ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ ხარაგაულელ ამომრჩეველს თავისი საპარლამენტო საქმიანობის ერთი წლის შედეგები წარუდგინა. კანონების შემუშავებაში მონაწილეობა, საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობა, ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მდგომარეობა – ამ საკითხებზე ისაუბრა მან ადმინისტრაციული შენობის დარბაზში შეკრებილი მოქალაქეების წინაშე.
შეხვედრის დასაწყისში პალამენტარმა ნოდარ ებანოიძემ გასული წლის ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი მიმოიხილა და აღნიშნა, რომ დღეს ადამიანები ბევრად უფრო თავისუფალნი არიან, ვიდრე შარშან.
დეპუტატმა განაცხადა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გადავიდეთ პროცედურულ, კანონზე აგებულ დემოკრატიაზე. მისივე თქმით, პირები, რომელთაც უკავიათ მნიშვნელოვანი თანამდებობები, მოსახლეობას უნდა აბარებდნენ ანგარიშს.
„მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი დამოკიდებულება მექნება თქვენთან. შეუძლებელია ცალკე იყოს საზოგადოება და ცალკე დეპუტატი. რაც უნდა წარმატებით ვსაქმიანობდე პარლამენტში, ჩვენ თუ ვერ გავაგებინეთ ერთმანეთს, მე რას ვაკეთებ და თქვენი მოთხოვნა რა არის, შედეგს ვერ მივაღწევთ,“ – აღნიშნა პარლამენტარმა და იქვე დასძინა, რომ ბოლო პერიოდში ადმიანებთან ყოველდღიური ურთიერთობებით ძალიან დიდი მუხტი მიიღო, რაც საკუთარი ვალდებულებების უკეთ განახორციელების სტიმულს აძლევს.
ნოდარ ებანოიძე პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრია. ის თექვსმეტი კანონის ავტორი და თანაავტორია.
როგორც პარლამენტარი ამბობს, მან საკმაოდ შრომატევადი სამუშაო შეასრულა აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობისას. ნოდარ ებანოიძე ამჟამად იმ ჯფუფის ხელმძღვანელია, რომელიც აუდიტის სამსახურის რეფორმას ახორციელებს. რეფორმის თანახმად, ყველა აქტი, რომელიც აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავდება, განიხილება პარლამენტში.
ამჟამად ნოდარ ებანოიძე პარლამენტს სთავაზობს კანონპროქტს საბიუჯეტო თანხების ეფექტიანად ხარჯვის თაობაზე. დეპუტატის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა. სახელმწიფო დაწესებულებების ვალდებულება იქნება, რომ ეკონომიკურად და ეფექტურად გააკეთონ ყველა გათვლა. ამას კი კვალიფიცური სპეციალისტები სჭირდება.
პარლამენტარმა ამომრჩევლებთან ერთად თვალი გადაავლო იმ მნიშვნელოვან კანონებს, რომლებიც პარლამენტმა ერთი წლის მანძილზე მიიღო. მისი განცხადებით „ამნისტიის შესახებ კანონი“ 17 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო. პარლამენტარის თქმით, ეს იყო ჰუმანური აქტი იმის მიუხედავად, რომ არსებობდა დანაშაულის ზრდის გარკვეული რისკი, თუმცა სტატისტიკამ სხვა რამ აჩვენა.
გაუქმდა „სისხლის სამართლის კოდექსში“ სასჯელების შეკრებითობა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა „შრომის კოდექსი.“ სერიოზული ცვლილებაა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ იმ კუთხით, რომ საჯარო მოხელეები თანამდებობაზე დაინიშნებიან მხოლოდ შესაბამისი კონკურსით. „ეს იქნება ძალიან სერიოზული გამოცდა თვითმმართველობისთვის. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ხარაგაულში გამგებელი, ბატონი კობა ლურსმანაშვილია. სრული იმედი მაქვს, რომ კონკურსი იქნება სამართლიანი,“ – აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.
ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ სერიოზული ცვლილებების მიუხედავად, ხარაგაულში ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის ბოლოს ხარაგაულში ჯანდაცვის კუთხით აღარ გვექნება ის მდგომარეობა, რაც გვაქვს ახლა. „კარგი არ არის, როცა ქვეყანაში სოციალური დახმარების ბევრი მიმღებია. თუმცა, ამბობდნენ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრს მოეხსნა დახმარება. სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ ხარაგაულში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში სოცდახმარება ჰქონდა 2 675 ბენეფიციარს, ამჟამად აქვს 2 978-ს. ხარაგაულში ხომ ვიცით, რა პირობებში ვცხოვრობთ. ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს პურის ფული და ექიმთან მისვლის შესაძლებლობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების დაძლევის კუთხით სწორ გზაზე ვდგავართ,“ – აღნიშნა დეპუტატმა.
ნოდარ ებანოიძემ ვრცლად ისაუბრა ხარაგაულის მუნიციალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და თვითმმართველობის მოწყობის საკითხებზე. მისივე ინფორმაციით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება თვითმმართველობის ახალი კონცეფცია, რომლითაც მოსახლეობას მეტად დაუახლოვდება ადგილობრივი ხელისუფლება.
დეპუტატის ინფორმაციით, მალე დაიწყება სატყეო რეფორმა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ხარაგაულელი მოსახლობისთვის. „უნდა ვიაქტიუროთ იმ მიმართულებით, რომ ხარაგაულის იმ სოფლებში, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზონაში მდებარეობენ, მეტი ყურადღება გამოიჩინოს ხელისუფლებამ. გაზიფიცირების პროცესი უნდა დაიწყოს პირველ რიგში ამ სოფლებში,“ – აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში არის არა მდუმარე, არამედ მოფიქრალი უმრავლესობა. მან ხარაგაულელ ამომრჩევლებს სთხოვა, რომ იყვნენ მის მიმართ კრიტიკულები, რათა მან უკეთ შეძლოს სადეპუტატო საქმიანობის განხორციელება. მისივე თქმით, საფუძველი უნდა ჩავუყაროთ საკითხებზე მსჯელობას, დეპუტატის ანგარიშის მოსმენასა და განხილვას.
„თქვენი კრიტიკის გარეშე განვითარება შეუძლებელია. ჩვენ არ გვჭირდება ტაშისკვრა და შეშინებული საზოგადოება. ადამიანებმა არჩევანი თავისუფლებაზე გააკეთეს. კომუნიკაციის საშუალებები გვაქვს და უნდა მომაწოდოთ თქვენი წინადადებები, შენიშვნები და მოსაზრებები. ხარაგაულელი ამომრჩევლის აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – დასძინა ანგარიშის წარდგენის დასასრულს ნოდარ ებანოიძემ.
ნინო კაპანაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ