დაბა ხარაგაულში, ჩხერსა და ლეღვანში გზის დამცავი კედლების მშენებლობა და გედსამანიის სამკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია შეჩერებულია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადა ამოეწურა.

მალხაზ ფხალაძე გვიყვება, რომ შპს „დალა 73“ ფინანსურად გამართული კომპანია არ არის. ორჯერ მას უამინდობის გამო სამუშაოების შესრულების დრო გადაუვადდა. რადგან კომპანია აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მალხაზ ფხალაძის თქმით, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაწესდება.

„ახლა იძულებული ვართ, ხარჯთაღრიცხვაში შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოები გავმიჯნოთ და ტენდერი ხელახლა გამოვაცხადოთ, – ამბობს მალხაზ ფხალაძე, – ამ წლის ბოლომდე ახალი გამარჯვებული კომპანია უნდა გამოვლინდეს და ხელშეკრულება გაფორმდეს.“

მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, შპს „დალა 73“-მა ფარცხნალის გზის მობეტონების მეორე ეტაპის სამუშაოები ვადის დარღვევით დაასრულა და დაახლოებით 32 ათასი ლარით დაჯარიმდა. მალხაზ ფხალაძე ამბობს, რომ თავიდან ფარცხნალში შესრულებული სამუშაოს ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ იყო. „სერიოზული მუშაობა და ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ შემსრულებელს ხარისხი გაეუმჯობესებინა,“ – ამბობს მალხაზ ფხალაძე.

რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულში შვიდი პროექტი დაიგეგმა და ხუთი განხორციელდა. შვიდივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 036 988 ლარია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ამ პროექტებზე 101 850 ლარი დაიხარჯა.

ეს პროექტებია: უბისა-ღორეშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სოფელ უბისას საავტომობილო ხიდიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე;

ხარაგაულის #2, ხევის, მოლითის, ღორეშისა და წიფის საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია;

ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია ბაზალეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან ღარიხევის გადასახვევამდე.

რატომ ფერხდება სოფლის მხარდაჭერის პროექტების შესრულება ხარაგაულში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 685 310 ლარი გამოეყო. მოსახლეობასთან შეთანხმებით 204 პროექტი შეირჩა. 118 ათასი ლარი კიცხის საზოგადოებრივი სახლის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას მოხმარდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, 204 პროექტიდან 138 პროექტი დასრულდა. 45 პროექტი მალე დასრულდება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან შერჩევა-შეფასების პროცესი 15 პროექტზე მიმდინარეობს. 6 პროექტის შესასრულებლად განმეორებითი ტენდერი გამოცხადდა.

მალხაზ ფხალაძე გვიყვება, რომ წინა წლებში ამ დროისთვის სოფლის მხარდაჭერის პროექტები დასრულებული იყო. ხელისშემშლელ ფაქტორად ის მთავრობის განკარგულებაში მითითებულ მოთხოვნას მიიჩნევს, რომლის თანახმადაც, ყველა პროექტის შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა.

„სამწუხაროდ, ტენდერით ისეთი კომპანიები გამოვლინდნენ, რომლებიც არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ, – ამბობს მალხაზ ფხალაძე, – მაგალითად, ლაშისა და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ბეტონის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო. გამარჯვებულ კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებებს ვადა ისე გაუვიდა, რომ შემსრულებელი ობიექტზე არ გამოჩენილა. კომპანია დაჯარიმდა, ხელშეკრულება შეუწყდა და ტენდერი თავიდან გამოცხადდა.“

ფოტოზე: მალხაზ ფხალაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სამსახურის მიერ გაწეული ანგარიში წარუდგინა