რაიონის ღირსეულ პედაგოგთა არმიას კიდევ ერთი არაჩვეულებრივი, განათლებული, ტკბილ-მოქართულე და თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, ყველასათვის ძვირფასი და საიმედო მეგობარი ენდი ბუაჩიძე გამოაკლდა.

ენდი ბუაჩიძე ერთი იმათგანი იყო, ვინც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ბავშვებს მიუძღვნა და მტკიცედ იდგა ქართული ენის სიწმინდის სადარაჯოზე.

ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტურის დამთავრების შემდეგ იგი ათეული წლების მანძილზე კიცხის სკოლა-ინტერნატში მუშაობდა და იქ თავისი კვალიც დატოვა. ძალიან ტკბილად იხსენებდა ინტერნატში გატარებულ წლებს.

შემდეგ კი, შეამჩნიეს რა მისი მაღალი პროფესიული დონე, დაუყოვნებლივ გადმოიყვანეს განათლების განყოფილებაში ქართული ენისა და ლიტერატურის მეტოდისტად. წლების მანძილზე უნარიანად ხელმძღვანელობდა რაიონის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ამავე დროს მუშაობდა ხარაგაულის #1 საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მისთვის უპირველესი იყო სკოლა და ბავშვები. თავისი საგნის ღრმა ცოდნით უდიდეს პატივისცემასა და მოკრძალებას იმსახურებდა. ჩვენ, მის მეგობრებსაც კი, უდიდესი კრძალვა გვქონდა. გვერიდებოდა და ზედმეტ გახუმრებასაც ვერ შევბედავდით.

უაღრესად კეთილი, მეგობრული და შრომისმოყვარე იყო. უშუალო და სამართლიანი დამოკიდებულებით დაიმკვიდრა რაიონში სიყვარული და ავტორიტეტი.

ხარაგაულს კი არა, თბილისის ნებისმიერ მოწინავე სკოლას დაამშვენებდა მისი ცოდნა და პროფესიონალიზმი. მის გაკვეთილებს როცა ვისმენდით, სიამაყე გვემატებოდა, რადგან ვერაფერი შეედრებოდა მისეულ მძივივით აკინძულ, დახვეწილ ტკბილ ქართულს. ჩვენც ბევრი რამ ვისწავლეთ მეგობრებმა მისგან და ვცდილობდით სწორად, გამართული ქართულით გვესაუბრა.

ენდის ლიტერატურაში გამორჩეულად უყვარდა გალაკტიონი. ლიტერატურული გმირებით ცხოვრობდა მაშინაც, როდესაც სკოლიდან ძალიან ადრე წავიდა და სახლშიც ისევ ნაწარმოების გმირებთან ცხოვრობდა.

ენდიმ მართალია, საკუთარი ოჯახი ვერ შექმნა, მაგრამ ყველა თავის ნამოწაფარს თავის შვილებად თვლიდა და ეფერებოდა. ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონზე და ვიგონებდით განათლების განყოფილებაში გატარებულ ტკბილ დღეებს. ბოლოს ჯანმრთელობამ უღალატა და ცხოვრების ხალისიც დაკარგა, მაგრამ თავის ლიტერატურულ პერსონაჟებს არ ივიწყებდა.

ძალიან ძნელია, ენდი, ანუგეშო შენი ახლობლები, შენი ძმის – გიზოს ოჯახი, რომელმაც დიდი ამაგი დაგდო, შენი საყვარელი დისშვილები და ყველა ახლობელი ადამიანი, რადგან შენი სახით მათ თბილი და მოსიყვარულე, ძვირფასი ადამიანი დაკარგეს.

ეს გახსენება მადლიერების გამოხატვის მოკრძალებული სურვილია მხოლოდ შენი მეგობრების, რადგან სიცოცხლეში ამას ვერ გეტყოდით.

გწამდეს, რომ არასოდეს დაგივიწყებთ! მშვიდობით, ჩვენო მეგობარო, ენდი!

მეგობრების სახელით,
თამარ გაჩეჩილაძე

ფოტოზე: ენდი ბუაჩიძე (პირველ რიგში მარცხნიდან მეოთხე) კოლეგებთან ერთად კიცხის სკოლა-ინტერნატში მუშაობის დროს.

დაკრძალვა 22 დეკემბერს, ხუთშაბათს, სოფელ ფარცხნალში.