„უხსოვარ დროს, უცნაური მეტამორფოზების ხანაში, უსათნოესი ბრძენი კაცი, ვისაც ურიცხვი მოწაფე მოძღვარს უწოდებდა, იქცა დიდ, კაშკაშა ვარსკვლავად. იგი ენთო ცაზე, ჩანდა ყოველი მხრიდან და უკიდეგანო სამყაროში მოარულ მგზავრებს გზას უჩვენებდა“.
დიდმა აკაკი წერეთელმა ნათელგონიერი კაცის ნამოქმედარი საქვეყნოდ წარმოაჩინა და მას საზოგადოების წინაშე უდიდესი მისია დააკისრა. ეს ამბავი ოდესღაც ყაბარდოში მოხდა.
„ჰაჯი-უსუბ ცნობილია მხოლოდ ჭკუით და გონებით“. გამზრდელმა არ აპატია ჭაბუკს დანაშაული და თვითმკვლელობით დაუმძიმა სიცოცხლე, სამუდამოდ აჰკიდა ტვირთი. ეს არის ღირსება, რომელიც არ უნდა შეილახოს. მასწავლებელი – სინდის-ნამუსი, მხოლოდ ბაჯაღლო პატიოსნება“.
ამ იდეით გაიზარდეთ ღირსეული მშობლების შვილი, პატარაობიდანვე სანიმუშო იყავით სწავლასა და შრომაში.
თქვენი ოჯახი მარგალიტივით ბრწყინავდა შრომისმოყვარეობით, მშობლიური რჩევა-დარიგებებით, სწავლისადმი ინტერესით. აკი შვილებიც უფასებდით ამაგს. მთავრობის ჯილდოებიც არ გაკლდათ. მშობლიური #1 საშუალო სკოლის დირექტორობა ახალგაზრდობის ასაკში გიორგი ჭიპაშვილისა და ლავრენტი ბარბაქაძის შემდეგ იოლი როდი იყო, თქვენ მოგანდეს და ამ საქმეს სანიმუშოდ უძღვებოდით.
გასული საუკუნის 70-90-იან წლებში „ზაურ შარიქაძის მათემატიკა“ ჩვენი დაბის ახალგაზრდობის მეგზური იყო. ბევრჯერ უსახელებიათ მშობლიური სკოლა და რაიონი. მრავალჯერ მითქვამს, კიდევ ბევრი X ამოგეცნოს-მეთქი. დღეს ზაურ შარიქაძე ძეგლად დგას ყველა აღზრდილის გულში და იხსნება X-ები ზაურისებურად, როგორც ბრძენკაცი იტყოდა: ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი, უნეტარესი…“ შემდეგ იყო რკინიგზის #10 საშუალო სკოლა, ნაცადი და გამოწრთობილი მიხეილ გაბუნიას, ზაქარია შარიქაძის, დოვრეთ ნიკოლეიშვილის, თამარ სახვაძის, ია ოყროშიძის, ჟუჟუნა ჭიპაშვილის, აკაკი ჩიტაძის, ელზა ბანცაძის, მათელა ქათამაძის შრომით. დღეს ისინი ზეციურ სამყაროში იმყოფებიან, ზაურ შარიქაძეც მათთან ერთად ქმნიდა საამაყო მომავალს.
ბატონო ზაურ, თქვენს ოჯახში მათემატიკის სურნელი ტრიალებს. თინიკო მათემატიკოსია და წარმატებულიც. ყველა თქვენს აღზრდილში „პატარა ზაურ შარიქაძე“ ზის. ეს კი უკვდავებაა.
ერთგულმა მეუღლემ ვაჟკაცურად გასწია ჭაპანი. თქვენ, უკვე მძიმე ავადმყოფი, მოსკოვში მკურნალობდით. ქალბატონმა არიადნამ რას არ გაუძლო – ავადმყოფის თავზე დგომა თვეობით, პატარების დარდი საქართველოში, თვითონ ართროზით დაავადებული. ამის მიუხედავად, ყველა შვილს უმაღლესი განათლება მიაღებინა, ყველა დააოჯახა. მამამთილის ნაშენები სახლ-კარი ახლებურად გამართა და დღეს საზოგადოებას ღირსეულად ემსახურება. სწორედ მასზე უთქვამს ვაჟას: „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“.
კარგ შთამომავლობაში ხარობს ამაგდარი ქალბატონი, მაგრამ გული ჩაწყვეტილი აქვს უთქვენობით. შვილებს კი უმამობას არ აგრძნობინებს.
თვალხატულა გოგონები თავიანთი ბავშვური „შეგნებით იზიარებდნენ“ ოჯახის გასაჭირს. ამიტომ მათი ყოველდღიურობა ჩრდილებით იყო სავსე. დღეს თქვენი დიდი ოჯახი დახუნძლულია შვილიშვილებით. თქვენ ვერ მოესწარით, მაგრამ ნატვრა აგიხდათ, ორი ვაჟკაცი იზრდება სახელოვანი ბაბუის კერაზე და ამაყოფენ, რომ ზაურ შარიქაძის შვილიშვილები არიან. მსუბუქი იყოს თქვენს მიერ ნატარები ტვირთი და მშობლიური ფარცხნალის მიწა.
ენდი ბუაჩიძე
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ