სოფელი კიცხი სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

ბოლო ორ წელიწადში კიცხში ორი კოოპერატივი დაფუძნდა – რძის გადამამუშავებელი „სარგო“ და „მეღვინეობა კიცხი“.

საინტერესოა, რომ კოოპერატივების დამფუძნებლები სკოლების დირექტორები არიან.

„სარგოს“ შექმნის იდეა წყალაფორეთის საჯარო სკოლის დირექტორს, გიორგი გველესიანს, ეკუთვნის. „მეღვინეობა კიცხი“ ბორის საჯარო სკოლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის, თაოსნობით შეიქმნა. ამ კოოპერატივის ერთ-ერთი მეპაიე ვარძიის საჯარო სკოლის დირექტორი ჯამბულ ხიჯაკაძეა.

კოოპერატივები სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლის გაზრდისთვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსდა.

რა გვარგო „სარგომ“ და „პირველი ნიშნის“ მოლოდინი

რძის გადამამუშავებელი კოოპერატივის „სარგო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი გველესიანი გვიყვება, რომ ორი წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებს – „ელკანას“ და „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) სკოლის დარბაზი მოსახლეობასთან შეხვედრისთვის დაუთმო.

შეხვედრის მიზნით რომ დაინტერესდა, „ელკანას“ წარმომადგენელმა უპასუხა, რამდენი ხანია, წესიერი კარაქი არ შეგიძენიაო. დეტალებში გარკვევის შემდეგ გიორგი გველესიანმა თანამოაზრეები შემოიკრიბა.

ENPARD-ის საგრანტო კონკურსში, პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი მცირე ფერმერული ჯგუფი მონაწილეობდა. „სარგომ“ კონკურსში 34 კოოპერატივთან ერთად გაიმარჯვა.

საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ კოოპერატივი „სარგო“ 35 ათასი ევროს ღირებულების ტექნიკით აღიჭურვა. ევროკავშირის პროგრამის თანახმად, შენობა მეპაიეებმა ააშენეს და გაარემონტეს, რასაც 70 ათასი ლარი დასჭირდა.

„სარგომ“ 2015 წლის მაისში პასტერიზებული რძე, იმავე წელს მაწონი, 2016 წლის ზაფხულში კი აირანი დაამზადა. ხარაგაულის სავაჭრო ცენტრების გარდა, პროდუქცია სარეალიზაციოდ ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ახალქალაქში შეიტანეს.

უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქციის რეალიზაცია არ უჭირდათ. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აირანი იყიდებოდა, – ნაბუხუსევზე საუკეთესოა, – ირწმუნება გორგი გველესიანი.

ერთი თვეა, კოოპერატივის საქმიანობა შეჩერებულია.

„მთელი ზაფხული აქტიურად ვიმუშავეთ, – გვიამბობს გიორგი გველესიანი, – შევჩერდით იმიტომ, რომ ჩასაბარებელი რძის ღირებულება გაძვირდა. რძეს კოოპერატივის წევრებისგანაც ვიღებთ და სოფლის მოსახლეობისგანაც. პასტერიზებული რძის ფასის გაზრდა არ გვსურს.“

გიორგი გველესიანი კოოპერატივის საქმიანობის შეჩერების უმთავრეს მიზეზად რძის წარმოებისთვის ახალი რეგულაციების (ჰასპის პროგრამა) შემოღებას ასახელებს.  შრომის უსაფრთხოების კუთხით „სარგოს“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევს. კოოპერატივის მეპაიეთა მიზანია, რომ ყველის წარმოება დაიწყონ. ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო 20 ათას ლარამდე თანხის მობილიზება კოოპერატივის მეპაიეებმა ვეღარ შეძლეს.

ბიზნესგეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ „სარგოს“ წარმოებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარები საკუთრებაში გადაეცემა. წლის ბოლომდე გიორგი გველესიანი ამ პროცესის დასრულებას და კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობის ზრდას ელოდება.

„ჩვენთვის ძალიან ცუდია, რომ აწყობილ სადისტრიბუციო ქსელში მომხმარებელს პროდუქციას ვეღარ ვაწვდით. პრობლემები საკმაოდ ბევრია, მაგრამ არა დაუძლეველი,“ – ამბობს გიორგი გველესიანი.

ჰამლეტ ბერაძემ, გია ოკრიბელაშვილმა, ჯამბული ხიჯაკაძემ, სპარტაკი ნიქაბაძემ, მარინა გიორგაძემ, დათო ბერაძემ და გია ფაიქრიძემ ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი შეასრულეს – ააგეს და გაარემონტეს შენობა, ხოლო გრანტით მიღებულ სპეციალურ რეზერვუარებში ციცქა-ცოლიკაურის წვენი ჩაასხეს.

ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ გამართული ფუნქციონირებისთვის კოოპერატივი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილია.

მეპაიეებმა სესხიც აიღეს და პირველ ეტაპზე 19 200 ლარი პინის ანგარიშზე შენობის ასაშენებლად შეიტანეს. ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და ერთი ამდენი კიდევ დაამატეს. ჰამლეტ ბერაძეს ბანკებიდან აგროსესხისა და შეღავათიანი კრედიტის მიღების დიდი იმედი წარმოების გაფართოების შემდეგ აქვს.

„ჩვენი მამა-პაპა ოდითგანვე მეღვინეობას მისდევდა და ჩვენ ოჯახებშიც ღვინოს ვაწარმოებდით, – გვიამბობს ჰამლეტ ბერაძე, – ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა ვიფიქრეთ, რომ მეღვინეობა ყველაზე ახლოს იყო ჩვენს კულტურასთან.“ „მეღვინეობა კიცხის“ მარანში ღვინო ევროპული წესითაც დააყენეს და ძველებური ქართულითაც – ჭურში.

კოოპერატივმა გარკვეული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. 5-6 ათასი ლარი სოფელში ერთი პროექტის განხორციელებას უნდა მოახმარონ. სოფელში ხიდი შეაკეთონ, გზა, წყლის სათავე ნაგებობა თუ სველი წერტილი მოაწყონ, – ეს კოოპერატივის შესაძლებლობებსა და მოსახლეობის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

„მეღვინეობა-კიცხის“ მიერ წარმოებული ერთი ლიტრი ღვინო ხუთი ლარი ეღირება. ბოთლში ჩამოსხმული – 15 ლარი. კოოპერატივი „მეღვინეობა-კიცხი“ პროდუქციის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას გეგმავს.

„ღვინის ეროვნულ სააგენტოში დავრეგისტრირდით, – გვიამბობს ჰამლეტ ბერაძე, – გვინდა „ღვინის გზის“ პროექტში ჩავერთოთ, რაც ტურისტების სტუმრობას და ჩვენი პროდუქციის დაგემოვნებას გულისხმობს. ადგილწარმოშობის ღვინოს სერტიფიკატის მისაღებადაც ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მცირე ტექნოლოგიით საკმაოდ ნორმალური ღვინო მივიღეთ.“

ჰამლეტ ბერაძე ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ისა და ამ პოგრამის ტექნიკური მხარდამჭერი ორგანიზაციის – „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) მადლიერია. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ვაჟა მაჭავარიანის როლი ჩვენი კოოპერატივის შექმნაში, – ამბობს ჰამლეტ ბერაძე, – ვაჟა კოოპერატივის დარეგისტრირებასა და წესდების შექმნაში აქტიურად გვეხმარებოდა. საკონკურსო განაცხადის შეტანის ბოლო დღეს, როცა მონაწილეობაზე თავს ვიკავებდი, ვაჟას სატელეფონო ზარი გადამწყვეტი აღმოჩნდა.“

ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ ყველა უწყებიდან მხარდაჭერა სამომავლოდ მათ პასუხისმგებლობას აათკეცებს. „მეღვინეობა კიცხის“ პირველი პროდუქციის დაგემოვნება მსურველებს „ელკანას“ ბაზრობაზე თბილისში, 23-24 დეკემბერს, შეეძლებათ. პირველი შეფასება კოოპერატივის განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება.

კოოპერატივების საქმიანობაში ბევრი რამ დასახვეწია

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტ ვაჟა მაჭავარიანს კოოპერატივების განვითარება და წვრილი ფერმერული მეურნეობების დამსხვილება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების, შემოსავლების გაზრდისა და კონკურენციის გაძლიერების ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია. ის ამბობს, რომ კოოპერატივები ხარაგაულში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ამ გზაზე კი ბევრი რამ გასამართი და დასახვეწია.

„გლეხმა უნდა იცოდეს, რომ 2020 თუ 2024 წელს ოჯახში წარმოებულ პროდუქციას ბაზარზე ვეღარ გაყიდის, – ამბობს ვაჟა მაჭავარიანი, – ეს კანონმა რომც არ აკრძალოს, სხვადასხვა პროგრამებით გაძლიერებული კოოპერატივები მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციას უკეთესი შეფუთვითა და ხარისხის დამადასტურებელი ნიშნით შეთავაზებენ.“

კოოპერატივების საქმიანობის კონტროლი, ვაჟა მაჭავარიანის განმარტებით, გაცილებით იოლია. მეპაიეთა მხრიდან პროგრამაში თანამონაწილეობა კი მათ პასუხისმგებლობას ზრდის.

„ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით კოოპერატივის ჩამოყალიბების მსურველებს, – გვიამბობს ვაჟა მაჭავარიანი, – ამჟამად ორ ჯგუფთან ვთანამშრომლობთ, – ლეღვანსა და ღორეშაში სურთ კოოპერატივის ჩამოყალიბება.“

რაც შეეხება „სარგოს,“ ვაჟა მაჭავარიანი განმარტავს, რომ პროდუქციის სრულყოფისათვის შესაძენია ჰომოგენიზატორი, რაც რძის ცხიმის გადანაწილებისთვის აუცილებელია. „სარგოს“ აქვს შანსი, რძის გადამამუშავებელი კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთოს. მეპაიეები მონდომებულები არიან და იმედია, მალე წარმოება განახლდება.

„მეღვინეობა კიცხის“ ღვინო საახალწლოდ ჩვენს სუფრებს ნამდვილად დაამშვენებს. იმედია, უახლოეს მომავალში ნაბახუსევზე „სარგოს“ აირანის დაგემოვნებასაც შევძლებთ.

კოოპერატივები საექსპორტო პოტენციალს გაზრდის

პოლიტოლოგი და ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის თანდათანობით, სექტორულად იხსნება.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აახლოებს საქართველო თავის მარეგულირებელ ინსტრუმენტებს ევროკავშირთან კონკრეტულ სფეროებში, – ამბობს კახა გოგოლაშვილი, – ევროკავშირის პროგრამა ENPARD ფერმერებს საწარმოს ჩამოყალიბებაში, ხარისხის სისტემის გამართვასა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის სტანდარტის დაცვაში ეხმარება. კოოპერატივები საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოში კოოპერატივები წლების მანძილზე არაპოპულარული იყო. ექსპერტის თქმით, კოოპერატივები ერთადერთი გზაა ადამიანების სოფლად შენარჩუნებისთვის. „საქართველოში პატარა ნაკვეთები და ძალიან ბევრი გამოუყენებელი მიწაა. კოოპერატივების მეშვეობით მცირემიწიანი ფერმერებიც ისარგებლებენ, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ნინო კაპანაძე