ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ-ებმა ნოემბრის ხელფასებისა და სხვა ხარჯების დასაფარად დამატებით 170 ათასი ლარი მოითხოვეს.

ააიპ-ებისთვის თანხების დასამატებლად საკრებულომ 14 ნოემბერს მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცა.

დამატებითი სუბსიდიების გასაცემად ხიდ-ბოგირების აშენება-შეკეთების თანხას 35 ათასი ლარი მოაკლდა, წყლის სისტემის რეაბილიტაციას – 50 ათასი ლარი, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების მოწყობას – 19,9 ათასი ლარი, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას – 13 ათასი ლარი, სოფლის მეურნეობის დაფინანსებას – 5 ათასი ლარი, სარეზერვო ფონდს – 20 ათასი ლარი, უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტით სწავლებას – 6 ათასი ლარი.

სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაციისა და ინვენტარიზაციის ხარჯები 15 ათასი ლარით შემცირდა, საკრებულოს შრომის ანაზღაურებისა და არაფინანსური აქტივების ხარჯები – 6 ათასი ლარით.

საბიუჯეტო ცვლილების შედეგად,
„ხარაგაულდასუფთავება“ დამატებით 45 ათას ლარს მიიღებს,
„ხარაგაულკეთილმოწყობა“ – 24 ათას ლარს,
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება – 65 ათას ლარს,
კულტურის ცენტრი – 20,3 ათას ლარს,
ცენტრალური ბიბლიოთეკა – 15 ათას ლარს,
ისტორიული მუზეუმი – 700 ლარს.

საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა გაითვალისწინა მათი შენიშვნა, რომ თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯებიდან არ გაწეულიყო.

„არც ერთი დეპუტატი არ მიესალმება და შინაგანად მხარს არ უჭერს ხარჯების შემცირებას იმ ფონზე, როცა სოფლებში პრობლემებია, – აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა, – მაგრამ ააიპ-ებში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების გასაცემად ეს აუცილებელია.“

მისივე თქმით, ამჟამად ინფრასტრუქტურული პროექტების თანხის შემცირება მოსახლეობას არ დააზარალებს, რადგან მათ შესასრულებლად ტენდერების გამოცხადება დაგვიანებულია. ტენდერების ჩატარება რომც მოესწროს, კლიმატური პირობების გამო პროექტები უხარისხოდ შესრულდება.

დეპუტატ კობა გოგსაძის თქმით, გამგეობაში საკმარისი ადამიანი მუშაობს საიმისოდ, რომ წლის დასაწყისში დაგეგმილ სამუშაოებზე ტენდერები დროულად გამოცხადებულიყო.

„მე თქვენი შინაგანი გრძნობის მესმის, მაგრამ ხელფასებში თანხის მიმართვა ნიშნავს იმას, რომ სოფლებში პროექტები ვეღარ განხორციელდება, – ამბობს კობა გოგსაძე, – ვარძიაში გზა, წყალი, ხიდი არ გვაქვს და ამის ხარჯზე რომ ვიღაცამ ხელფასი აიღოს, ვერ დავეთანხმები.“

დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ააიპ-ებში მოქალაქეები არჩევნებში ხმების მისაღებად დაასაქმეს. ახლა კი მათ ხელფასებსაც აკლებენ და რიგ შემთხვევებში სამსახურიდან ათავისუფლებენ.

თორნიკე ავალიშვილს სარეზერვო ფონდიდან თანხების ხელფასებში დახარჯვა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

არარეალური და ცხრა თვეზე დაგეგმილი რომ იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი, კოლეგებს კიდევ ერთხელ ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილმა შეახსენა.

დეპუტატმა ინგა მაღრაძემ ააიპ-ებში გაზრდილ შტატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეები ადგილობრივ ჩინოვნიკთა მითითებებით ინიშნებოდნენ და არა ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე.

მან კოლეგებს შესთავაზა, რომ ააიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასები საკუთარი შრომის ანაზღაურების კლების ხარჯზე გაისტუმრონ.

ნადაბურის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გელაშვილი ამბობს, რომ კარგია, რაც მეტი ადამიანი დასაქმდება, თუმცა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე უარის თქმა მიუღებელია.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის, ინფორმაციით, დეკემბერში ააიპ-ების დასაფინანსებელი თანხა ისევ მოსაძიებელია.

ნინო კაპანაძე

 

sakrebulo-2 sakrebulo-3