ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 6 656 900 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა 68 ათასი ლარით მეტია შარშანდელ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ ააიპ-ები ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ სუბსიდიებში უნდა ჩაეტიონ და მომავალ წელს დამატებით თანხას ვეღარ მიიღებენ.

„ფეხი იმდენზე უნდა გაშალო, რამდენზეც საბანი გაგწვდებაო,“ – ხალხური ანდაზა მოიშველია ვლადიმერ გელაშვილმა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, პროგრამული ვერც 2017 წლის ბიუჯეტია; სოფლებში განსახორციელებელი პროგრამებისთვის თანხები კონკრეტულად არ არის გაწერილი.

დეპუტატი ინგა მაღრაძე ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე ასკვნის, რომ ააიპ-ებში თანამშრომლებს ან ხელფასი უნდა შეუმცირონ, ან სახლში გაუშვან, ან სამუშაო აღარ უნდა შეასრულონ.

მას მიაჩნია, რომ ააიპების ადმინისტრაციებში თანაბარი სახელფასო ანაზღაურება უნდა დაწესდეს, გაუქმდეს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ხარჯები გაიზარდოს.

ზედმეტი შტატების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს დეპუტატი დავით კიკნაძე.

საკრებულოს წევრი შალვა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტში რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისთვის საჭირო თანხა ასახული არ არის;

მისი კოლეგა მიხეილ გელაშვილი ბიუჯეტის პროექტში საჯარო მოხელეთა გადამზადებისთვის საჭირო თანხის გათვალისწინებას ითხოვს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის მოსაზრებით, ბიუჯეტში წარმატებული სპორტსმენების წახალისებისა და ცენტრალურ პარკში ატრაქციონების მოწყობისთვის თანხები უნდა დაიგეგმოს.

მისივე თქმით, ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციისა და სანიაღვრე არხების მოწყობის თანხა არასაკმარისია; ბიუჯეტში უნდა აისახოს წიფასა და ზვარეში გასახსნელი საბავშვო ბაღებისა და ვერტყვიჭალაში დღის ცენტრის მოწყობის თანხები.

„გადასახედია სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების, სპორტის განვითარების ცენტრის, კულტურის ცენტრის, ხარაგაულდასუფთავების, ხარაგაულკეთილმოწყობის, ცენტრალური ბიბლიოთეკის, ხალხური შემოქმედების სახლისა და ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება, რადგან მათ აღებული ვალდებულებებისთვის თანხა არ ეყოფათ,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი და პრემიების, წარმომადგენლობითი, კომპიუტერების შეძენის, ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და საწვავის ხარჯების შემცირებას ითხოვს.

24 ნოემბერს ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე გამოთქმული შენიშვნები გამგეობას წერილობით მიეწოდება.

„ანდაზა, რომელიც ბატონმა ვლადიმერმა თქვა, შარშანაც ხომ ვიცოდით,“ – ამბობს დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე.

მან ბიუჯეტის განხილვას „სამარცხვინო“ უწოდა, რადგან პრობლემების გადაწყვეტის რეალური გზები ვერ მოისმინეს და პასუხების მომლოდინე თანამშრომლებს ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში ტოვებენ.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა საკრებულოში

biujetis_gankhilva-2

biujetis_gankhilva-1