„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ააიპ ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ლევან ჭყოიძე დაგვიკავშირდა.

მისი ინფორმაციით, ამ ააიპის დირექცია მასთან 2016 წლის მანძილზე ყოველ თვეში ახალ ხელშეკრულებას აფორმებდა და ყოველ ჯერზე ხელფასს აკლებდა.

21 ოქტომბერს კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ლევან ჭყოიძე მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს დავით გელაშვილს მივმართეთ.

-ლევან ჭყოიძე შიდა მეურნეობის სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა, – განმარტავს დავით გელაშვილი, – მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულება. რამდენჯერმე ხელფასი დავაკელი. ბოლოს კი იძულებული გავხდი, სამსახურიდან გამეთავისუფლებინა.

-რამდენი თანამშრომელია ააიპ სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრში?

-ააიპ-ს სულ 48 თანამშრომელი ჰყავს. მათ რიცხვში შედიან მწვრთნელები, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ წრეებს ხელმძღვანელობენ. თერთმეტი უფასო წრე მოქმედებს.

ხარაგაულში ფეხბურთის წრის მწვრთნელები არიან გოჩა გელაშვილი და ავთანდილ ლომსაძე, ბორითში – სულიკო დონაძე, კიცხში – ჟორა მაჩიტაძე, საღანძილეში – გიორგი მესხი.

ხარაგაულში, ვერტყვიჭალაში, ბორსა და მარელისში კალათბურთის წრეები ფუნქციონირებს გოგონებისა და ვაჟებისათვის (მწვრთნელები გოჩა ბუაჩიძე, სულიკო ჩაგელიშვილი, ნუგზარი კაპანაძე, გიგა ბერაძე, ბეჟანი ჩხეიძე).

ხარაგაულში თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელია რევაზი შერგელაშვილი; სამბოს მწვრთნელი – ზაზა ბერაძე. კიცხში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ვეფხვია გამრეკელაშვილი ასწავლის. ხარაგაულში ჭიდაობა ძიუ-დოს მწვრთნელი ბორის მანჯავიძეა, ბორითში – ლევანი დონაძე, ხევში – სოსო ხაჩიძე,ზვარეში – ივანე ჩაჩანიძე.

ნადაბურსა და ხევში მძლეოსნობის წრეები (მწვრთნელები გიორგი შუბითიძე, მარლენ გრიგალაშვილი) ფუნქციონირებს. ბორში კარატე ტაიკვან-დოს მწვრთნელია დავით არჩვაძე. ხარაგაულში კარატე კუნგ-ფუ სანდას მწვრთნელია ზვიადი კურტანიძე.

ტანვარჯიშის წრეს ნიკოლაი ბუაჩიძე ხელმძღვანელობს. მაგიდის ჩოგბურთს მოსწავლეებს ივანე გოგოლაძე ასწავლის. ხარაგაულის სპორტულ დარბაზში სულ 149 მოსწავლე ვარჯიშობს, მუნიციპალიტეტის სოფლებში – 191 მოსწავლე.

იანვრიდან თქვენს ააიპ-ში თანამშრომლების ხელფასები შემცირდა. რით იყო ეს განპირობებული?

-ხელფასი იმ თანამშრომლებს შევუმცირეთ, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. გამოთავისუფლებული თანხით სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში ხარაგაულელი სპორტსმენების მონაწილეობა დავაფინანსეთ.

რამდენი ლარით განისაზღვრა თქვენი ორგანიზაციის 2016 წლის ბიუჯეტი და რა თანხა მიიღეთ ბიუჯეტიდან გასულ წელს?

-2015 წლის ბიუჯეტი 235 ათასი ლარით განისაზღვრა. წელს ჩვენი ააიპ-ის ბიუჯეტი 215 ათასი ლარია. წლის ბოლომდე ხარჯებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარის დამატება გვესაჭიროება.

სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრში გვაქვს ტრენაჟორები. ტრენაჟორების მომხმარებელი თვეში 30 ლარს იხდის. ეს არის ჩვენი ააიპ-ისთვის დამატებითი შემოსავალი. გასულ წელს ტრენაჟორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 4 332 ლარი შეადგინა. წელს, ჯერჯერობით, – 1 400 ლარია.

ბატონო დავით, თქვენს ააიპ-ს წელს, ხარაგაულის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სპორტსმენების წახალისებისთვის 6 ათასი ლარი გამოეყო. რომელი სპორტსმენები წაახალისეთ?

-წარმატებულ ხარაგაულელ სპორტსმენებს – თედო ებანოიძეს, ზაურ ბერაძესა და ლაშა გიგაშვილს ერთჯერადად 1000-1000 ლარი გადავურიცხეთ. დარჩენილი თანხით სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კარატის წრე დავაფინანსეთ. წარმატებული სპორტსმენების წახალისება მომავალი თაობისთვის ერთგვარი სტიმულია.

გვიამბეთ სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის მოსწავლეების წარმატებებზე.

-გასულ წელს ხარაგაულის სპორტულ დარბაზში კალათბრუთში იმერეთის პირველობა გაიმართა. პირველი ადგილი გოგონებს შორის ჩვენმა გუნდმა დაიკავა, ხოლო ვაჟები მესამე ადგილზე გავიდნენ. საერთაშორისო ტურნირის წარმატებული მოჭიდავეა ევსემი შველიძე.

წარმატებული მწვრთნელია ზვიად კურტანიძე, რომლის მოსწავლეები არაერთი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულები არიან.

ფეხბურთის წრის მოსწავლეები ამხანაგური შეხვედრებიდან ყოველთვის გამარჯვებულები ბრუნდებიან. იმერეთის ან დასავლეთ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატებში მონაწილეობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში ვმონაწილეობთ.

ამ წარმატებების მიუხედავად, აუცილებელია მეტი მონდომება როგორც მწვრთნელების, ასევე მოსწავლეების მხრიდან.

სპორტის მიმართ მოსწავლეების დაინტერესება შემცირდა. თანამედროვე ახალგაზრდობა უპირატესობას კომპიუტერულ და სატელეფონო თამაშებს ანიჭებს.

-მეტი დაფინანსების პირობებში რას შეცვლიდით და როგორ?

-სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრში შეთავსებით მომუშავე მწვრთნელის საშუალო ანაზღაურება 250 ლარია. იმ მასწავლებლების კი, რომლებიც ჩვენთან ძირითად შტატში მუშაობენ, – 300 ლარი. მეტი დაფინანსების შემთხვევაში იმ მწვრთნელებსა და მოსწავლეებს წავახალისებდი, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებებს აღწევენ.

მეტი დაფინანსებით სხვადასხვა შეჯიბრებებში ჩავერთვებით, რაც ჩვენი მოსწავლეებისათვის დამატებითი სტიმული იქნება.

თამთა გოგოლაძე