საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი.
ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია საარჩევნო უბანზე ძალადობის – 1, ხმის ფარულობის დარღვევის – 3, მარკირებული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის – 1, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის – 1, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების – 7, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის -1, არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის – 2, და მარკირების პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ 15:00 საათისთვის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  #51 ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ბაღდათი) ამომრჩეველმა ბიულეტენი რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზა.
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია  34 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 19, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 18 საჩივარი.