ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდები დაიკარგა.

ეს ამბავი #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა და თავმჯდომარემ 22 ოქტომბერს შეიტყვეს.

„მას შემდეგ, რაც ცესკოდან ინფორმაცია მივიღეთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ბეჭდები არჩევნების მეორე ტურზე უნდა გამოგვეყენებინა, საწყობში, საარჩევნო დოკუმენტაციაში, ბეჭდების ძებნა დავიწყე, – გვიამბობს კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე, – არჩევნების ღამეს საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს ვთხოვე, რომ შემაჯამებელი ოქმების ჩემთვის ჩაბარების შემდეგ, ამომრჩეველთა სიები და ჩანაწერთა წიგნები საოლქო კომისიის იმ წევრისთვის ჩაებარებინათ, რომელსაც ეს დაევალებოდა. ბეჭდების ჩაბარების შესახებ არაფერი მითქვამს.“

მაყვალა სულაქველიძე ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კომისიის თავმჯდომარეებს ბეჭდების ჩაბარებაც მოსთხოვა. ამიტომ ჩანაწერთა წიგნები და ამომრჩეველთა სიები ბეჭდებთან ერთად საოლქო კომისიის წევრმა დერეფანში ჩაიბარა, ყუთში ჩააწყო და იქვე დატოვა.

კომისიის მდივანი ვარაუდობს, რომ ბეჭდები არჩევნების მეორე დღეს, დღის განმავლობაში დაიკარგა. მისივე თქმით, ბეჭდების ამღებმა პირმა იცოდა, რომ მათი მეორედ გამოიყენება შეიძლებოდა.

„ბეჭდები ჩვენი დისკრედიტაციისთვის მოიპარეს. ვფიქრობ, მე და კომისიის თავმჯდომარეს სერიოზული სასჯელი გველოდება,“ – ამბობს მაყვალა სულაქველიძე.

მაყვალა სულაქველიძის ინფორმაციით, #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის უბნებისთვის ახალი და აბსოლუტურად განსხვავებული ბეჭდები დამზადდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა განმარტავს, რომ გამოძიება დაწყებულია

სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას. კანონის თანახმად, ასეთი ქმედება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საგამოძიებო ღონისძიებებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის ხარაგაულის პოლიციის განყოფილება აწარმოებს.

ნინო კაპანაძე