ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული გამგებელი ნიკო თოფურიძე 21 ნოემბრიდან საქმიანობას შეუდგა.

ნიკოლოზ თოფურიძე 1967 წელს ქალაქ მარნეულში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი კინოსა და დრამის მსახიობის სპეციალობით.

როგორც ნიკო თოფურიძე აღნიშნავს, 1990 წელს გაემგზავრა ამერიკაში და ვაშინგტონის საერთაშორისო ინსტიტუტში ინგლისური ენა შეისწავლა. დაამთავრა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯერ ინტერპოლის ეროვნული ბიუროს ოპერატიული სამსახურის საგარეო საქმეთა მიმართულებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ – საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის საგარეო განყოფილებას. იყო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი. 2003-2004 წლებში „ცენტრპოინტჯგუფში“ მუშაობდა.

2004-2005 წლებში ხარაგაულის სატყეო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბოლო ოთხი წელი საქართველოს ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

ჰყავს მეუღლე ეკა კახიანი, ორი ქალიშვილი და სამწლინახევრის შვილიშვილი ლადო გაბაშვილი.

ახალარჩეული გამგებლის მუშაობის დაწყება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესს დაემთხვა. მან საქმიანობა გამგეობის რეორგანიზაციის პროექტის შემუშავებით დაიწყო.

გამგეობაში დაგეგმილ რეორგანიზაციაზე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე გვესაუბრება:

-ბატონო ნიკო, გამგეობამ საკრებულოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. თქვენი აზრით, რამდენადაა ასახული მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობის რეალური საჭიროებები?

-ბიუჯეტის პროექტი გადაიხედება და შეიცვლება. საკრებულოს მიერ მოწოდებულ შენიშვნებსაც გავითვალისწინებთ.

-2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ააიპ-ების ხელმძღვანელებმა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ მომავალ წელს მათთვის განსაზღვრული სუბსიდიების გაზრდის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

რამდენად ეფექტური იქნება ააიპ-ების საქმიანობა გამოყოფილი სუბსიდიით, თუ მათ არ შეამცირეს შტატები. როგორია თვენი ხედვა და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?

-თქვენ ჩემზე კარგად იცით, ააიპ-ებში რა მდგომარეობაა. გადასახედია ბევრი რამ. ხელმძღვანელებს ვხვდები და ვეუბნები, – თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა იმოქმედოთ. გამგებლად არ მოვსულვარ იმისთვის, რომ ვინმე უსამსახუროდ დარჩეს. არავის სახლში წასვლა არ მინდა, მაგრამ ხუთი ლარით გასაკეთებელ საქმეზე ათ ლარს არ დავხარჯავთ.

-კონკრეტულად რა იგეგმება გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციით?

-დასაქმებულების მასიურად სახლში გაშვებას არ ვაპირებთ. რამდენიმე ცვლილება განხორციელდება. ძირითადად, საუბარია ზოგიერთი სამსახურის გაუქმებასა და იქ არსებული შტატების სხვა სამსახურში გადატანაზე.

ოპტიმიზაცია ზოგიერთ სამსახურსა და განყოფილებას შეეხება. გარკვეული მოსაზრებების გამო, წინასწარ ყველაფერს ვერ გეტყვით. თუ ვინმეს აქვს რეალური საფუძველი, რომ მშვიდად არ იყოს, ბუნებრივია, ვერ იქნება მშვიდად.

-ხარაგაულთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინები რამდენად დაემთხვა იმას, რაც რეალურად დაგხვდათ?

-ვისაც შევხვდი, ძალიან კარგი ადამიანები არიან. ნათლად ესმის ყველას ყველაფერი. ჯერ დაბრკოლება არ შემხვედრია. ყველა დიდი დაკვირვებითა და გონიერებით უდგება საქმეს. კარგი სიტუაციაა და ვთვლი, რომ გარედან ქმნიან ხელოვნურად რაღაც დაძაბულობებს.

ვფიქრობ, არ არსებობს ხარაგაულში ადამიანი, რომელთანაც ამ ეტაპზე ან მომავალშიც, შესაძლოა, მქონდეს რაიმე გაურკვევლობა. ყველას ვეუბნები, რომ მე ვარ თითოეული მათგანის გამგებელი.

რატომ მოხდა თანამდებობების მონაცვლეობა, ამას ახლა ვერ გეუბნებით; მოვა ამის თქმის დროც. შენიშვნები ან უკმაყოფილება კი არ იყო ვინმესთან, გარკვეული სტრატეგიაა და ამას ძალიან მალე დაინახავთ.

-თქვენ ახალი სახე ბრძანდებით თვითმმართველობაში და აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო გჭირდებათ სიტუაციის გასაანალიზებლად. პირველ მოადგილედ დანიშნეთ არჩილ მაღრაძე, რომელიც ასევე ახალი სახეა. რით ასაბუთებთ თქვენს ამ საკადრო გადაწყვეტილებას, რა არის თქვენი არგუმენტი?

-ამ საკადრო გადაწყვეტილების შედეგს ერთად მოვიმკით.

-გამგეობიდან გათავისუფლებულთა შორის ერთ-ერთი პირველი, – აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი როინ გელაშვილი, – რესპუბლიკური პარტიის წევრია. ეს უბრალო დამთხვევაა თუ პარტიული კუთვნილებით განპირობებული გადაწყვეტილება?

-ის, რომ როინ გელაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრია, მისი გათავისუფლების შემდეგ გავიგე. ერთი-ორი სამსახურის ხელმძღვანელი კიდევ გათავისუფლდება.

-რა მიზეზით გაათავისუფლეთ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი საქმიანობა შეაფასეთ უარყოფითად?

-ამას ახლა არ ავხსნი. ეს იყო ჩემი უფლება და გამოვიყენე. კვლავაც გამოვიყენებ.

-აპირებთ თუ არა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას?

-აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას 2017 წელს გამგებლის არჩევნებში. ეს გარდაუვალია.

ნინო კაპანაძე