თქვენი აზრით, რას და როგორ შეცვლის ეს არჩევნები, – ამ შეკითხვით რამდენიმე ხარაგაულელ ამომრჩეველს 30 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, მივმართეთ.

გედსამანიაში მცხოვრები დიასახლისი შორენა რიკაძე არჩევნებზე იმ იმედით მივიდა, რომ მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის, მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალოს.

„იქნებ დიასახლისებიც დაგვასაქმონ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ამ იმედით მოვედი არჩევნებზე,“ – ამბობს შორენა.

ramaz-rikadze

ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამა, გედსამანიელი რამაზ რიკაძე დარწმუნებულია, რომ მისი არჩევანით შვილების მომავალი უკეთესი გახდება. ის ახალარჩეული ხელისუფლებისგან სოფლის გაძლიერებლად მეტ ზრუნვას ელოდება.

temur-gamcemlidzeბორითელი თემურ გამცემლიძე ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგები მოსახლეობის რეალურ განწყობას არ ასახავს.

„ბევრი დარღვევა-ნაკლოვანება დავინახე, – ამბობს თემურ გამცემლიძე, – ის, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, დიდად გამოსწორებული და შეცვლილი არ არის. ძალიან ძნელია მტკიცებულებების მოპოვება, რადგან მოსახლეობა სოციალური დახმარების მოხსნით დააშინეს. ავტორიტარული რეჟიმების დროსაც კი ხარაგაულში განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად არასდროს დაპირისპირებიან. უბისაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ცემის ფაქტი უკან გადადგმული ნაბიჯია.“

თემურ გამცემლიძე მიიჩნევს, რომ დემოკრატიული პროცესები ალბათ ცოტა წინ წაიწევს თუნდაც იმიტომ, რომ ამომრჩევლის ზეწოლისა და დაშინების ცალკეულ ფაქტებზე მაინც ხმამაღლა საუბრობენ.

avtandil-tkhelidzea

ავთანდილ თხელიძე ხმის მისაცემად ლაშეში თბილისიდან ჩამოვიდა. ის მომავლისადმი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს.

nino-giorgadze

ხარაგაულში მცხოვრები ნინო გიორგიძე ამბობს, რომ მოსახლეობის ყველა გულისტკივილი და პრობლემა ახალარჩეულმა დეპუტატმა და გამგებელმა მაღალი ტრიბუნიდან უნდა გააჟღეროს.

„ჩემმა რჩეულმა ოჯახების ყოფითი პრობლემების გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე უნდა იზრუნოს,“ – ამბობს ნინო გიორგიძე.

tamar-tabatadze

ხარაგაულელი თამარ ტაბატაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ყველა სფეროსა და მიმართულებას განვითარება სჭირდება.

„იმედი მაქვს, უკეთესობისკენ შეიცვლება მდგომარეობა და პოლიტიკოსები მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს შეასრულებენ,“ – ამბობს თამარი.

ნინო კაპანაძე