მიროწმინდაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის განახლებული ტაძარი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა.

ტაძრის კურთხევაზე ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) იმყოფებოდა.

მეუფე მელქისედეკის თქმით, მიროწმინდის ტაძარი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, – ამ ტაძარში მონათლულა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით V დევდარიანი და აქვე დიაკვნად უკურთხებიათ.

მიროწმინდის ტაძარში, მეუფე მელქისედეკის კურთხევით, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სამლოცველო სახლის მოძღვარი მამა ანტონი (სულთანიშვილი) მსახურებას შეძლებისდაგვარად ჩაატარებს.

მამა ანტონი მოხარული და ბედნიერია, რომ ხარაგაულში კიდევ ერთი ტაძარი ამოქმედდა.

მიროწმინდის უძველეს ტაძარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი რამდენიმე წლის წინ მიანიჭა.

სააგენტოს წარმომადგენლის, ზაზა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, 2015 წელს პროექტი შედგა, ხოლო 2016 წელს ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა საქართველოს ისტორიულ ძეგლთა გადარჩენის ფონდმა დააფინანსა.

ტაძრის კედლებზე ჯერ კიდევ შემორჩენილი, XIV საუკუნით დათარიღებული უნიკალური ფრესკები რესტავრატორმა დავით გაგოშიძემ გადაარჩინა.

ზაზა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სამშენებლო-სარესტავრაციო კომპანიამ (დირექტორი ირაკლი ანდღულაძე) შეასრულა.

მიროწმინდაში ტაძრის კურთხევას ხარგაულელი მრევლი და დევდარიანების საგვარეულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბაზალეთელი კახა დევდარიანი გვიამბობს, რომ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა, უახლოეს ათ წელიწადში მიროწმინდის ტაძრის აღდგენას.

„წინაპართა სულების სურვილითა და პატრიარქ დავით V დევდარიანის ლოცვით ღმერთმა ინება და ეს ტაძარი აღდგა, – ამბობს კახა დევდარიანი, – ეს ისტორიული კერა ძალიან მაღალი დონის სულიერი ცენტრია.“

კახა დევდარიანი მიიჩნევს, რომ მიროწმინდის ტაძრის აღდგენაში დიდი წვლილი პაატა დევდარიანს მიუძღვის, რომელიც ამისთვის 2009 წლიდან ზრუნავდა.

4

6

5