სალომე კვირიკაშვილს, – არა ერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულს, – მშობლიური ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ღონისძიება მიუძღვნეს.

-სალომე ჩვენი სკოლის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლეა, – ამბობს მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, შეხვედრის ორგანიზატორი ნანა დევდარიანი, – მისთვის კონკურსები, ფესტივალები და ღონისძიებები უცხო არ არის. თუმცა წელს ის სკოლას ამთავრებს და გვინდოდა, ჩვენც მიგვეძღვნა მისი შემოქმედებისათვის თუნდაც ერთსაათიანი საღამო.

შეხვედრა ნანა დევდარიანმა გახსნა და სალომეს პიროვნების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სალომე შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, ძალიან მონდომებული, ცნობისმოყვარე ახალგაზრდაა. ის წარმატებულია არა მარტო მუსიკაში, არამედ სასკოლო დისციპლინებშიც. მუსიკალურ კონკურსებში გამარჯვების აღსანიშნავ სიგელებს, დიპლომებსა და სხვა ჯილდოებს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში მიღწეული შედეგები უმშვენებს გვერდს.

-სალომეს შრომისმოყვარეობა, შესაძლოა, უამრავი ახალგაზრდისთვის მაგალითად იქცეს, – მთავარია მონდომება, მოტივაცია და ამქვეყნად მიუღწეველი არაფერია, – ამბობს ნანა დევდარიანი.

2010 წლის აპრილში უკრაინის ქალაქ ვინიცაში გამართულ მუსიკალურ ფესტივალში „მუსიკალური ქოლგა“ სალომე კვირიკაშვილმა პირველი ადგილი და პრიზი „ოქროს ქოლგა დაიმსახურა“. ამ კონკურსში კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას რჩევითა და მხარდაჭერით ჩაერთო.

2011 წლის მარტში ხარაგაულის სამუსიკო სკოლის სახელით „მომავლის ვარსკვლავებში“ გრან-პრი დაიმსახურა, 2015 წელს ქუთაისში გამართულ მუსიკალურ კონკურსში „იმერეთის ხმა“ -ასევე უმაღლესი ჯილდო გრან-პრი. კონკურსში „ვარინკობა – 2015“ სალომე მესამე ადგილს დასჯერდა. 2015 წლის სექტემბერში თურქეთში, ქალაქ მარმარისში, გამართულ მუსიკალურ კონკურსზე, ხარაგაულის სამუსიკო სკოლის სახელით წარსდგა და პირველი ადგილი დაიმსახურა.

წარმატებული იყო სალომეს მონაწილეობა „იმედის“ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში „ახალი ხმა“, სადაც დათო ფორჩხიძის გუნდში მღეროდა.

თავად სალომეს ყველაზე მნიშვნელოვან კონკურსად 2009 წელს ხარაგაულში გამართული „დო, რე, მი“ მიაჩნია, რომლის დროსაც კონკურსის ორგანიზატორებმა დალი მერაბიშვილმა და დარეჯან გვაძაბიამ, ფაქტობრივად, აღმოაჩინეს განსაკუთრებული მუსიკალური შესაძლებლობების გოგონა, რომელსაც იმ მომენტისთვის სპეციალური მუსიკალური განათლება მიღებული ჯერ არ ჰქონდა.

-კონკურსში „დო, რე, მი“ გამარჯვება იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი წარმატება, რადგან სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. არ ვიცი, რა იქნებოდა ამ კონკურსის გარეშე, – ამბობს სალომე კვირიკაშვილი.

ის დღეს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის მერვეკლასელია და პედაგოგ დარეჯან გვაძაბიასთან ფორტეპიანოს ეუფლება. სალომე ცხრაწლედის დამთავრებას აპირებს. კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელება აქვს მიზნად დასახული, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას დაეუფლება.

სკოლაში სწავლასა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნების მეცადინეობასთან ერთად სალომე თვეში ერთხელ კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიასთან ვოკალის გაკვეთილებსაც ასწრებს.

„მუსიკალურ სკოლაში ექვსი წელი ისე ვისწავლე, რომ სამწუხაროდ, ინსტრუმენტი არ მქონდა, – ამბობს სალომე, – შარშან ლალი ალექსიძემ მუსიკალური სკოლის ერთ-ერთი პიანინო სწავლის პერიოდში სარგებლობისთვის გადმომცა.“

სალომე კვირიკაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრეს მისმა თანაკლასელმა და მეგობარმა ნინო ჭყოიძემ, სკოლის დირექტორმა სასწავლო-სააღმზრდელო დარგში ნანა კვინიკაძემ. საღამოზე შესრულდა ვოკალური და ხალხური სიმღერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე და ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე.

-ძალიან სასიხარულოა, რომ სკოლის მოსწავლე ასე პოპულარულია, – ამბობს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, – სალომე კვირიკაშვილი ნიჭიერ მუსიკოსია, ღვთისგან ბოძებული ნიჭი გააჩნია. ის არა ერთი კონკურსის გამარჯვებულია არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. რამდენ წინააღმდეგობასთან იქნებოდა დაკავშირებული, რომ ქვეყნის მასშტაბით თუ საერთაშორისო ფესტივალებზე ხარაგაულელი მოსწავლე, ჩვეულებრივი ოჯახის შვილი, გამხდარიყო ამდენი კონკურსის „გრან-პრის“ მფლობელი.

სალომე არაჩვეულებრივი ადამიანია, ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე. ყველა საგანს კარგად სწავლობს და მისაბაძი ადამიანია. მან არაერთხელ წარმოაჩინა არა მხოლოდ ხარაგაული, არამედ მთელი ქვეყანა თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა თუ პოლონეთში. დარწმუნებული ვარ, სალომე ხარაგაულისა და ჩვენი ქვეყნის სახელს მსოფლიო მასშტაბით მომავალშიც მრავალჯერ წარმოაჩენს.

ხარაგაულის სამუსიკო და #3 საჯარო სკოლების მასწავლებლებმა, მშობლებმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველანაირად შეუწყვეს ხელი სალომეს, რომ ასეთი წარმატებისთვის მიეღწია.“

სალომე კვირიკაშვილი მადლობას უხდის სკოლის დირექტორს მარინე ხვედელიძეს, მასწავლებლებს დალი ლურსმანაშვილს, დარეჯან გვაძაბიას, ნანა კვინიკაძესა და ნანა დევდარიანს, თანაკლასელებსა და თანასკოლელებს ღონისძიების ჩატარებისთვის და ამბობს, რომ ეს ადამიანები, რომელთაც ძალიან უხარიათ მისი თითოეული წარმატება, მომავალში უფრო მეტის გაკეთების სტიმულს აძლევენ.

ლაურა გოგოლაძე