ხვალ, 4 ნოემბერს, 14 საათზე ხარაგაულის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ვალერი გოგნაძის პოეზიის ერთტომეულის – „ჩემი ლუჯი მარათონი“ – პრეზენტაცია შედგება.

„თქვენს წინაშეა ჩემი ლექსების ერთტომეული, რომელიც დიდი რუდუნებით მომიტანია თქვენამდე, – მიმართავს მკითხველებს ვალერი გოგნაძე ახლადგამოცემული ერთტომეულის შესავალში, – ბევრს შეველიე, უფრო ბევრს – ვერა, რადგან თითოეული მათგანი ჩემი „მეს“ ორგანული ნაწილია.

ნახევარი საუკუნე იწერებოდა ეს წიგნი და სრულად ასახავს ჩემს განვლილ გზასა და ცხოვრებას, რომელიც ზოგჯერ აღმაფრენით – სამშობლოს, ბუნებისა და კაცთა სამყაროს შეცნობის დიდი წყურვილით, სიყვარულისა და სიხარულის ძალუმად ფეთქვით, ზოგჯერ ტკივილით, სევდით თუ წყენით, მაგრამ მაინც იმედით და ხვალის რწმენით მოდიოდა ამ გზაზე.

ამ წიგნს „ჩემი ლურჯი მარათონი“ ვუწოდე, რადგან მიმაჩნია, რომ განვლილი გზა და ამ გზაზე გაფრენილი ჩემი დღეები – ერთი კაცის განვლილი მარათონია, ლურჯი ცის ქვეშ, ლურჯი ფიქრებით და ოცნებებით.

იგი ჩემი შთამომავლობისთვის იწერებოდა  და თუ თქვენს ყურადღებასაც მიიპყრობს და ოდნავ მაინც შეეხება თქვენს გულსა და გრძობას, სამუდამოდ მადლიერი ვიქნები ჩემი ცხოვრებისა” – ამბობს ავტორი.

მკითხველთა მოწონებასა და პოპულარობას ვუსურვებთ ახალგამოცემულ ერთტომეულს. მის ავტორს კი კვლავაც მრავალი საინტერესო ნამუშევარი შეექმნას.

valeri-gognadzea