასწაულები“ აქვთ, რომლის ნახვა, დამერწმუნეთ, ერთ ცხოვრებად ღირს. ძალიან თავისუფალი მენტალიტეტის მქონე ხალხია. აქ არავინ ერევა შენს ცხოვრებაში, როცა საქართველოში მეზობლის აზრიც კი უნდა გავითვალისწინოთ, თუნდაც პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. არ გლანძღავენ, არ გაკრიტიკებენ. ხშირად მეუბნებიან ჩემი ესპანელი მეგობრები – ჩვენ რომ სხვის ცხოვრებაში ჩავიხედოთ, ჩვენსას როდისღა მივხედოთ, ცხოვრება ხომ ისედაც ხანმოკლეაო. დედმამიშვილების პირად ცხოვრებაშიც არ ერევიან. აქ არავინ უმალავს ნაშვილებ ბავშვებს, რომ იშვილეს და რომ მათი ბიოლოგიური მშობლები არ არიან.
არ შემიძლია არ გავიხსენო ის, დღე როცა ესპანეთმა ფეხბურთში მსოფლიო თასი მოიგო. ის დღე ოფიციალურად გამოცხადდა დასვენების დღედ. წარმოგიდგენია? ქუჩაში მანქანის ჭაჭანება არ იყო – ესპანელების უმრავლესობა კაფეტერიებში, ბარებში ან სახლებში ისხდნენ და ტელევიზორს ადევნებდა თვალყურს.
ერთსულოვნები არიან, მით უმეტეს, როცა საქმე ესპანეთს და ეროვნულს ეხება. ცხოვრების მიმართ ჩვენი და მათი დამოკიდებულება განსხვავებულია. პრაქტიკულები არიან. კარგად მახსოვს, როცა ჩემს ჯგუფელს მოვუყევი იმ სოციალურ პირობებზე (თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა, უგაზობა, შიმშილობა და ა. შ.), რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოყვა და ისიც დავამატე, რომ ჩვენ ამ პირობებში სკოლებს, უნივერსიტეტებს ვამთავრებდით. მითხრა: თუკი ამ პირობებში ცხოვრობდით, რა დროს სწავლა იყო, სამუშაო უნდა მოგეძებნა და თავი გერჩინაო. ვერ წარმოუდგენიათ განათლების ასეთი აუცილებლობა, როცა ,,მშიერი ხარ“ და სიმართლე გითხრათ ახლა მეც ვეთანხმები. ესპანელები მომთხოვნი და პასუხისმგებლობით სავსე ხალხია. არასოდეს ურევენ ერთმანეთში სამუშაო და არა სამუშაო საათებს.
რა შეიცვალა ჩემში? – ბევრი რამ. გავიზარდე, ფიქრი ვისწავლე. აქამდე არასდროს მიფიქრია ხვალინდელზე… მარტოობას მივეჩვიე, იმ ფასეულობების დაფასება ვისწავლე, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი და მივხვდი – თურმე რა გარემოსა და პირობებშიც არ უნდა მოხვდე, ვერავინ და ვერაფერი წაგართმევს ან შეგიცვლის იმას, რაც შენშია და რაც შენია – ადათი, წესი, რელიგია, ჩვეულება, ტრადიციულობა, პატიოსნება, განათლება…
მენატრება – მიწის სუნი – სასაცილოა ხომ? მართლა მენატრება. იცი, როგორი? წვიმის მერე რომ იდგა ხოლმე სოფელში. აქ სპეციალურად თუ არ წახვედი პარკში ან სოფელში, მიწას ვერ ნახავ. სულ მოქვაფენილებულია მთელი ქალაქი. მენატრება თოვლიც… რიკოთის უღელტეხილზე საათობით რომ გავჩერებულვართ საცობების გამო, აი ეგ მენატრება! ეკლესია-ტაძარი მენატრება კიდევ (ჩემს ქალაქში არ არის). ეს, იცი, როგორი მონატრებაა? სულ რომ თან დაატარებ, ვერასდროს რომ ვერ უღალატებ, შენი ოჯახივითაა… ვერც ნახულობ, ვერც ხედავ, მაგრამ მაინც რომ გიყვარს, მაინც რომ გწამს – იმიტომ, რომ შენია!… კიდევ, როგორც იმერელს, ნიგვზიანი საჭმელები – ეკალა და ნიგვზიანი პრასი – მენატრება… ვიხსენებ ყველა დეტალს ჩემი ცხოვრებიდან – განსაკუთრებით თვალცრემლიანი, რაც მამიკოს, ბებოს ან ბაბუს უკავშირდება. ვიხსენებ ბავშვობას, სტუდენტობას – ყველაფერს „ჩემსას.“
ამჟამად ინსტიტუტში ესპანურ (კასტილიურ) ენას ვეუფლები პროფესიონალურ დონეზე. შემდეგ მინდა უკვე პროფესია ავირჩიო და უნივერსიტეტში გადავიდე, ვნახოთ.
ვიცი, მკითხავთ, დაოჯახებას არ აპირებო? პირადი ცხოვრება რატომღაც უკანა პლანზე გადამაქვს ყოველთვის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და შეიძლება მეშინია კიდევაც ან ისე არ შემყვარებია. მერე საქართველოშია ჩემი გეგმები, თუმცა ცოტა გამიჭირდება საქართველოს პირობებში დაბრუნება…
რას გეტყოდით აქედან? – გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. კარგი ეკონომიური მდგომარეობა არ არის უმთავრესი. ამაზე დიდი ფასეულობებიც არსებობს. ზოგჯერ იმდენ უცნაურ-ტრაგიკულ ისტორიებს ვისმენ, ვფიქრობ ხოლმე, ღმერთს მადლობა, ასეთ გარემოში, ასეთ ოჯახში რომ გავიზარდე, რა ბედნიერი ვარ-თქო. აქ არის ბევრი ადამიანი, ვისი ისტორიის მოსმენაც თავზარს დაგცემთ. ყოველთვის იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით. თუკი ვინმეს თქვენზე ცუდის ან კარგის თქმა უნდა, თქვენ, რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც ილაპარაკებენ. გწამდეთ კეთილი მომავლის და იმის, რომ ცხოვრებისეულ „შავ ზოლს“ აუცილებლად „თეთრი“ მოყვება. იამაყეთ, რომ ასეთი კარგები ხართ. მე მართლა მეამაყებით!
საქართველო – საქართველოში შარშან ვიყავი ჩამოსული და როგორც ჩვენ – იმერლები ვიტყოდით, ვაი ამ ჩამოსვლას… როცა ადამიანს სახლამდე მისასვლელი გზა არ აქვს, ძნელია ილაპარაკო სხვა დანარჩენზე. ამაში ვერც ვერავის დაადანაშაულებ. როგორც ერმა, ბევრი გადავიტანეთ. ეს პოლიტიკამ მოიტანა თუ გაუთავებელმა ომებმა, მაგის გამოძიებას რა მნიშვნელობა აქვს. საქართველოში მოხუცს რომ დაინახავ, შეიძლება იტირო. ადვილად მიხვდები მისი ხელების ან თვალების დანახვისას, რომ მთელი ცხოვრება შრომა-ჯაფაში აქვს გატარებული. დღეს საქართველოში უმრავლესობა, ლუკმაპური რომ იშოვნოს, ამაზეა გადასული და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. საქართველოში სოფელსა და ქალაქს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა თუნდაც მოწესრიგებული გზებით, გამართული ინფრასტრუქტურით, სამედიცინო მომსახურებით და ა. შ. ესპანეთში ასეთი განსხვავება არ არის. აქ ყველა სოფელი ისეთივე განვითარებულია, როგორც ნებისმიერი ქალაქი თავისი კორპუსებით, ჰოსპიტლებით, გასართობი თუ სავაჭრო ცენტრებით.
ახალგაზრდები? – აქ ახალგაზრდები პირველ რიგში იქმნიან სოციალურ პირობებს – სახლი, სამსახური, ავტომანქანა (ეს არ ნიშნავს ფუფუნებას). შემდეგ იწყებენ ფიქრს კარიერასა და თავის დამკვიდრებაზე. ფეხსაცმელების ფაბრიკაში რომ ვმუშაობდი, მყავდნენ თანამშრომლები, რომლებიც 14-15 წლის მერე იქ მუშაობდნენ იმიტომ კი არა, რომ მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს, უბრალოდ, უნდოდათ მუშაობა და მშობლებმა ხელი არ შეუშალეს. რა თმა უნდა, ამ თაობაში ბევრი ახალგაზრდა იქნებოდა, ვინც სწავლას ისურვებდა და არა მუშაობას. მე ვერ წარმომედგინა, 15 წლის ასაკში მამაჩემისთვის მეთქვა, სწავლა არ მინდა და თუ შეიძლება რამე სამსახურის შოვნაში იქნებ დამეხმარო-თქო. ესპანეთში განსხვავებული მენტალიტეტია. კიდევ რამაც გამაკვირვა იყო ის, რომ ყველას ავტომობილები ჰყავდათ. მე მანამდე მეგონა, რომ თუ ბიზნესმენი არ ხარ ან კარგი თანამდებობა არ გიჭირავს, ავტომობილი ვერ გეყოლებოდა და როცა ვნახე ჩვეულებრივი მუშები, განურჩევლად სქესისა, საუკეთესო მანქანებით დადიოდნენ – გამიკვირდა.
რა არის წელს მოდაში ? აქ რაც მოდაში არასდროს შემოდის, შავი ფერია. წელს მოდაშია ხასხასა მწვანე ფერი. სიმღერა? – ფლამენგო სულ მოდაშია. გუშინწინ, იცი, რა ვნახე? ჩემ კორპუსში შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ცოლობა მექსიკელი მომღერლების (მარიაჩების) დახმარებით სთხოვა – სერენადა შეუსრულეს. ფილმებში რომ გინახავთ აი ისე, მთელი ხუთი კორპუსი ფანჯრებში გადმოვეკიდეთ და ბოლოს ტაშიც შემოვცხეთ, ბიჭს ვუგულშემატკივრეთ. კარგი მომენტი იყო!
მოდური ფრაზა, რომელიც აქ ყველგან გესმის: „როდის გამოვალთ ამ უზარმაზარი ეკონომიური კრიზისიდან“ (ესპანურად: კუანტო ვამოს ა სალირ დე ესტე კრისის ეკონომიკო ტან გრანდე ქუე ტენემოს?)
აქ გატარებულ წლებს ჩემთვის არაფერი უარყოფითი არ მოუცია. ვნახე ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობდი, თან არა როგორც ტურისტმა, არამედ როგორც რიგითმა მოქალაქემ. გული მწყდება, რომ საქართველო განვითარების დონით ჩამოუვარდება ესპანეთს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ესპანეთი ჩრდილოეთ ევროპას (გერმანია, ინგლისი, ჰოლანდია) ჩამოუვარდება. რა მნიშვნელობა აქვს?… მიხარია, რომ მომეცა აქ ცხოვრების საშუალება…
მათ, ვინც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს, ვეტყოდი – აუცილებლად გქონდეთ ოცნება, რომლის ახდენის სურვილს არასდროს დაკარგავთ და თუ მოინდომებთ, აუცილებლად აიხდენთ. იყავით კეთილი ადამიანები, გიყვარდეთ ახლობლები. დანარჩენს თვითონ მოიტანს ცხოვრება.
ჩემს თანატოლებს? მე მგონი, ყველას ეცოდინება, როგორ წარმართოს თავისი ცხოვრება. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ თავისი მიზნების განხორციელებაში.
დედიკო (ნაირა მესხი) მეუბნება ხოლმე, შენ აღარაფერი აღარ მოგწონს ჩვენიო. არც ესპანეთის მომწონს ყველაფერი – ანუ, ყველგან არის ცუდიც და კარგიც, ბოროტიც და კეთილიც, რელიგიურიც და ათეისტურიც, განათლებულიც და გაუნათლებელიც, კრიმინალიც და პატიოსანიც.
მთავარია დანახვა შეგვეძლოს. სულ მახსოვს „ვისი გორისა ვარ“ და ამიტომ მაინც საქართველოში ცხოვრება მირჩევნია იმიტომ, რომ ჩემია!!!
ინგა ბერაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,