სამუსიკო სტუდია „ჰარმონიასთვის“ მეთხუთმეტე სასწავლო წელი დაიწყო. მეშვიდე წელია, რაც „ჰარმონია“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან ფუნქციონირებს. რა გამოწვევების წინაშე დგას ეს სამუსიკო სტუდია და ზოგადად, რა პრობლემებს ხედავს მუსიკის სწავლების მხრივ, – ამ თემაზე სასაუბროდ „ჰარმონიას“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ციური ბლუაშვილს მივმართეთ.

-ამჟამად ჩვენს სტუდიაში მუსიკალურ განათლებას, ფორტეპიანოსა და ვოკალის განყოფილებებზე, ხარაგაულსა და ვერტყვიჭალაში 28 მოსწავლე ეუფლება, – გვიამბობს ქალბატონი ციური, – ვოკალურ განყოფილებას პედაგოგი ნანა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს. ვერტყვიჭალაში ფორტეპიანოს პედაგოგი გულნაზი აბრამაშვილი ასწავლის.

სტუდია „ჰარმონია“ წლების წინ მხოლოდ მოსწავლეთა ფულადი შემონატანით არსებობდა. ამჟამად თანადაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ვიღებთ. ბოლო პერიოდში სუბსიდირება გაიზარდა, თუმცა „ჰარმონიას“ პედაგოგთა სახელფასო ანაზღაურება გაწეული შრომის ტოლფასი ვერ არის.

წლების მანძილზე კომფორტული სამეცადინო ოთახი არ გვქონდა. ორი წლის წინ პოლიციის ყოფილ შენობაში სამი ოთახი გამოგვიყვეს. აქედან ერთი ოთახი ვეტერანთა კავშირს დავუთმეთ. კარგი იქნება, პატარა საკონცერტო დარბაზიც რომ გვქონდეს მოსწავლეებისა და მშობლებისთვის დახურული კონცერტების საჩვენებლად.

2007 წლიდან ქუთაისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ორკესტრთან ერთად რეპეტიციებისთვის მოსწავლეთა ქუთაისში ტრანსპორტირებას ადგილობრივი ბიუჯეტი გვიფინანსებს. გასულ სასწავლო წელს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტის გამართვის ხარჯები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარა. კარგი იქნება, თუ ეს წელსაც მოხერხდება. სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართულ კონცერტებზე ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის რთულ საფორტეპიანო კონცერტებს ასრულებენ.

რაც შეეხება ვოკალურ მასალას, ის, რასაც ნანა ლურსმანაშვილი აკეთებს, ურთულესი და უნიკალურია, – ერთხმიან სიმღერას სამ და ოთხხმიან ანსამბლებად გარდაქმნის, რაც ფონს აძლევს  წამყვან სოლისტს. ნანა ლურსმანაშვილი ვოკალისტთან თითოეულ ბგერაზე ინდივიდუალურად მუშაობს. მისი ანაზღაურება ნამდვილად არ შეესაბამება იმ კოლოსალურ შრომას, რასაც მისთვის ძვირფასი და საყვარელი საქმისთვის სწევს.

nana-lursmanashvili

სტუდია „ჰარმონიას“ სწორი მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენი მოსწავლეები – მადონა შველიძე და ნინო ავალიშვილი კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ემზადებიან. ისინი გასულ წელს თბილისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხნენ, სადაც მუსიკალური საგნების ცოდნითა და შესანიშნავად დამუშავებული ხმით იქაური პედაგოგების მოწონება, აღფრთოვანება და გაკვირვებაც კი გამოიწვიეს.

ამ სასწავლებელში რეგიონებიდან მოსწავლე, კლასიკურად ასე დამუშავებული ბგერით, თითქმის არავინ მისულა. ნიჭიერთა ათწლედის პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ ეს შესაძლებელი ყოფილა ისეთ პატარა მუნიციპალიტეტში, როგორიც ხარაგაულია.

ჩვენი სტუდიის მოსწავლეები თითქმის ყოველ წელს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საოპერო სპექტაკლების პრემიერების მოსასმენად, მიგვყავს. 2014 წელს ვერდის ოპერა „ტრავიატა“ მოვისმინეთ, გასულ წელს – „აბესალომ და ეთერი“. წელს „დაისის“ პრემიერა იგეგმება და ჩვენს მოსწავლეებს აუცილებლად წავიყვანთ.

2013 წელს ახალგაზრდა ქართველ პიანისტს, ანა ყიფიანს, დიდი სიამოვნებით მოვუსმინეთ. ის უამრავი კონკურსის გრან-პრის მფლობელი და ამჟამად მოსკოვის კონსერვატორიაში პროფესორ ელისო ვირსალაძის სტუდენტია.

სტუდია „ჰარმონია“ წელს ცხრაწლიან მუსიკალურ სასწავლებლად გადაკეთდა. გაისად ვგეგმავთ, ათწლედად გადავაკეთოთ. მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს, თუ ამის მონაცემები და შესაბამისი ცოდნა აქვს, კონსერვატორიაში ჩაბარების უფლება ენიჭება.

მოსწავლეთა სწავლებაში ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი. თუმცა ეს მხოლოდ ხარაგაულის კი არა, უფრო გლობალური პრობლემაა.

საქართველოში მუსიკალური ტექნიკუმები დაიხურა. ადრე თუ ტექნიკუმის დიპლომი სამუსიკო სკოლაში სწავლების უფლებას ანიჭებდა, ახლა ამ უფლების მოსაპოვებლად ახალგაზრდამ აუცილებლად კონსერვატორია უნდა დაამთავროს, რაც, ბუნებრივია, არ არის ადვილი.

თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბორჯომში ფუნქციონირებდა მუსიკალური ტექნიკუმები. შესაძლოა, მათი დახურვის გამოც, მუსიკალური ხელოვნებისადმი ინტერესები შემცირდა. თუ ეს მდგომარეობა არ გამოსწორდა, 10-15 წელიწადში მუსიკალური სკოლები ვეღარ იარსებებს.

წინასაარჩევნოდ კანდიდატებისა და პარტიებისგან ბევრი დაპირება მოვისმინეთ, მაგრამ კულტურის სფეროს განვითარება არავის უხსენებია.

საქართველოში, უნიკალური ფოლკლორისა და არაჩვეულებრივი მუსიკალური მონაცემების მქონე ერში, თუ მუსიკის სწავლებისადმი დამოკიდებულება არ გაუმჯობესდა, წლების განმავლობაში მუსიკალური სფერო განადგურდება.

თამთა გოგოლაძე

ფოტოებზე: ციური ბლუაშვილი და ნანა ლურსმანაშვილი მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილებზე