დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტზე იმსჯელეს.

ამ პროექტის თანახმად, 2016 წლის 28 ნოემბრიდან გამგეობაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს რეორგანიზაციის შესახებ გააფრთხილებენ. პროექტის მიხედვით, რეორგანიზაციას, შესაძლოა, თან სდევდეს შტატების შემცირება და სამსახურიდან საჯარო მოხელეთა გათავისუფლება.

გამგეობამ 20 დეკემბრამდე უნდა მოამზადოს სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტები, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივ სარგოებში განსახორციელებელი ცვლილებები.

გამგეობის რეორგანიზაცია ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი გამგეობის სამსახურებში შესაძლო რეორგანიზაციას არ დაეთანხმა, რადგან მისთვის ბუნდოვანია, თუ რამ განაპირობა რეორგანიზაციის დღის წესრიგში დაყენება.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, რომელიც საჭიროებს გარკვეულ დროს, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა, – საკრებულო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგება. ამ გადაწყვეტილების უკან საჯარო მოხელეთა ბედი დგას.

ვფიქრობ, რომ გეგმა კონკრეტიკას მოკლებულია და გაჟღერებულია ზოგადი ფრაზები. გეგმა უქადის საჯარო მოხეელებს რიგ შემთხვევაში გათავისუფლებას, რიგ შემთხვევაში – თანამდებობრივი სარგოს კლებას.

ქვეყანაში საჯარო მოხელეებისთვის ჩატარებულმა კონკურსმა ყველას მისცა მყარი გარანტია. ამით თავიდან ავიცილეთ საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა-გათავისუფლება. რამდენად მიზანშეწონილი იქნება საკრებულოს გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს საჯარო მოხელის შესაძლო გათავისუფლებას, თუკი მან კანონის შესაბამისად ჩააბარა გამოცდა, გაიარა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა უვადოდ.

მე ამ საკითხს მხარს არ დავუჭერ, რადგან დეტალურად არ ვიცი, რომელი შტატები გაუქმდება და რატომ?“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს კახა გოლუბიანის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმაში წინასწარ ვერ ჩაიწერებოდა, რომელი შტატებისა და სამსახურების გაუქმება იგეგმება.

დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი დაინტერესდა, რამ გამოიწვია გამგეობაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყება.

კახა გოლუბიანის განმარტებით, „ყველას თავისი ხედვა აქვს. შეიძლება რომელიმე სამსახური თვლიდეს, რომ გაძლიერება სჭირდება, რომელიღაცას ჰყავს 15 თანამშრომელი და ამდენი არ სჭირდება. არსებობს რაღაც გეგმა და ამ გეგმას თქვენს წინაშე 20 დეკემბერს წარმოვადგენთ.“

რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტს დეპუტატები ხვალ, 25 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

ნინო კაპანაძე