ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებმა საბავშვო ბიბლიოთეკაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 176 წლისთავი აღნიშნეს.

140 წლის წინ, საკუთარ დაბადების დღეზე, 1876 წლის 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილმა თავის მიერ შექმნილ, წერა-კითხვის შემსწავლელ წიგნს „დედა ენა“ უწოდა.

დღესვე 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც თანამედროვე საბავშვო მწერლების, მარიამ წიკლაურისა და ირმა მალაციძის ინიციატივით, „ქართული საბავშვო წიგნის“ დღე დაარსდა.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის (დირექტორი მარინე ხვედელიძე) მეხუთე კლასელებმა დამსწრეთ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, „დედა ენის“ შექმნის ისტორია უამბეს, „დედა ენაში“ შესული მოთხრობები და ლექსები წაიკითხეს.

„დიდი მადლობა დალი მასწავლებელო, ძვირფასო მოსწავლეებო, რომ ბავშვობაში დაგვაბრუნეთ, – მიმართა ღონისძიების მონაწილეებს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მზია კვინიკაძემ, – იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში“ შესული ყველა ნაწარმოები აღმზრდელობითი და შემეცნებითი შინაარსისაა. იმედია, მათში მოთხრობილი სიბრძნე მთელი ცხოვრება გამოგადგებათ.

„დღევანდელი ღონისძიება მოსწავლეების შესაძლებლობების გამოსავლენად ერთგვარი ტესტი იყო, – აღნიშნა ღონისძიების ავტორმა, მეხუთე კლასის დამრიგებელმა დალი ლურსმანაშვილმა, – მიხარია, რომ მათ ტესტი წარმატებით შეასრულეს.“

ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის წამყვანმა სპეციალისტებმა სოფო ლაცაბიძემ და ლიკა კალანდაძემ მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის პერიოდის საბავშვო მწერლების ბიოგრაფიები და საქმიანობა გაცვნეს, წიგნის მნიშვნელობის შესახებ ანიმაციური ფილმი აჩვენეს.

საბავშვო ბიბლიოთეკაში დაცული, გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოცემული წიგნები და ჟურნალები მოსწავლებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა, საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიებისთვის, დამრიგებელ დალი ლურსმანაშვილს მადლობა გადაუხადეს.

საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს.

ნინო კაპანაძე

sabavshvo_biblioteka-2 sabavshvo_biblioteka-3 sabavshvo_biblioteka-4