ქუთაისში, ახალგახსნილ ჩაის სახლში „ფოე-ფოე“ ახალგაზრდა პოეტთა კონკურსი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. შემოქმედებითი საღამო
იმერეთის რეგიონის ახალგაზრდა პოეტების შეკრების, პოპულარიზაციისა და მათი ლექსების პრეზენტაციის მიზნით მოეწყო. ორგანიზატორთა განმარტებით, რაც შეიძლება კარგი და თბილი ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის სამსახურებს შორის.
კონკურსის დაწყებამდე ჟიური სამი გამარჯვებულის გამოვლენას გეგმავდა. კონკურსში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონკურსში მონაწილე პოეტთა ლექსები წაიკითხეს არა მხოლოდ თავად ავტორებმა, არამედ საღამოს მონაწილეებმაც. „სიმბოლურია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა ხდება სწორედ ქუთაისში, – ითქვა საღამოზე, – მეოცე საუკუნე ხომ იმერეთში კულტურული აყვავებისა და აღორძინების ხანა იყო. დღესაც, ახალი სიტყვის, ფორმისა და სახის ძიების პროცესში ჩვენმა მხარემ ქართულ პოეზიაში თავისი სიტყვა უნდა თქვას.“
ჟიურის წევრების – რადიო „ძველი ქალაქის“ დამფუძნებელ ქეთევან ბერძენიშვილის, პოეტ გიორგი შალამბერიძისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძის გადაწყვეტილებით კონკურსანტთაგან გამოვლინდა არა პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები, არამედ დასახელდა სამი საუკეთესო ახალგაზრდა პოეტი: მირანდა ღლონტი, გიორგი გოგოლაძე და უჩა ჩირგაძე. მათ სამინისტროსგან გადაეცათ საჩუქრები. ჟიურის სიმპათიის პრიზი გადაეცა თათია არაბიძეს. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომებით.
ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი: „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. სასიამოვნოა, რომ ყურადღება მიექცა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც პოეზიით არიან გატაცებულნი. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება. ამ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ წახალისება. სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება გაიმართა იქ, სადაც პოეზიის აკვანი დაირწა, სადაც ცისფერყანწელები ცხოვრობდნენ და პოეზიის მუზები მეფობდნენ. აღფრთოვანებული და გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენი გიორგი გოგოლაძე მოხვდა გამარჯვებულთა სამეულში. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა ახალგაზრდა ადამიანისათვის.“
გთავაზობთ იმერეთის ახალგაზრდა პოეტთა კონკურსში გამარჯვებული ხარაგაულელი გიორგი გოგოლაძის ორ ლექსს – „ბაბუაჩემი“ და „ქალბატონი წარსულიდან“
ბაბუაჩემი
ისევ მოვედი მე შენს სურათთან
კვლავაც დამყურებ მაღლით,
კვლავაც მომისმენ, როგორც ყოველთვის,
დღეის ცხოვრებით დაღლილს.
ბაბუ, შენს ნასწავლებს სხვაგვარად ვსწავლობ,
ხანდახან იცი, ცოცხლად მყოფს გნატრობ,
რამდენი ხანი იყავი მარტო
დიდო ბაბუის დიდო სურათო,
ბაბუ, ვერას გეტყვი მე შენ აზრიანს და
ვიცი გაბრაზდები მაინც,
ჩოხა ყმაწვილკაცებს აღარ გვაცვია და
აღარც ფასი ადევს მანდილს,
ბაბუ, ქართველკაცებს მოდა აგვყოლია
ჯერაც ევროპულად მოგვსდევს,
იცი? ხარ-ურემიც არ მყოლია,
ვეღარ მოვუბრუნდი სოფელს,
ბაბუ, შენი გორდაც მუზეუმშია და
ალბათ შემოსწყრები დამდებს,
მამას ერთი თვის წინ, თურმე უცვნია და
ხვალ ზეგ დირექტორი გვაძლევს.
ვიცი, ვერ მოვხედე, ჰოდა ვგულისდები,
ვფიქრობ დავუბრუნდე სოფელს.
ბაბუა, შენს სახლს უცხო ტურისტები
იცი? – ეძახიან ჰოტელს.
მთლადაც ნუ დაგვძრახავ ბაბუაჩემო და
მართლა აღარ არის ის დრო,
მალე ჩავალაგებ, ბაბუა, ჩემოდანს და
ცოლ-შვილს წამოვიყვან – ვფიქრობ….
ქალბატონი წარსულიდან
თქვენ ამბობთ, რომ მართლა გინდათ,
რომ გაგაცნოთ პოეზია,
გინდათ, გაიგოთ, როგორ ვწერ
ან რატომ მოსწონთ გოგონებს.
ამ დროს რა ხდება ჩემში,
ან ქალბატონო, თქვენში,
რა არის თქვენი მიზანი,
მე მგონი, მე თქვენ გიცანით.
თქვენ ის არა ხართ, მაშინ
რომ დამიკარით ტაში?
ჩემს პოეზიას იცნობთ
და ლექსებს მიტომ ითხოვთ.
მე კი მაშინაც გიცანით,
დარბაზში ტაშს რომ მიკრავდით,
რომ ბობოქრობდით ხალხში,
დარდი შეგატყვეთ ხმაში.
ბავშვი იყავით მაშინ,
ახლა შესულხართ ხანში,
თუ გახსოვთ, მე თქვენ გითხარით,
რომ სადღაც ნანახი მყავდით –
ვერ გაგიხსენეთ იმ დროს
და თქვენ გეწყინათ თითქოს.
შეტრიალდით და წახვედით,
მახსოვს, მიწოდეთ თავხედიც.
მე არ მეცალა თქვენთვის,
განვაგრძე თხრობა ლექსის.
როცა საღამო დამთავრდა,
დარბაზში ხალხიც გათავდა,
არვინ არ მყავდა ირგვლივ
დაღლილს და წასულს ფიქრში –
ის ქალბატონი ვინ იყო?
თან მეცნობოდა თითქოს
მისი სახე და ხმა – ღიმილისფერი თმა
როგორ არ მახსოვს, ღმერთო,
რომ გამახსენო, შენ გთხოვ…
მისი ლამაზი თვალები,
ნაცნობი და თან ახლები…
ღმერთო ჩემო, გამახსენდა!
გამახსენდა, ჰო, ის არი –
ჩემი ძველი სიყვარული,
ჩემი გოგო ვერ ვიცანი.
მახსოვს, მიყვარდა როგორ
ცისფერთვალება გოგო,
მაშინ ორივე ვბავშვობდით…
არ მახსოვს, როგორ დავშორდი.
დარბაზში ვზივარ მარტო,
მოგონებები მორჩა.
რაღაცა კიდევ მახსოვს –
ჩვენი პირველი კოცნა.
13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ