დღეს, 14 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

ამ თანამდებობებზე მხოლოდ თითო-თითო კანდიდატი დასახელდა, – საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მანანა ბარბაქაძე, მოადგილის – გივი თხელიძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე – გივი ხიჯაკაძის.

ფარული წესით მათ არჩევამდე დეპუტატებმა იმაზე იდავეს, ბიულეტენში კანდიდატის სახელთან და გვართან ერთად უნდა ყოფილიყო თუ არა „მომხრე“ და „წინააღმდეგი.“

ბიულეტენის ასეთი ფორმულირებით მომზადებას საკრებულოს წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა.

მოგვიანებით დეპუტატებმა გაარკვიეს, რომ საკრებულოს რეგლამენტის 75-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, ბიულეტენში მხოლოდ კანდიდატის სახელი და გვარი იწერება, ხოლო საკრებულოს წევრებმა ის ან უნდა შემოხაზონ, ან გადახაზონ.

საკრებულოს სხდომაზე 31 დეპუტატი ესწრებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში 24 დეპუტატი მონაწილეობდა და მანანა ბარბაქაძის არჩევას 24-ვემ მხარი დაუჭირა.

ფრაქციების „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წევრებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გივი თხელიძე 23 ხმით აირჩიეს.

სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ ვარძიის მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ხიჯაკაძის, არჩევას მხარი 24-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს რესპუბლიკელ თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს დეპუტატებმა იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

ნინო კაპანაძე

sakrebulo