ხვალ, 11 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურებზე იმსჯელებენ.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საკრებულოს რესპუბლიკელ თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს დეპუტატებმა იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე მანანა ბარბაქაძე ასრულებს. გავრცელებული ვერსიით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს სწორედ ის დაიკავებს.

მანანა ბარბაქაძე, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებას ადასტურებს. თუმცა, არც სხვა კანდიდატების წამოყენებას გამორიცხავს.

მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობაში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და ჯერ კიდევ მსჯელობენ.

მანანა ბარბაქაძის არჩევის შემთხვევაში, მოადგილის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი თხელიძეს დაასახელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის თხელიძეს, მისი შესაძლო არჩევის შემთხვევაში.

ორშაბათს, 14 ნოემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატურებს აირჩევენ.

თამთა გოგოლაძე