საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა და პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია EDUKATOR–ი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით აჭარის, იმერეთისა და სამეგრელოს რვა მუნიციპალიტეტში ახორციელებენ პროექტს „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა.“

ამ პროექტის ფარგლებში სექტემბერში ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის, ხოლო ნადაბურში 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების ინტეგრირებული ჯგუფი ამოქმედდა.

16-22 ოქტომბერს ხარაგაულის, ხულოს, ქედას, შუახევის, ბაღდათის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებების ხელმძღვანელები, ამ პროექტის ფარგლებში, გამოცდილების მისაღებად პოლონეთში იმყოფებოდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ირმა სებისკვერაძე გვიამბობს, რომ საბავშვო ბაღების საქმიანობას დედაქალაქში, – ვარშავასა და ქალაქ ლომჟაში გაეცვნენ. მისი ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება პოლონეთში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების პრიორიტეტია, – პოლონეთში სკოლამდელ აღზრდაზე ყოველწლიურად 6-7 მილიონი ევრო იხარჯება.

-პოლონეთში, საქართველოსგან განსხვავებით, საბავშვო ბაღები ფასიანია, – ამბობს ირმა სებისკვერაძე, – მშობელი კვების თანხას იხდის იმ შემთხვევაში, თუ სურს, რომ მისი შვილი საბავშვო ბაღში გამოიკვებოს.

ბაღში აღსაზრდელთა მიღება დილის 8-ის ნახევარზე იწყება. მშობელს ნებისმიერ, მისთვის სასურველ დროს, შეუძლია ბავშვი ბაღიდან წაიყვანოს. საბავშვო ბაღებში ყველაფერი მშობლის მოთხოვნის შესაბამისად იგეგმება და ხორციელდება.

ვიყავით ახალამოქმედებულ საბავშვო ბაღში, რომელსაც „ყვითელი სპილო“ ჰქვია. საბავშვო ბაღი ავეჯის ფაბრიკაში დასაქმებული მშობლების მოთხოვნით აშენდა და ჩამოყალიბდა.

ჩვენი სტუმრობის დღეს ერთ-ერთ ბაღში ყველა ჯგუფს ჰქონდა „პურის დღე“ და ახალგამომცხვარი პური დაგვახვედრეს. ძალიან შთამბეჭდავი იყო ის, რომ შენობის ჰოლი ქართული ეროვნული დროშებით მოერთოთ. აქტივობის, – „აპლიკაცია“ ფარგლებში კი ქართული დროშები დაეხატათ.

პოლონეთის საბავშვო ბაღებში შშმ აღსაზრდელებისთვის თერაპიის ოთახი ფუნქციონირებს. პროცედურები ბავშვს ყოველ მეორე დღეს ექიმის კველევისა და მეთვალყურეობის მიხედვით უტარდება.

ერთ ბაღში შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი მარილის ოთახი მოვინახულეთ. იქ პროცედურები მარილით ტარდება. შშმ აღსაზრდელებისთვის პროექტებს ევროკავშირი აფინანსებს.

ყველა საბავშვო ბაღში ექიმი და ფსიქოლოგი ჰყავთ. მათ ყოველწლიურ გადამზადებაზე თვითმმართველობა ზრუნავს. მთელი აქცენტი აღმზრდელებისა და ბავშვების განვითარებაზეა გადატანილი და ამ კუთხით ფინანსებს არ იშურებენ.

პოლონეთის საბავშო ბაღებში აღსაზრდელებს იმ ოთახში ასადილებენ და აძინებენ, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს.

საინტერესოა სასწავლო პროექტები, რომელთა ნაწილს, ვფიქრობ, რომ ხარაგაულის საბავშვო ბაღებში დავნერგავ. სააღმზრდელო აქტივობაში მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად ეზოს აქტივობები აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება ფიზიკურ აღზრდას ეთმობა.

ირმა სებისკვერაძე აბობს, რომ პოლონური გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში ახალი აქტივობების დანერგვა აღსაზრდელების განვითარებაზე უნდა აისახოს.

„მსურს, რომ სასკოლო მზაობისა და შერეული ასაკის ჯგუფები იმ სოფლებშიც შეიქმნას, სადაც ცოტა რაოდენობის ბავშვი ცხოვრობს. ეს აუცილებელია სოფელსა და ქალაქში მცხოვრები ბავშვების თანაბარი განვითარებისთვის,“ – ამბობს ირმა სებისკვერაძე.

ირმა სებისკვერაძე განსაკუთრებულ მადლიერებას მათი სასწავლო ვიზიტის პროგრამის ხელმძღვანელის, მაჟენა რაფალკას მიმართ გამოხატავს.

„კივიტას გეორგიკას“ პროექტის კოორდინატორი ალექსანდრე კალანდაძე იმედოვნებს, რომ პროექტში ჩართული საბავშვო ბაღების დირექტორები პოლონურ გამოცდილებას მუნიციპალიტეტებში წარმატებით დანერგავენ. მისი თქმით, პოლონური სკოლამდელი აღზრდის სისტემის დეტალურად გაცნობის საშუალება სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს ნამდვილად ჰქონდათ.

ალექსანდრე კალანდაძე ამბობს, რომ „კივიტას გეორგიკა“ ალტერნატიული და სასკოლო მზაობის ჯგუფების შექმნის პროექტს აგრძელებს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტები მხოლოდ დონორების იმედად არ უნდა იყვნენ. „ჩვენი პროექტის ამოცანა იყო, რომ თვითმმართველობებისთვის ასეთი მოდელების ეფექტურობა გვეჩვენებინა, – ამბობს ალექსანდრე კალანდაძე, – ახლა უკვე ჯერი მუნიციპალიტეტებზეა, – რა პოლიტიკას განსაზღვრავენ და რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ასეთი ჯგუფების შექმნას იმ სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღების ამოქმედება ვერ ხერხდება. ასეთი ვალდებულება თვითმმართველობას კანონითაც ეკისრება, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებს შესაბამისი სერვისები მიაწოდოს.“

აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის ჯგუფში 9 სკოლამდელია, ხოლო ნადაბურის შერეული ასაკის ჯგუფში – 16 აღსაზრდელი.

დატრენინგებული აღმზრდელები სპეციალური სამუშაო პროგრამითა და გეგმით მუშაობენ. შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას კი ყოველთვიურად „კივიტას გეორგიკას“ უგზავნიან, რომელიც ერთი წლის მანძილზე პროექტის მონიტორინგს განახორციელებს. ამ ჯგუფებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი „კივიტას გეორგიკას“ შეძენილია. ამ ჯგუფებში სწავლება თანამედროვე მეთოდით, – თამაშებით მიმდინარეობს. სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა სამ საათს გრძელდება. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში გახსნილი სასკოლო მზაობის ჯგუფის წევრი აღსაზრდელებისთვის გაერთიანების ადმინისტრაციამ კვება დაამატა.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი იმედოვნებს, რომ 2017 წელს ნადაბურში საბავშვო ბაღი აშენდება და ამოქმედდება.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ხარაგაულისა და ბაღდათის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებების ხელმძღვანელები ირმა სებისკვერაძე და ნინო გრძელიძე პოლონურ საბავშვო ბაღში