მატყუარების დღეს დაბადებული ყველაზე მართალი კაცი – ეს ჟორა ბლუაშვილის რამდენიმე სიტყვაში ჩატეული დახასიათებაა.
92 წლის გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი 1924 წლის პირველ აპრილს მოევლინა ქვეყნიერებას. ბუხრის პირას მჯდარმა ბიძამ ნახშირით ჩაწერა ოჯახში უმცროსი წევრის დაბადების თარიღი. გიორგი კი თავის ცხოვრებას წლების განმავლობაში წერდა ცრემლით, ტკივილით და მაინც უსაზღვრო სიყვარულით სამშობლოსა და ადამიანებისადმი.
ცხოვრების გრძელ გზაზე ბევრი ისტორია იყო, საკმაოდ მძიმე ბავშვობაც, საყვარელი ხარაგაული და ულმობელი წლები, რომელმაც 18 წლის გიორგის თავი ხარაგაულიდან ომის ქარცეცხლში ამოაყოფინა. გამოუცდელი ყმაწვილი ბედმა უცებ აქცია შეიარაღებულ მებრძოლად.
თუმცა ყველაფერი ომით არ დაწყებულა.
გიორგის სიმბოლური ცხოვრება ჰქონდა, საინტერესოც და ნაყოფიერიც.
კინოზე შეყვარებულ ყმაწვილს მამისთვის ანგარიშის გაწევა მოუხდა და ლუმიერების მატარებლის ნაცვლად თავისი მომავალი ხარაგაულის რკინიგზას დაუკავშირა.
„ინსტიტუტში ახალმისულები ვიყავით, ოცი ყმაწვილი ჯარში რომ გამოგვიძახეს. ბაქოში ჩასვლამდე ბევრი ფათერაკი გადაგვხდა თავს. საარტილერიო სასწავლებელში მივდიოდით, თუმცა გზა გაგვიგრძელდა. ფეხოსან არმიაში გადაგვანაწილეს. არც ერთს არ გვაწყობდა ეს საშიში საქმე, ამიტომაც ჩემმა ამხანაგმა საბუთები შეცვალა და ისევ სასწავლებელში აღმოვჩნდით,“ – იხსენებს ბატონი გიორგი.
თუმცა სიმშვიდე ცოტა ხანს გაგრძელდა. ბედის უკუღმართობამ კვლავ უწია გამოუცდელ სტუდენტებს და გიორგი 2000 ამხანაგთან ერთად სარატოვში გააგზანეს.
ნელ-ნელა იწრთობოდა ფოლადი ცეცხლში, ტყვიების ზუზუნში, სიცივესა და ყინვაში. გიორგის სამშობლოზე ფიქრი აძლიერებდა, მარტოობის ღამეებში შორს დარჩენილი ოჯახი ათბობდა.
სტალინგრადის ისტორიული ბრძოლის მონაწილე გახლავთ ბატონი ჟორა. სწორედ აქ ყოფნის დროს დაძლია მან მთავარი ფობია – მკვდრების შიში. სამი წელი იბრძოდა ფრონტზე.
„1942 წელს წავედი 18 წლის ყმაწვილი და იქიდან 1945-ში დავბრუნდი 21 წლის, – გაზრდილი ისეც და ასეც. ბევრი ვნახე, ბევრიც გამოვიარე და ბევრიც ვისწავლე.“
ამჟამად ხარაგაულის და უახლოეს მომავალში ბრესტის საპატიო მოქალაქე გიორგი ბლუაშვილი წლების განმავლობაში ხარაგაულის ანსამბლის მოცეკვავე იყო, 1952-97 წლებში ხარაგაულის კინოფიკაციის ხელმძღვანელი, ახლა კი ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეა. როგორც თვითონ ამბობს, ერთი, – ქალთა კავშირის უფროსი არ ყოფილა, თორემ ისე ყველა გაერთიანებასა და კავშირს ხელმძღვანელობდა.
92 წლის ვეტერანი ამჟამად ხარაგაულში ძმისშვილთან და რძალთან ერთად ცხოვრობს.
ბატონ გიორგიზე დიდი სიყვარულით საუბრობს რძალი ლალი სებისკვერაძე, რომელიც ხაზს უსვამს ბიძის მოწესრიგებულობას, იუმორის საოცარ გრძნობას და დასძენს, რომ მისთვის გიორგისთან ცხოვრება დიდი სიამოვნებაა.
ბატონ ჟორას 66 წლის შვილი ჰყავს, რომლის არსებობის შესახებ გვიან გაიგო. გიორგი ბლუაშვილს ყველა იცნობს, ყველა ცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის მისი მარადიული სიყვარულის ისტორია.
ჟორას „მეზობლის ახტაჯანა გოგო“, ლეილა, ერთი ნახვით შეუყვარდა. ერთადერთი რამ ახსოვს ზუსტად, – აპრილი რომ იყო, მზე რომ ანათებდა და მას ლელო უყვარდა ისეთი ცელქი და მოუსვენარი, როგორიც იყო.
აპრილში მოევლინა ქვეყნიერებას, ბრძოლაც აპრილში დაიწყო, ცხოვრებაც და სიყვარულიც. მისი ცხოვრების თვედ იქცა აპრილი… ბედისწერად – გაზაფხული, მზე და სითბო.
უიღბლო სიყვარულის ისტორიამ ერთგული მიჯნური ვერ გატეხა. ჟორას ცოლი არ შეურთავს, სწორედ იმიტომ, რომ მას ერთხელ უყვარდა და იმ ერთხელაც აპრილი იყო, აპრილი – მისი და ლელოს თვე.
ლეილა დაოჯახდა და გიორგის მაინც ის უყვარდა, ენატრებოდა, ეკრძალებოდა. ლეილას გარდაცვალების შემდეგ მის საფლავზე საკუთარ ხელის გულებში გამთბარი მიწის მიმოფანტვა სურდა, თუმცა ვერ გაბედა, ვერ შეძლო მეომარმა, ძლიერმა გამოცდილმა გიორგიმ.
სალმის რაინდი გულისტკივილით იხსენებს მისი თაობის დაღუპულ მეგობრებს, ყველაზე თბილად კი უმცროს მეგობარზე, დავითზე საუბრობს. „ივანიჩი“, როგორც მას ბატონი ჟორა ეძახის, მაღაზიის უსინათლო გამყიდველია. გიორგის კი სწამს, რომ ხედავს და ბევრზე მეტადაც. მას ხომ გონება აქვს, გონების თვალით ხედვა შეუძლია.
ბატონი ჟორასთვის სალამი ყველაფერია. კაცთმოყვარე რაინდს სწამს, რომ „გლახა“ ადამიანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიტუაციები, რომლებიც მას „გლახად“ წარმოაჩენს.
შრომისმოყვარე გიორგი ბლუაშვილი საუკუნოვან სახლში ცხოვრობს, რომლის იატაკიც საკუთარი ხელით დააგო, რომლის საძირკველიც თავად ჩააშენა მოსიყვარულე მამასთან ერთად და რომლის ბინადრობამაც ბევრი რამ ასწავლა სალმის რაინდს.
პოლონური იცის კარგად, რუსულიც და „ჭიჭე ჭიჭე“ მეგრულიც. მისი ცხოვრება ფილმს ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან ფილმს და ჰოლანდიელმა რეჟისორებმა გადაიღეს კიდეც ფილმი ხარაგაულელ მეომარზე.
ჰოლანდიასა და ბელორუსიაში დაფასებული ქართველი ვეტერანი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს: „ხალხი მაფასებს, ყველას ვუყვარვარ და ეს ჩემთვის ყველაფერია. თუმცა ის, რომ ასეთი ცხოვრება მქონდა და ამდენი გამოვიარე, არ ფასდება. ვეტერანობის 44 ლარი მაქვს დახმარება, რაიონს მივმართე და 25 ლარი დამიმატა, წინა წელს დანამატი 5 ლარს შეადგენდა, მაინც მცირეა ეს საარსებოდ,“ – ამბობს იგი.
მოწყენილობის ჟამს ხშირად ირგებს ჯილდოებით შემკობილ პიჯაკს და მთავარ სათქმელს ამბობს: ცხოვრება ვიცხოვრე.
ნაცხოვრები ცხოვრებით აფასებს ყველა ბატონ ჟორას, სალმის უბადლო რაინდს ხარაგაულიდან.
ანა ურუშაძე
თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროექტის ფარგლებში შექმნილი ჟურნალიდან „გზავნილი ხარაგაულიდან“
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.