ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგეობის სამსახურებში რეორგანიზაციის დაწყებას მხარი დაუჭირა.

25 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საკითხი განსხილველად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა წარადგინა.

საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 28 ნოემბრიდან

გამგეობაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს რეორგანიზაციის შესახებ გააფრთხილებენ; ამ პროცესს, შესაძლოა, თან სდევდეს შტატების შემცირება და სამსახურიდან საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.

გამგეობამ 20 დეკემბრამდე უნდა მოამზადოს სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტები, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივ სარგოებში განსახორციელებელი ცვლილებები.

გამგეობის რეორგანიზაცია ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

დეპუტატი გელა გოლუბიანი მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია აუცილებელია, თუმცა, საკრებულოს უფრო გონივრული გადაწყვეტილებები რომ მიეღო, ეს საჭირო აღარ იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს.

საკრებულოს წევრ ინგა მაღრაძესთვის რეორგანიზაციის გამომწვევი მიზეზები ბუნდოვანია.

რამ გამოიწვია გამგეობაში რეორგანიზაციის აუცილებლობა და ხომ არ იგეგმება იგივე პროცესი ააიპ-ებში, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ნიკო თოფურიძეს, მივმართეთ.

„გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება შეიქმნება, – განმარტავს გამგებელი, – ზოგიერთ განყოფილებას მოაკლდება შტატები და სხვა განყოფილებებს დაემატება. ზოგიერთი სამსახური უნდა გაძლიერდეს და ა. შ.

დასაქმებულთა მასიურ გაშვებას არავინ გეგმავს. ტყუილად ნერვიულობენ, როგორ დავუშვებ ასეთ რამეს. უვადოდ დანიშნული საჯარო მოხელეები არ დაიჩაგრებიან.

ლ;აპარაკია იმაზე, რომ ზედამხედველობის, მონიტორინგისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები გაძლიერდეს. დეტალებს დღეს ვერ გეტყვით. საკრებულოს 20 დეკემბრისთვის მივაწოდებთ დოკუმენტს და ყველაფერი თვალნათელი გახდება.“

რაც შეეხება ააიპ-ებში მოსალოდნელ რეორგანიზაციას, ნიკო თოფურიძე ამბობს, რომ ეს სენსიტიური საკითხია და შესწავლას საჭიროებს.

ნინო კაპანაძე