რეზო დეკანოსიძის ქუჩაზე მცხოვრები თამაზ ბუაჩიძე კმაყოფილია მდინარე ჯიხველაზე განხორციელებული ნაპირსამაგრი სამუშაოებით. მისი თქმით, გაზაფხულზე, წყალუხვობისას, ქუჩა ხშირად იტბორებოდა. ეზოებში შევარდნილი წყალი მოსახლეობას დიდ ზიანს აყენებდა. „ამასწინათ მეზობელს სამი მანქანა ბლოკი გაუფუჭდა ეზოში,“- ამბობს თამაზ ბუაჩიძე. ამ ქუჩაზე და ისლარში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები, პატარა ხარაგაულში სანიაღვრე არხების, ლეღვანში საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ პარასკევს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ მოინახულა. ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, კობა ლურსმანაშვილთან, მის მოადგილე მიხეილ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანთან და მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ებანოიძესთან ერთად დიდვაკის მოსახლეობას შეხვდა, დაათვალიერა ხარაგაულის სპორტული დარბაზი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ საჭიროა სპორტული დარბაზის სწორად ექსპლუატაცია: „ნათლად უნდა დაასაბუთოთ, რა არის საჭირო და რა ეფექტს მოიტანს, რამდენი ადამიანი ივარჯიშებს, რაზეა გათვლილი. ამის შემდეგ დაეხმარება სამინისტრო სპორტული დარბაზის ამოქმედებაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს.“
დიდვაკის მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა, მათივე თქმით, ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს. სოციალური მდგომარეობის გამო მათ წყალზე სულადობრივი გადასახადის, 70 თეთრის, გადახდა უჭირთ. მათივე განცხადებით, წყალი წვიმიან ამინდში ისეთი ამღვრეულია, საჭმლისთვის კი არა, იატაკის ტილოსთვისაც ვერ იყენებენ. გასულ წელს ნახევრად გადაიხურა საცხოვრებელი კორპუსი, არ აქვთ კანალიზაცია.
ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის თქმით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან გასულ წელსაც მსჯელობდნენ წყლის გადასახადის შეღავათებზე. მოსახლეობას მრიცხველით აღრიცხული წყლის საფასურის ნაწილს ადგილობრივი ბიუჯეტი დაუფარავდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხას გაითვალისწინებენ.
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანმა წყლის ტარიფზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით ტარიფი ხარგაულში უნდა იყოს დაბალი, რადგან წყალი თვითდინებით მიეწოდება მოსახლეობას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო გეგმავს, რომ წყალმომარაგება თვითმმართველობას გადასცეს – შემოსავალიც თვითმმართველობას დარჩეს და ქსელის პრობლემებიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოაგვაროს. რაც შეეხება ტარიფს, მოსახლეობას როცა უჭირს, უნდა დავეხმაროთ ლიმიტის ფარგლებში. მისივე თქმით, გამრიცხველიანებამ უნდა გამოიწვიოს წყლის ხარისხისა და დებეტის გაზრდა.
რაც შეეხება მრავალბინიანი კორპუსის გადახურვას, გამგებელმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ეს პრობლემა და აუცილებლად მოაგვარებენ. მისივე თქმით, შესაძლოა, ეს საკითხი წლის ბოლომდე მოგვარდეს, თუ არადა, მომავალი წლის პრიორიტეტებში აუცილებლად მოხვდება.
„გადაწყვეტილია, რომ ჩუმათელეთის გზა გაკეთდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. პროცედურები ცოტა ხანგრძლივია. რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის დაწყებამდე ჩუმათელეთის გზა უნდა გვქონდეს, როგორც ალტერნატიული გზა,“ – აღნიშნა შოთა მურღულიამ დიდვაკელებთან შეხვედრაზე.
თავის მხრივ მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ ჩუმათელეთის გზის კეთილმოწყობა გამოაცოცხლებს ჩხერიმელას ხეობის სოფლებს. მისივე თქმით, ამ პროექტს მიებმება ინფრასტრუქტურის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ტურისტების რაოდენობის ზრდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.
დღის ბოლოს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრა სოფელ ხიდრის, როგორც ეროვნულ პარკში შემავალი სოფლის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზე. ნოდარ ებანოიძის თქმით, სამინისტროს პრიორიტეტია სწორედ ტურისტულ ცენტრებში გზის კეთილმოწყობა. ამავე დროს, დეპუტატის თქმით, წყალაფორეთის გზის კეთილმოწყობა სერიოზულ პრობლემებს წყვეტს ამ სოფლისთვის.
მინისტრის მოადგილემ მომავალი წლისთვის სამინისტროში პროექტების წარდგენის პროცედურებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ნოემბერში უნდა აცნობონ სამინისტროს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ. დეკემბრისთვის დაიწყება პროექტირება. მარტის ბოლომდე სამუშაოს შემსრულებელი კომპანიები უნდა იყვნენ გამოვლენილნი.
„ყველაფერი უნდა ასახოთ პროექტების ჩამონათვალში, – აღნიშნა შოთა მურღულიამ მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, – სასურველია, მეტი მოთხოვნა შემოვიდეს, რადგან წლის განმავლობაში შეიძლება ეკონომია გვქონდეს და გამოჩნდეს დამატებითი რესურსი. პროექტებში უნდა ასახოთ მიზანი, ამოცანები, რამდენ მოსახლეს ეხება, რა ეფექტს მოიტანს და ა. შ. სავარაუდო პრიორიტეტები იქნება იგივე – გზა, წყალი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რამდენი საბავშვო ბაღია და რამდენი გესაჭიროებათ, რამდენი ნაგავმზიდი მანქანა გყავთ და რამდენი გჭირდებათ და სხვ.
წელს დავინახეთ, რომ თვითმმართველობებს შორის არსებობს კონკურენცია. რომელმა მუნიციპალიტეტმაც კარგად იმუშავა, მოასწრო და პროექტები დამატებით განახორციელა. გაისად პროექტების დაფინანსების პრიორიტეტი იქნება ის, თუ როგორ აითვისეს წინა წლის თანხა. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ხარისხს, – შეიძლება შერჩევით რაღაც ობიექტები გადამოწმდეს.“
მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან ხარაგაულისკენ გადმოსახვევთან ტრაფარეტის დადგმის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. შოთა მურღულიას თქმით, ის ამ საკითხს აუცილებლად დასვამს სამინისტროში.
წყალაფორეთის მცხოვრებმა მალხაზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების განვითარებას ხელისუფლებამ მეტად უნდა შეუწყოს ხელი.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რეგიონული განვითარების სამინისტროში ამ მიმართულებით მსჯელობენ.
ნინო კაპანაძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ