დღეს, 21 ნოემბერს, ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოში მოქმედი კომისიებისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ორი სამსახურის ანგარიში მოისმინეს.

გამგერობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში არჩილ ლურსმანაშვილმა, ხოლო შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში – როინ გელაშვილმა წარმოადგინა.

სხდომაზე დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის მოსწავლეები მძიმე პირობებში მეცადინეობენ.

დეპუტატ მარინა ვეფხვაძის თქმით, ხარაგაულში მოქმედი სამსახურები და ააიპ-ები ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას, უმეტესად, ხელფასების გასაზრდელად მიმართავენ და უმჯობესია, თანხა სამუშაო გარემოს მოწესრიგებაზეც გახარჯონ.

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ წარმოადგინა ინიციატივა საკრებულოში მოქმედი ფრაქციის „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ სახელწოდების შეცვლის შესახებ. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კოალიციურ რეჟიმში აღარ მუშაობს. ამიტომ საკრებულოში ამ სახელწოდებით ფრაქცია აღარ უნდა არსებობდეს.

ფრაქციის „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილმა მანანა ბარბაქაძის ამ ინიციატივას რეპლიკით – „სირცხვილია, მაგას ნუ ამბობო,“ – უპასუხა.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის, თქმით, საკრებულოს კომისიებში პარტიათა ქვოტირების საკითხი გადასახედია.

ბიუროს სხდომაზე წარდგენილ ანგარიშებზე მსჯელობას დეპუტატები 5 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე გააგრძელებენ.